Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის საკრებულოში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება დაკარგა


გორის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ასეთი ხალხმრავლობა მაშინაც კი არ ყოფილა, როცა ხელისუფლებაში მოსულმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” პირველი სხდომა ჩაატარა. საზოგადოების ინტერესს დღევანდელი სხდომა ქალაქის თვითმმართველობაში განვითარებული მოვლენების გამო იწვევდა. კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა, რასაც იმპიჩმენტების სერია მოჰყვა. გორის საკრებულოს თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს საკრებულოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობამ უნდობლობა გამოუცხადა და თანამდებობიდან გადააყენა. თავმჯდომარის უნდობლობის საკითხი დღის წესრიგში პირველ ნომრად იყო შეტანილი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს კოალიცია “ქართული ოცნების”, ლეიბორისტული პარტიისა და “ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებმა, სულ 7-მა წევრმა. დანარჩენმა 8 წევრმა, ახალმა უმრავლესობამ, - „ქართული პარტიის“, „თავისუფალი დემოკრატების“, „ნაციონალური მოძრაობის“ და დამოუკიდებელი დეპუტატის სახით, - საკრებულოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა. პაპუნა კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პროცესი დემოკრატიულად განვითარდა, თუმცა ამ პროცესის უკან რა იმალება, ეს ცალკე ანალიზის თემაა.

თავმჯდომარის გადაყენების შემდეგ მისმა მოადგილემ ნინო ზურაბიშვილმა თავად გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ და საკითხი კენჭისყრიდან მოიხსნა. ნინო ზურაბიშვილმა პროცესს მოღალეტეების ბინძური პოლიტიკური თამაში უწოდა, რის გამოც შელაპარაკება მოუვიდა ყოფილ თანაპარტიელ იოსებ ფალელაშვილთან. პარტია „ქართული ოცნების“ ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის იოსებ ფალელაშვილის ხმა საიმპიჩმენტო პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნინო ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად პარტიის მოღალატეებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, თუმცა რადიო თავისუფლების კითხვა, ხედავს თუ არა პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პასუხისმგებლობას ამ პროცესში, ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა.

საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი იოსებ ფალელაშვილი კი პასუხისმგებლობას მხარის გუბერნატორსა და ნინო ზურაბიშვილს აკისრებს. მისი აზრით, პარტიაშიც და საკრებულოშიც პროცესი კრიზისამდე ამ ორმა პირმა მიიყვანა და მათ გადადგომას მოითხოვს.

საკრებულოს თანამდებობის პირთა მიმართ უნდობლობის გამოცხადების შემდეგ საკრებულოს სხდომის გაძღოლა უხუცეს წევრს, ვანო ჩხიკვაძეს, დაეკისრა და კენჭისყრაზე კომისიების თავმჯდომარეების უნდობლობის საკითხი გავიდა. საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე 4 კომისიის თავმჯდომარეც გადააყენა. 2 დღეში საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებები დოკუმენტურად გაფორმდება, ამის შემდეგ საკრებულოს ახალი უმრავლესობა რიგგარეშე სხდომას მოიწვევს და საკრებულოს ახალი თავმჯდომარისა და მისი მოადგილის კანდიდატურებს წარადგენს. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები კანდიდატურების დასახელებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს, მოადგილედ კი დამოუკიდებელ დეპუტატს იოსებ ფალელაშვილს დაასახელებენ. იმპიჩმენტების გარდა, საკრებულომ დღეს მანამდე ორჯერ ჩაგდებული 2016 წლის ბიუჯეტი მიიღო. ამ შემთხვევაში ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ოპოზიციამაც მხარი დაუჭირა.

XS
SM
MD
LG