Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკუსია თვითმმართველობებში არჩევითი თანამდებობის პირთა იმუნიტეტის შესახებ


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გორის ოფისში დისკუსია გაიმართა. შეხვედრაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დისკუსია თვითმმართველობის არჩეულ წევრთა იმუნიტეტის საკითხს ეხებოდა. საია ახორციელებს პროექტს „თვითმმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც თვითმმართველობის წევრთა, ასევე არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენელთა გამოკითხვა. კითხვარი რამდენიმე კითხვისგან შედგება და ძირითადად არჩევითი თანამდებობის პირთა იმუნიტეტის საკითხს ეხება. დღევანდელი თვითმმართველობის კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან განსხვავებით, არჩეული მერები, გამგებლები და საკრებულოს წევრები ვერ სარგებლობენ სისხლისსამართლებრივი იმუნიტეტით. ამის მაგალითად თბილისის ყოფილი მერის გადაყენება და დაკავება დასახელდა და ეს სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული, მაშინ როცა პარლამენტის დეპუტატის დაკავება, ჩხრეკა და ა. შ. დაუშვებელია პარლამენტის თანხმობის გარეშე. გარდა ამისა, საკრებულოს შეუძლია დააყენოს არჩეული მერისა და გამგებლის იმპიჩმენტის საკითხი, რაც შესაძლოა სულაც არ ემთხვეოდეს ამომრჩეველთა ინტერესებს და მხოლოდ პოლიტიკური ვითარებით იყოს ნაკარნახევი. მაგალითად, როცა ადგილზე პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციაში წავიდა, გორის საკრებულოში მყოფი მისი თანამებრძოლები ახალი გუბერნატორის კაბინეტში დაიბარეს და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი ზეწოლით განახორციელებინეს. საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ფიქრობს, რომ დღეს არჩეული მერისა და გამგებლის თავისუფლების ხარისხი შეზღუდულია.

საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, არჩევითი თანამდებობის პირთა უნდობლობის საკითხის დასმა მხოლოდ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს. გორის სადისკუსიო კლუბის ხელმძღვანელი რეზო ოქრუაშვილი ამბობს, რომ დაუცველი არჩევითი თანამდებობის პირის თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალი იქნება.

დისკუსია გაიმართა საკრებულოს წევრის, გამგებლისა და მერის გამოწვევის საკითხზეც. იურისტების აზრით, განსაზღვრული უნდა იყოს ის მექანიზმები, რომლითაც უმოქმედო წევრების გამოწვევა იქნება შესაძლებელი. კითხვარში ამ მიმართულებით ლოკალური რეფერენდუმის საკითხიც არის ჩადებული.

ამ საკითხების კვლევის დასრულების შემდეგ საია პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით შევა. იურისტების აზრით, აუცილებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

XS
SM
MD
LG