Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეიდა ნინა ბერლინიდან


ნინა ჰაგენი
ნინა ჰაგენი
დასაწყისისთვის ის პერიოდი გავიხსენოთ, როცა ჩვენი საბჭოთა ყური პირველად გააპატიოსნა ჯენის ჯოპლინის ხრინწიანმა ქვითინმა, „ფარფლების“ გიტარისტის ველურმა სოლოებმა ან თუნდაც “ზეპელინის“ დრამერის მძიმე რიტმ-სექციებმა. მოშიებულნი, მათ მუსიკას ვკმარობდით და, ინფორმაციული ვაკუუმის გამო, არაფერი ვიცოდით, თუ ვინ იყო ეს ხალხი, რა ინტერესები ჰქონდათ ან როგორი ზნე-ხასიათისა ბრძანდებოდნენ. ჰოდა, როგორც მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტს როდიონ სინიცინს ვერ გაერკვია, ვინ ოხერი იყო დეიდა ნინა თბილისიდან, მაშინ ჩვენშიც არავინ უწყოდა ბერლინელი ნინა ჰაგენის, იმავე კატარინა ჰაგენის ავან-ჩავანი. მასზეც იწერებოდა „ჯონ ლენონ, ფაქ იუ“-ს ჟანრის ლეგენდები. მაგალითად, ასეთი: თითქოს მოსკოვის კონსერვატორიაში ეუფლებოდა საოპერო ხელოვნებას. შესაშური კონტრალტოს პატრონი, ნუ იტყვი და, თურმე „სევილიელ დალაქში“ როზინას პარტიას ასრულებდა, თუმცა, სულით პანკს, თავისუფლება სწყუროდა და ერთხელაც გერმანიაში გაქცევა განუზრახავს - საზღვარზე „კალაშნიკოვით“ რამდენიმე საბჭოთა მესაზღვრე გაუგორებია და რემბოსავით სულ სროლა-სროლით გასულა სამშვიდობოს. საბჭოთა კავშირი უშუალოდ გერმანიას რომ არ ესაზღვრებოდა, ბუნებრივია, არც გაგვხსენებია. ლეგენდა რომანტიკულ შტრიხებს მოითხოვდა და ჟანრის საუკეთესო ტრადიციების მიხედვით გავისარჯეთ.



ნინამ თრიაქთან, ბიჭებთან და მუსიკასთან ღლაბუცი საკმაოდ ადრე, 13 წლის ასაკიდან დაიწყო. კონსერვატორიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბერლინის ერთ ტიპიურ საბჭოთა ყაიდის მუსიკალურ სასწავლებელში კი სწავლობდა, სადაც კედლებზე ბახის ფოტოს გვერდს ჰონეკერი უმშვენებდა. სახელწოდებაც „გედეერული“ ჰქონდა: „პოპულარული მუსიკის სტუდია“. სწავლობდა-მეთქი და ცოტა ხამამაღალი ნათქვამი გამომივიდა. სინამდვილეში არაფრის მაქნისი გახლდათ, ზარმაცი და განებივრებული. სკოლაშიც ასევე იქცეოდა. კლასიდან კლასში წვალებით გადადიოდა, თუმცა დედამისის ხათრით მაინც კარგ ნიშნებს უწერდნენ, რადგან ამხანაგი ევა მარია ცნობილი და გავლენიანი მსახიობი გახლდათ - პატივცემული ინჟინრების, ექიმებისა თუ მეცნიერების მსგავსად, საბჭოთა ინტელიგენტის კლასიკური ნიმუში. პატარა ნინას ისიც კი შეუნდეს, ფოტოზე მარქსს რქები რომ მიახატა. აი, მამინაცვალი კი „არასწორად“ მოაზროვნე ტიპი შეხვდა, იდეოლოგიური ერეტიკოსი. მოკლედ, დისიდენტი. „მწვალებლობას“ მანამდე არ მოეშვა, სანამ 1976 წელს ოჯახიანად ქვეყნიდან არ გააძევეს, მუშათა კლასის ღალატსა და ძირგამომთხრელ საქმიანობაში ამხილეს.



ჰოდა, ადრე თუ ნინას კომკავშირულ სიმღერებს ამღერებდნენ, დასავლეთ გერმანიაში გალაღდა. მართალია, ამერიკაში „რამოუნსს“ პანკ-როკული მოძრაობა კარგა ხანია წამოეწყო და „სექს პისტოლსსაც“ გვარიანად გაეხურებინა, მაგრამ დასავლურგერმანული სცენისთვის ეს არაკონფორმისტული, აგრესიული სულისკვეთება მაინც უცხო გახლდათ. სოცბანაკიდან ჩამოსული უცნაური გოგონა პირველი იყო, რომელიც სცენაზე გაბრაზდა და უბერებელ თემებზე აღრიალდა: სექსზე, ნარკოტიკებსა და დაკარგულ თაობაზე - მოკლედ, მსმენელს კონტრელიტარული მუსიკა შესთავაზა, გაბატონებულ შეხედულებებს, ცხოვრებისა თუ ქცევის წესებს დაუპირისპირდა და მუცელამოყორილი, დანაყრებული საზოგადოება გააქილიკა.



ხასიათი მძიმე ჰქონდა. ჯგუფის წევრებთან გაუთავებლად ჩხუბობდა, თავი შეაძულათ და ფსიქიკა დაუზიანათ. ამის გამო დანევროზებული მუსიკოსები ნინასთან ურთიერთობას ერიდებოდნენ და სტუდიაში მის გარეშე მუშაობდნენ ხოლმე, ვოკალის დასადებად ინსტრუმენტალს უმზადებდნენ და ეგრევე თავქუდმოგლეჯილნი გარბოდნენ. მიუხედავად ამისა, კარიერის დასაწყისში ნინა ჰაგენმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო ალბომები შექმნა, რაც კი ოდესმე ჩაუწერია - პირველი სამი-ოთხი დისკი. 1979 წელს, როცა თავისი „აფრიკული რეგეი“ ჩაწერა, გენიოსად, პანკის დედოფლად შერაცხეს, აქაოდა ჯენის ჯოპლინის „დოიჩ“ ვერსია მოგვევლინაო.



დიდი მოლოდინის მიუხედავად, ნინა სოცბანაკში გამობრძმედილი საბჭოთა ადამიანი გახლდათ და ბუნებამ მაინც თავისი გაიტანა - სიზარმაცე და არხეინობა მიეძალა. მომიტევეთ და „ხალტურშჩიკობა“ დასჩემდა. რაღაც სისულეების მღერა დაიწყო, გართობასა და მაიმუნობას მოჰყვა. მისი ალბომების რეიტინგებსაც რომ გადახედოთ, ეს ოხერი ვარსკვლავები ნელ-ნელა უფერულდებოდნენ, წლების განმავლობაში უკუთვლით ცოტავდებოდნენ, სანამ 90-იანების შუაგულში საერთოდ არ გაქრნენ. თუმცა ნინას დიდად არც ეს ადარდებდა. ვიღაც პატარა ბიჭებს მიჰყვებოდა ცოლად, მერე სკანდალით შორდებოდა, უნიათო დისკოს მღეროდა შიზოფრენიული ვოკალური გამოხტომებით. ბოლოს კი სულ მთლად შეიშალა. ჯერ იყო და გაიძახოდა, უცხოპლანეტელებმა მომიტაცეს და ექსპერიმენტები ჩამიტარესო, შემდეგ, ლსდ-ს გამო კომიდან ძლივს მობრუნებულმა, იქ სიყვარული გავიცანიო და მანტრას მისდგა. ალბომიც ჩაწერა "OM Mamah Shivay", რომელიც მეტად უსახო გამოდგა - დაახლოებით ისეთი, ფრანგული შანსონი მეგრულად რომ იმღერო.

ამჟამად ნინა 57 წლის ბრძანდება. ტურნეებს მართავს ხოლმე. კრიტიკოსები ამბობენ, სცენაზე პალეონტოლოგიის მუზეუმში დაცულ, კარგად შემონახულ არქეოპტერიქსს გვაგონებსო, ცნობისმოყვარე მნახველები თავს რომ დახვევიან და მუსიკოსის ფუჭად გაფლანგული პოტენციალი ენანებათ. ამას წინათ სწორედ ერთი ასეთი ლაივი ვნახე - 2010 წლის პარიზის კონცერტი. საკუთარ სიმღერებთან ერთად ქავერებსაც ასრულებს: „დეპეშ მოუდის“, „დორსისა“ და სხვათა ჰიტებს. მაგრად ვისიამოვნე და დასკვნაც გამოვიტანე: მართალია, ჰაგენის მუსიკამ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაკარგა აქტუალობა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არქეოპტერიქსის კვალობაზე ბარე ორ ქორფა კოლეგასაც დაჯაბნის მხნეობითა თუ მეამბოხე სულისკვეთებით.

XS
SM
MD
LG