Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის კრიზისი: გაურკვეველი მომავალი „აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის“


მოლდავეთის დროშა
მოლდავეთის დროშა

მოლდავეთი, რომელიც თავის დროზე ევროკავშირთან დაახლოების მსურველი ქვეყნებისათვის შემუშავებული „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ყველაზე ბეჯითი მოწაფე იყო, ახლა ისეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია ჩაფლული, რომ მოლდავეთი შეიძლება კვლავ მოსკოვის ორბიტაზე დააბრუნოს. მოლდავეთის წარუმატებლობა მწარე გაკვეთილია ევროკავშირისათვის, რომელიც არ აძლევს კავშირში გაწევრიანების გარანტიას „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში დაწინაურებულ ქვეყნებს.

პოლიტიკურ კრიზისს, რამაც მოლდავეთი მოიცვა და რასაც პროევროპული ალიანსის დაშლა მოჰყვა, რამდენიმე მიზეზი აქვს.

ერთ-ერთი პირველია დემოკრატიული ინსტიტუტების სისუსტე და პოლიტიკურ პროცესზე ოლიგარქების გავლენა, ოლიგარქებისა, რომლებიც არ უნდა იზიარებდნენ ბრიუსელის ხედვას კორუფციისა და კანონის უზენაესობის თაობაზე.ეს პრობლემა არსებობს მოლდავეთში, საქართველოსა და უკრაინაში, სამივე იმ ქვეყანაში, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ ბრიუსელთან და ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის დაწინაურებულ ქვეყნებად ითვლებიან.

ამასთან, უმრავლესობა მაგნატებისა, რომელთა დიდმა ნაწილმა სიმდიდრე ფარული სამეწარმეო საქმიანობით დააგროვა, უხვად აფინანსებს, ოფიციალური აღიარებით, ევროპული ფასეულობების ერთგულ მმართველ პარტიებს.

ეს შეიძლება ითქვას მოლდავეთის რიგით მესამე კოალიციაზე, „ალიანსზე ევროპული ინტეგრაციისათვის“, რომელმაც, მოსახლეობის ერთთვიანი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, საკანონმდებლო ორგანოს ნდობის მანდატი ვერ მიიღო და 29 ოქტომბერს დაიშალა, მოლდავეთის მთავრობის პრემიერ-მინისტრს კი, ალიანსში შემავალი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელს ვლად ფილატს, დიდი რაოდენობით სახელმწიფო სახსრების დატაცების ბრალდება წაუყენა ქვეყნის პროკურატურამ, რომელსაც დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ცნობილი მოლდაველი ოლიგარქი ვლადიმირ პლატონიუკი აკონტროლებს.

კორუფციული სკანდალი და პროევროპულ ალიანსში შემავალი პარტიების ლიდერთა ასეთი დაპირისპირება კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში, ხელს აძლევს მოსკოვის კურსის მომხრე პარტიებს,- ამბობს მოლდავეთში შექმნილ კრიზისზე საუბრის დროს შტეფან ფიულე, ყოფილი ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

„პირველ ყოვლისა, ჩვენს შეშფოთებას იწვევს ის, რომ რეფორმების პროცესი არ არის მყარი, მეორეა საზოგადოების პოლარიზება, მესამე კი ოლიგარქებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ, გარკვეულწილად, დემოკრატიული ინსტიტუტების პოლარიზება“, - ამბობს ჩეხი დიპლომატი შტეფან ფიულე, ყოფილი ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში.

ევროკავშირისათვის მოლდავეთის კრიზისი იმითაცაა საყურადღებო გაკვეთილი, რომ ყოველი ახალი მმართველი კოალიციის ფორმირებისას კიშინიოვში კოალიციაში შემავალი პარტიები იყოფენ კონტროლს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ამ პრობლემაზე ევროკავშირის წარმომადგენლები, ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები ყოველთვის ღიად მიანიშნებდნენ მოლაპარაკებების დროს, მაგრამ პრობლემის მოგვარება თავად მოლდავეთის საზოგადოებაზეა დამოკიდებული და არა ბრიუსელზეო,ამბობს შტეფან ფიულე:

„მოლაპარაკებების დროს ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ არსებობს ყველანაირი პირობა და შესაძლებლობა, რომ ჩვენმა პარტნიორებმა თავადვე განსაზღვრონ საკუთარი მომავალი, ჩვენ პარტნიორებს ვერ მოვახვევთ თავს ვერანაირ პროევროპულ თუ სხვა არჩევანს“.

თუმცა ბრიუსელმა მოლდავეთს ყველაზე ადრე შესთავაზა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მნიშვნელოვნად გაუხსნა ევროპული ბაზარი მოლდავურ პროდუქციას და დაეხმარა მოლდაველ მეწარმეებს შეექმნათ ევროპული სტანდარტის კონკურენტუნარიანი პროდუქცია.

მაგრამ ბრიუსელს გარკვეულად არ უთქვამს არც მოლდავეთის, არც უკრაინის და არც საქართველოსათვის, ანუ აღმოსავლეთში პარტნიორობის პროგრამის იმ სამეულისათვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, თუ როდის და რა პირობების შესრულების შემდეგ გახდებიან ისინი კავშირის წევრები.

აქ იგულისხმება ის, რომ ვიდრე ძალიან მკაცრად განსჯიდეს „აღმოსავლეთის პარტნიორობაში“ მონაწილე ქვეყნებს ინტეგრაციის გზაზე ბორძიკით სიარულის გამო, თავად ევროკავშირმაც უნდა გააკეთოს არჩევანი, მართლა სურს თუ არა ახალი წევრების მიღება.

„აუცილებელია იმ ქვეყნებმა, რომლებიც სერიოზულად ემზადებიან ევროკავშირის წევრობისათვის, დაინახონ სინათლე გვირაბის ბოლოს“, - ამბობს შტეფან ფიულე.

ცხადია, იგულისხმება ისიც, რომ მოლდავეთის, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ სისტემური რეფორმირების პროცესს, რათა იმდენად გაუმჯობესდეს ამ ქვეყნების მდგომარეობა, რამდენადაც ეს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის მისაღწევადაა საჭირო.

XS
SM
MD
LG