Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსის სამიტამდე ორიოდე კვირა რჩება


ვილნიუსი
ვილნიუსი
1990-იან წლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ევგენი პრიმაკოვს, სურდა საბჭოთა კავშირის ყოფილი სატელიტი ქვეყანა, პოლონეთი, გაეფრთხილებინა, არ შესულიყო ნატოში. როგორც სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტი იხსენებს, ამ გაფრთხილების ფორმულირებისთვის მან იუმორს მიმართა.

„ჩვენ ვიცით, რომ ვერ შევაჩერებთ ნატოში თქვენს გაწევრიანებას და თქვენც იცით, რომ ჩვენ ვიცით, რომ ვერ შევაჩერებთ ნატოში თქვენს გაწევრიანებას“, - იხსენებდა პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აწ გარდაცვლილი ბრონისლავ გერემეკი, მის სიტყვებს. - „მაგრამ იმის მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ ჩვენ ამ პროცესს სიამოვნებით ვადევნებთ თვალსო“, - უთქვამს პრიმაკოვს.

დღევანდელ დღეს, როცა მოსკოვი ცდილობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, უკრაინა, დაიყოლიოს უარი თქვას ევროკავშირთან ყოვლისმომცველი ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულებათა გაფორმებაზე, კრემლის ტონი იუმორს ნაკლებად ეყრდნობა.

ვფიქრობ, ჩემი ქვეყანა უკრაინის ამ ნაბიჯს ძალიან დიდ ფასს დაადებსო, უთქვამს სერგეი კარაგანოვს, რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ხელმღვანელსა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყოფილ მრჩეველს, „როიტერსისთვის“.

სააგენტოს ავტორი, პოლ ტეილორი, თავის მხრივ, პოზიციას, რომელზეც რუსეთი საბჭოთა კავშირის დანგრევიდან 20 წლის შემდეგ დგას, მეტაფორულად, ფანტომურ ტკივილს ადარებს, რომელსაც ადამიანი ამპუტაციის შემდეგ არარსებულ კიდურში გრძნობს. რუსეთს „ტკივილი ეწყება ყოველ ჯერზე, როგორც კი რომელიმე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე ნაბიჯს გადადგამსო“, - ამბობს ის.
ყველაზე მწვავედ ეს ტკივილი უკრაინასთან მიმართებით იგრძნობა - 46 მილიონამდე მოსახლის მყოლ ქვეყანასთან, რომლის ეკონომიკა 330 მილიარდ დოლარს უტოლდება. უკრაინამ მოსკოვისგან დამოუკიდებლობას მხარი 1991 წელს დაუჭირა, მაგრამ რუსეთის ბევრი მოქალაქე მას თავისი ერის ისტორიულ აკვნად მიიჩნევს.

2008 წელს პუტინმა წარმატებით მოახერხა უკრაინისა და საქართველოს შეფერხება ნატოსკენ მიმავალ გზაზე - გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობამ მაშინ წინაღობა შეუქმნა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მცდელობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებამდე გაფართოებულიყო.

სამწუხაროდ, რუსეთში ეს პროცესი მხოლოდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში აღიქმება - როგორც ევროკავშირის მცდელობა, თავისი გეოპოლიტიკური კუნთები გამოაჩინოს...
სერგეი კარაგანოვი
მაშინ დასავლელ დიპლომატებს შორის გაჩნდა აზრი, რომ რუსეთი ამ ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის უფრო ახლო სამოქალაქო და ეკონომიკური კავშირების დამყარების წინააღმდეგი არ იქნებოდა, მაგრამ ახლა, როცა, 28 და 29 ნოემბერს ვილნიუსში დანიშნული სამიტის ფონზე, უკრაინა, საქართველო და მოლდავეთი ევროკავშირთან ხელშეკრულებების გასაფორმებლად ემზადებიან, მოსკოვის ცივი ომის დროინდელმა ვნებებმა კვლავ გაიღვიძა.

„სამწუხაროდ, რუსეთში ეს პროცესი მხოლოდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში აღიქმება - როგორც ევროკავშირის მცდელობა, თავისი გეოპოლიტიკური კუნთები გამოაჩინოს“, - უთქვამს კარაგანოვს „როიტერსისთვის“.

იმ ქვეყნებზე გავლენის მოსახდენად, რომლებიც, რუსეთისავე ტერმინოლოგიით, მის „ახლო სამეზობლოში“ მდებარეობენ, კრემლი დიდი ხანია იყენებს სავაჭრო სანქციებს და ენერგიის მიწოდების შეწყვეტის მუქარას. კრემლის სურვილია, ევროკავშირის ერთიანი ბაზრისთვის კარის გახსნის ნაცვლად, ეს ქვეყნები რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ საბაჟო კავშირს შეუერთდნენ.

„როიტერსის“ ავტორი პუტინის პოზიციას მაკიაველისტურ პოზიციად მიიჩნევს - მისი შთაბეჭდილებით, პუტინი ამჯობინებს მისი ეშინოდეთ, ვიდრე უყვარდეთ.

სომხეთმა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში გეოგრაფიულად იზოლირებული ქვეყანაა, ზეწოლას ვერ გაუძლო და სექტემბერში განაცხადა, რომ გაწევრიანდება ევრაზიულ საბაჟო კავშირში, რომელიც 2010 წელს რუსეთმა, ბელორუსიამ და ყაზახეთმა დააარსეს. მაგრამ სხვა ქვეყნებში ევროკავშირის „რბილი ძალა“ - მასთან დაახლოებით განპირობებული ეკონომიკური მოგება და პოლიტიკური უპირატესობები - ჯერჯერობით გადასწონის რუსეთის ტლანქ ტაქტიკას, მაგალითად, მოლდავური ღვინისა და უკრაინული შოკოლადის იმპორტის შეწყვეტას ან მუქარას, რომ კიევს ზამთარში კიდევ ერთხელ შეუჩერებს გაზის მიწოდებას.

ვილნიუსის სამიტის მასპინძელმა, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან ინტერვიუში ვითარება ასე შეაფასა:

გარკვეული წრეების მცდელობა ტიმოშენკოს რაც შეიძლება ბევრი ბრალდება წაუყენონ, აშკარაა. ეს უკვე ვნახეთ. ბოლო წლებში მათთან მოლაპარაკებისას ერთიმეორის მიყოლებით ვისმენდით ბრალდებებს. კონკრეტულად რას ეყრდნობა ეს ბრალდებები, ჯერჯერობით გაურკვეველია...
კარლ ბილდტი
„უკრაინა ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არის რუსეთის მხრიდან, რათა არ მოაწეროს ხელი ევროკაშირთან შეთანხმებებს. განსაკუთრებით დიდი ზეწოლაა უკრაინის ეკონომიკაზე, გარკვეული სახის პროდუქციაზე დაწესებული აკრძალვით, რაც რუსეთის მხრიდან ლიტვის რძის პროდუქციის აკრძალვას წააგავს. უკრაინა ზეწოლის ქვეშაა ასევე ენერგომატარებლებზე ფასების მხრივაც და ყველა ეს ზეწოლა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ეს ზეწოლა გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე უკრაინასა და ევროპაში და ასევე გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე - კონკრეტულად, აჩქარებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინამ თავად უნდა მიიღოს“.
„როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირის გავლენიანი წარმომადგენლები ელიან, რომ თუ უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი ვილნიუსში ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, მოსკოვი თავისი მუქარების ნაწილს მაინც აუცილებლად მოიყვანს სისრულეში - თუნდაც, დროებითი ვადით.

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ხელშეკრულების გაფორმება დამოკიდებულია იანუკოვიჩის ნებაზე, ციხიდან გაუშვას თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, იულია ტიმოშენკო, და მას გერმანიაში მკურნალობის უფლება მისცეს.

ევროკავშირის წარმომადგენლები კიევში ტიმოშენკოს განთავისუფლებაზე მოსალაპარაკებლად 26-ჯერ ჩავიდნენ, თუმცა ჯერჯერობით მათ ვიზიტებს შედეგი არ მოჰყოლია.

„გარკვეული წრეების მცდელობა ტიმოშენკოს რაც შეიძლება ბევრი ბრალდება წაუყენონ, აშკარაა. ეს უკვე ვნახეთ. ბოლო წლებში მათთან მოლაპარაკებისას ერთიმეორის მიყოლებით ვისმენდით ბრალდებებს. კონკრეტულად რას ეყრდნობა ეს ბრალდებები, ჯერჯერობით გაურკვეველია. ასეთი საკითხები სასამართლოზე უნდა დამტკიცდეს. სხვა შემთხვევაში ეს, უბრალოდ, არასერიოზულია“, - უთხრა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა რადიო თავისუფლებას.

„როიტერსის“ ცნობით, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ იანუკოვიჩზე ზეწოლას უკრაინის ბიზნესოლიგარქები მოახდენენ და ტიმოშენკოს ბოლო მომენტში გაათავისუფლებენ. ოლიგარქები ევროკავშირის მოკავშირეები არ არიან, თუმცა მათ ევროპულ ბაზრებთან დაშვების პერსპექტივა ხიბლავთ და ეს ინტერესი ამოძრავებთ.
XS
SM
MD
LG