Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიკორსკი-ბილდტის მისია „აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის“


ევროკავშირისა და უკრაინის დროშები
ევროკავშირისა და უკრაინის დროშები
ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე უკრაინამ მეტი უნდა გააკეთოს შერჩევითი სამართლის საკითხთან მიმართებით, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს საქმესაც ეხება. ტიმოშენკოს საკითხი იქნება კიევში შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების კარლ ბილდტისა და რადოსლავ შიკორსკის ვიზიტის მთავარი თემა. მანამდე კი, დღესვე, ევროპელი მინისტრები მოლდავეთში ჩავიდნენ და რუსეთის მხრიდან მუქარის პოლიტიკის უპერსპექტივობაზეც ისაუბრეს. პროგრამა ახალი ევროპა, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტის სამზადისს ეძღვნება.

მაშინ როცა ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო რჩება, ბრიუსელი და კიევი ცდილობენ გადაჭრან უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს საკითხი, რაც აუცილებელი წინაპირობაა უკრაინის ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად, კერძოდ, უკრაინასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.

21 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ამ პრობლემაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა და უკრაინას პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს საქმის მოგვარებისაკენ მოუწოდა:

„მსურს აბსოლუტურად მკაფიოდ განვაცხადო, როგორც ეს არაერთხელ გამიკეთებია, რომ შერჩევითი სამართლის საკითხი - და უნდა აღვნიშნო, რომ აქ უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს საკითხიც იგულისხმება - უკრაინაში მოქმედი მართლმსაჯულების ბუნებასთან დაკავშირებული დიდი პრობლემაა. ჩვენ მყარი პოზიციიდან ვაცხადებთ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას, თუკი უკრაინას ევროკავშირთან უფრო მტკიცე ურთიერთობა სურს. ამ პროცესის კვალობაზე ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა შეისწავლონ ცალკეული პირების საქმეები და შესაბამისი გზები გამოძებნონ მათ გადასაჭრელად. ამაზე უფრო დეტალურად საუბარს არ ვაპირებ გარკვეული მიზეზების გამო - ვილნიუსის სამიტის მოახლოების კვალობაზე ამაზე ბევრი დისკუსია იმართება და ვნახოთ, რა მოხდება“.

ლუქსემბურგის შეხვედრის დასრულებისთანავე ევროპარლამენტის მონიტორინგის მისია კიევში გაემგზავრა, სადაც ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა უკრაინის ხელისუფლებასთან ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საუბარია კოქს-კვასნევსკის ჯგუფზე, რომლის წევრები ევროპარლამენტის პრეზიდენტი პეტ კოქსი და პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ციხეში მყოფ იულია ტიმოშენკოსთან შეხვედრასაც გეგმავენ.

ვვარაუდობ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს, ანუ ვილნიუსის სამიტამდე ათი დღით ადრე, შეიკრიბებიან. ევროკავშირის მინისტრთა საბჭო მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია, რომელზეც უკრაინის ევროკავშირის მოლოდინებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული...
რადოსლავ შიკორსკი
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო შვიდწლიან პატიმრობას იხდის ბრალდებებით, რომელთაც ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, მაგრამ ტიმოშენკოს საკითხი ერთ-ერთი წინაპირობაა, რომელიც უკრაინამ ვილნიუსის „პარტნიორობის სამიტამდე“ უნდა შეასრულოს. მანამდე კი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან, რათა, როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ უთხრა ჩვენს რადიოს, კავშირის წევრმა ქვეყნებმა „ბიზანტიისათვის დამახასიათებელი რთული გადაწყვეტილება მიიღონ“.

„ვვარაუდობ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 18 ნოემბერს, ანუ ვილნიუსის სამიტამდე ათი დღით ადრე, შეიკრიბებიან. ევროკავშირის მინისტრთა საბჭო მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია, რომელზეც უკრაინის ევროკავშირის მოლოდინებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება შეიძლება იქნეს მიღებული. მე მსურს მხოლოდ მოვუწოდო უკრაინის ხელისუფლებას, გაითვალისწინოს, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ლამის ბიზანტიური კომპლექსურობით ხასიათდება. ამ ორგანიზაციაში გადაწყვეტილებას ერთსულოვნად ღებულობენ ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, რომლებსაც საკუთარი პარლამენტები ჰყავთ. ყველა ამ ადამიანს გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება“.

არანაკლები კომპლექსურობით ხასიათდება, როგორც ჩანს, იულია ტიმოშენკოს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უკრაინაშიც.

უკრაინის კანონმდებლების ჯგუფმა შეიმუშავა და გასულ კვირაში პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელმაც ნება უნდა დართოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საპატიმროში მყოფ იულია ტიმოშენკოს, უცხოეთში წავიდეს და იმკურნალოს, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლეონიდ კოჟარამ:

„რამდენადაც ვიცით, უმაღლესმა რადამ (უკრაინის პარლამენტმა) ტიმოშენკოს საკითხს რაც შეიძლება მალე უნდა უყაროს კენჭი და უმჯობესია, ეს მოხდეს ამ თვეში. ჩემმა კოლეგებმა, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, პირდაპირ მომმართეს და მაცნობეს, რომ მათ უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად, 18 ნოემბრისათვის საგარეო საქმეთა მინისტრების მომდევნო შეხვედრის მოსამზადებლად ესაჭიროებათ“.

უკრაინა ყურადღების ცენტრშია. კოქს-კვასნევსკის მისია მნიშვნელოვანია, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია მისდამი წაყენებული პირობები...
კარლ ბილდტი
დოკუმენტის თანახმად, ტიმოშენკო მკურნალობის მერე უნდა დაბრუნდეს სამშობლოში და გააგრძელოს სასჯელის - შვიდწლიანი პატიმრობის - მოხდა.

იულია ტიმოშენკოს ქმარმა, ალექსანდრ ტიმოშენკომ, გააკრიტიკა კანონპროექტი, როგორც არასაკმარისი. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისი ცოლი, სულ მცირე, "ნაწილობრივ მაინც უნდა შეიწყალონ", რათა ხერხემლის მკურნალობა შეძლოს როგორც თავისუფალმა ქალმა.

თუმცა ლუქსემბურგის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ყურადღების ცენტრში უკრაინის გარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე სხვა ქვეყნების საკითხებიც იყო. ევროპარლამენტის მონიტორინგის მისია ამ საკითხებზე მსჯელობისათვის სამიტამდე სამივე ქვეყანაში გეგმავს ჩასვლასო, - განაცხადა 21 ოქტომბერს ლუქსემბურგში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტმა კარლ ბილდტმა:

„უკრაინა ყურადღების ცენტრშია. კოქს-კვასნევსკის მისია მნიშვნელოვანია, რადგან აშკარაა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია მისდამი წაყენებული პირობები. ამ შეხვედრის დამთავრებისთანავე რადეკ შიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, და მე დაუყოვნებლივ გავემგზავრებით კიშინიოვში, კიევსა და თბილისში, რათა მომდევნო რამდენიმე დღეში განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომლებიც სამომავლოდ ჩაფიქრებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“.

სამშაბათს მოლდავეთში გამართულ პრესკონფერენციაზე კარლ ბილდტმა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისათვის „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა ევროკავშირთან ასოცირებისა და ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას. შეკითხვა დაისვა ასევე სომხეთის მიერ რუსეთის ლიდერობით მოქმედ „საბაჟო კავშირში“ გაწევრიანებას, რასაც კარლ ბილდტმა სომხეთის „განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდგომარეობით ნაკარნახევი გადაწყვეტილება“ უწოდა. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან მუქარას და მოლდავეთისა და უკრაინის პროდუქციაზე საბაჟო წესების გამკაცრებას, ასეთი პოლიტიკა რადოსლავ შიკორსკიმ წარუმატებლად მიიჩნია:

„ჩვენ ვიცით, თუ რა მოხდა საქართველოს შემთხვევაში, რომლის საექსპორტო პროდუქციასაც რუსეთმა ემბარგო გამოუცხადა. საქართველომ გააუმჯობესა თავისი პროდუქციის ხარისხი და მოძებნა ახალი ბაზრები. და ძალიან მოხარული ვარ, როცა ვხედავ, რომ მოლდავეთიც იმასვე აკეთებს. მაგალითად, თქვენი ღვინო თავისუფლად იწყებს გასვლას ევროკავშირში და ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თუ რამდენ პროდუქციას აწარმოებთ და გაყიდით, როგორ გაზრდით ფასს და მიიღებთ სარგებელს. სიმართლე ითქვას, მუქარაზე დაფუძნებული დიპლომატია წარმატებას ვერ აღწევს“.

კარლ ბილდტი და რადოსლავ შიკორსკი კიშინიოვიდან სამშაბათსვე უკრაინაში ჩავლენ, სადაც მოულოდნელად გადაწყდა შეხვედრა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, რაც მანამდე არ იგეგმებოდა. 23 ოქტომბერს ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვედრებს უკვე საქართველოში გამართავენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG