Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ნელსონ მანდელა


გარდაიცვალა ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი, ამ ქვეყნის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი. 95 წლის მანდელას გარდაცვალების თაობაზე სახელმწიფო ტელევიზიით გამოაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯეკობ ზუმამ. მანდელას ბოლო თვეებში ფილტვის ინფექცია აუწეხებდა და მკურნალობდა შინ, სადაც გაატარა სიცოცხლის ბოლო პერიოდი. მას სახელმწიფო პატივით დაკრძალავენ. აპარტეიდის წინააღმდეგ მებრძოლი კერპი ხუთშაბათს იოჰანესბურგში, თავის სახლში „მშვიდად მიიცვალა“ ოჯახის წევრების გარემოცვაში. ზუმას თქმით, მანდელას სიკვდილით სამხრეთმა აფრიკამ თავისი „უდიდესი ვაჟი“ დაკარგა. მან მანდელას ასევე თანამედროვე სამხრეთ აფრიკის „მამა“ უწოდა. მანდელა 27 წლის განმავლობაში იყო პატიმრობაში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან დიდი როლი ითამაშა სამხრეთ აფრიკის მიყვანაში თეთრკანიანი უმცირესობის მმართველობიდან დემოკრატიამდე. 1994 წელს მანდელამ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც ყველა რასის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, და პირველად გახდა ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მანდელას - მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს - დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ სამხრეთი აფრიკა სამოქალაქო ომის დაწყებას გადაურჩა აპარტეიდის რეჟიმის გაუქმების შემდეგ.
XS
SM
MD
LG