Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ს მიხედვით, არჩევნებზე მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი


NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები ცნობილი გახდა. კვლევა 31 ივლისიდან 12 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და, პირისპირ ინტერვიუს გზით წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით 2 038 რესპონდენტია გამოკითხული. გამოკვლევის თანახმად, სამ უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობა წარმოადგენს. კითხვას კი, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 77 პროცენტი დადებითად უპასუხებს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევისას დასმულ კითხვაზე, თქვენი აზრით, როგორ ჩატარდება მომავალი საპარლამენტო არჩევნები, გამოკითხული 2038 რესპონდენტიდან 13% პასუხობს, რომ კარგად, 47% თვლის, რომ მეტ-ნაკლებად კარგად, 18%-ის აზრით, არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდება, 3%-ს კი არჩევნების სრული გაყალბების მოლოდინი აქვს.

„ენ-დი-აის“ საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ ის მთავარი ფაქტორებიც ჩამოთვალა, რომლებიც საქართველოში, გამოკითხულთა აზრით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მთავარ დამაბრკოლებლად განიხილება:

კარგად ჩატარებულის ჯამი არის 60%, ხოლო გაყალბების ჯამი, ანუ ნაწილობრივ და სრულიად გაყალბების ჯამი, არის 21%. რაც შეეხება სამ უმთავრეს დაბრკოლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, მოსახლეობის აზრით, პირველ ადგილზეა ამომრჩევლის მოსყიდვა, მას მოჰყვება ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები, საარჩევნო ყუთებში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა და ასევე პროცენტული მაჩვენებლით ახლოს არის ამ კატეგორიასთან ხმის მიცემა ვინმეს სასარგებლოდ, სამსახურის შესანარჩუნებლად.

გამოკითხვისას დასმულ კითხვაზე, ვისი აზრი იქნება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების შეფასებისას, გამოკითხულთა 42% საკუთარ აზრს ანიჭებს უპირატესობას, 27%-ისთვის არჩევნების კარგად თუ ცუდად ჩატარების დამადასტურებელი მის ირგვლივ მყოფი ხალხის აზრი იქნება; უცხოელი დამკვირვებლების აზრს 21% გაიზიარებს, ხოლო ცესკოს აზრი გამოკითხულთა 15%-ისთვის იქნება მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ არჩევნები კარგად ან ცუდად ჩატარებულად ჩათვალოს.

ფსიქოლოგი მარინა ჩიტაშვილი მიიჩნევს, რომ ”ენ-დი-აის” საზოგადოებრივი აზრის კვლევაში ცესკოსადმი საზოგადოების ძალიან დაბალი ნდობაა ნაჩვენები, რაც იმ დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა, რომ სწორ შედეგად საზოგადოება მიიჩნევს საკუთარ აზრს ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ დასკვნას:

”ცესკოსადმი ნდობა არ არის 15% - არის, ფაქტობრივად, ნული. ეს ნიშნავს იმას, რომ ცესკომ რაც არ უნდა გამოაცხადოს, რა მოტივაციაც არ უნდა იყოს წაყენებული საკუთარ აზრზე, მეზობლების ნათქვამზე, მათ გარშემო მყოფზე თუ ა.შ., ცესკოს ფარავს ყველაფერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ოფიციალური სტრუქტურის მიმართ ამწუთას ნდობა არ არის.”

იმას, რომ არჩევნების შეფასებისას საზოგადოება საკუთარ აზრს ანიჭებს უპირატესობას, არ უკვირს სოციოლოგ რამაზ საყვარელიძეს. მისი სიტყვებით,
სოციოლოგიაში მთავარი საფრთხე ის არის, რომ დასმულმა კითხვამ სტერეოტიპული პასუხი არ გამოიწვიოს. კითხვაზე, ”ვისი აზრი იქნება მნიშვნელოვანი”, პასუხად ”საკუთარის” გაცემა, რამაზ საყვარელიძის სიტყვებით, თავმოყვარეობის საქმეა. დანარჩენი მომდევნო პასუხები კი, რამაზ საყვარელიძის აზრით, დამკვიდრებული სტერეოტიპების გახმაურებაა:

”რაც მასმედიით არის გავრცელებული - ვის აზრს ველოდებით? უცხოელი ექსპერტების, რა თქმა უნდა. ეს ხომ მასმედიაში ნატრიალები ვერსიაა, თორემ ეს დამკვირვებლები ყოველთვის ერთსა და იმავე რამეს ამბობენ. ასე რომ, რეალურად ეს სოციოლოგიური კვლევა, საუკეთესო შემთხვევაში, სტერეოტიპების, არჩევნებთან დაკავშირებული სტერეოტიპების კვლევაა და არა იმის, რას ფიქრობს საზოგადოება, ფიქრობს კი არა, ავტომატურად რა რეაქციები აქვს საზოგადოებას გამზადებული, შაბლონური, აი, ამის კვლევაა.”

სხვა მნიშვნელოვან საკითხთა ჩამონათვალში, გამოკითხულთა აზრით, უმთავრესი პრიორიტეტი სამუშაო ადგილებია, მას ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები მოსდევს. სამუშაო ადგილების შექმნას 57% მიიჩნევს პრიორიტეტად. საქართველოს განვითარებას ძირითადად სწორი მიმართულებით მიმდინარედ მიიჩნევს 47%, ხოლო 11 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. თითქმის თანაბრადაა გადანაწილებული პროცენტული მაჩვენებლები მათ შორის, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა და ვინც ამ აზრს არ ეთანხმება: 42% საქართველოში დემოკრატიას ხედავს, 40% კი - ვერ. ”ენ-დი-აის” საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ განაცხადა, რომ მოქალაქეები ამ თვალსაზრისით, ივნისში ჩატარებულ გამოკვლევასთან შედარებით, უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG