Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ენ-დი-აი” საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველ გამოკვლევას აქვეყნებს


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის პირველი შედეგები გააცნო. გამოკვლევა 14-25 ნოემბერს ჩატარდა და მასში საქართველოს მასშტაბით 2000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გამოკვლევა ტრადიციულად მოიცავს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა მოსახლეობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, მათი დამოკიდებულება დემოკრატიის, რეფორმების, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის მიმართ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი მომავალ არჩევნებში უპირატესობას მმართველ გუნდს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - ანიჭებდა, თუმცა პირველ ოქტომბერს საზოგადოებამ არჩევანი კოალიცია ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააკეთა. რატომ არ დაემთხვა გამოკვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს? ამ კითხვაზე პასუხად ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორი, ამბობს, რომ შედეგებზე გავლენა სექტემბერში გავრცელებულმა ციხის კადრებმა იქონია:

”სექტემბერში გავრცელდა ძალიან ემოციური ციხის სკანდალური კადრები, და, რა თქმა უნდა, ამ ფაქტმა იმოქმედა იმ ადამიანებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ გადაწყვეტილი ვისთვის მიეცათ ხმა. ჩვენი გამოკვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი და რეალური შედეგი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო, არ შეცვლილა. ცვლილება აისახა იმ ადამიანების მაჩვენებელზე, რომლებიც მერყეობდნენ თავიანთ გადაწყვეტილებაში. ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მათ მხარი ”ქართულ ოცნებას” მყარად დაუჭირეს”, - აცხადებს ლუის ნავარო.

”საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკვლევაში მონაწილე რესპონდენტები მალავდნენ რეალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებდნენ არჩევანს. ასე რომ, ციხის სკანდალურ კადრებს არ მოუხდენია მნიშვნელოვანი ზეგავლენა ”ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებაზე”, - მიაჩნია სოციოლოგ რამაზ საყვარელიძეს და იქვე ამბობს, რომ ”ლუის ნავარო არ ეძებს ჭეშმარიტებას, ის ეძებს გამოკვლევის შედეგების გამართლებას”.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ გამოკითხულთა 79 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.
რამაზ საყვარელიძე
რამაზ საყვარელიძე

”არის ერთი ვერსია, რომელზეც ნავაროს უთითებდნენ, მაგრამ ნავარო ჯიუტად ხმას არ იღებს ამ ვერსიაზე, რადგან არ აწყობს. მას მიუთითებდნენ, რომ ეს მერყევი ხალხი კი არ იყო, არამედ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც დუმდნენ და არ აცხადებდნენ თავიანთ რეალურ სურვილს რეპრესიების შიშით და მალავდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას მერყეობის შირმის უკან. „მერყეობა“ თავად ლუის ნავარომ დაარქვა, რადგან მას ასე აწყობს”, - მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

რა ნაბიჯები უნდა გადადგას ახალმა ხელისუფლებამ ციხის სკანდალთან დაკავშირებით? „ენ-დი-აის“ გამოკვლევის ამ კითხვაზე, მოსახლეობის 47 პროცენტი აცხადებს, რომ უნდა ჩატარდეს ყოფილი მთავრობის წევრების საქმიანობის გამოძიება, 35% კი მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავრობის წევრებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. თუმცა, მიუხედავად ამგვარი პასუხებისა, უნდა ითქვას, რომ ”ენ-დი-აის” უკანასკნელ გამოკვლევაში არაფერია ნათქვამი მაღალჩინოსანთა დაკავებების ფაქტების შესახებ. ლუის ნავარო, რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რატომ არ მოხვდა გამოკვლევაში კითხვა გახმაურებული დაკავებების შესახებ, პასუხობს, რომ კვლევის ჩატარებისა და დაკავებების პერიოდები ერთმანეთს არ დაემთხვა. თუმცა, სინამდვილეში, გამოკითხვა 15-24 ნოემბერს ჩატარდა, მაღალჩინოსანთა დაკავებები კი გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ კვირაში დაიწყო.

”ენ-დი-აის” გამოკვლევაში მოხვდა კითხვა სოფელ ნიგვზიანის ინციდენტის შესახებ. შეგახსენებთ, რომ იქ ადგილობრივი მოსახლეობა ქართველ მუსულმანებს არ აძლევს საშუალებას კერძო საკუთრებაში არსებულ შენობაში შეიკრიბონ და რელიგიური მსახურება ჩაატარონ. გამოკითხულთა 51 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქართველ მუსულმანებს უნდა მიეცეთ საშუალება შეიკრიბონ და ჩაატარონ მსახურება. ამ მოსაზრებას გამოკითხულთა 29 პროცენტი ეწინააღმდეგება.
ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ არჩევნებამდე ამავე შეკითხვაზე 14-მა პროცენტმა განაცხადა, რომ იცნობდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, არჩევნების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 18 პროცენტამდე გაიზარდა...
ლუის ნავარო


კიდევ ერთი ყურადსაღები კითხვა, რომელიც მკვლევარებმა რესპონდენტებს დაუსვეს, ეს არის კითხვა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ, წინა ორი გამოკვლევისგან განსხვავებით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პირადად იცნობს ადამიანს, რომელიც სამსახურიდან სწორედ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. თუმცა აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ლუის ნავაროს არ აქვს პასუხი რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რომელი ხელისუფლების პერიოდში გათავისუფლებულ ადამიანებზე საუბრობენ რესპონდენტები. როგორც ირკვევა, მკვლევარებს ამ მიმართულებით კითხვა არ დაუკონკრეტებიათ.

”ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ არჩევნებამდე ამავე შეკითხვაზე 14-მა პროცენტმა განაცხადა, რომ იცნობდა ისეთ ადამიანებს, რომლებიც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, არჩევნების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 18 პროცენტამდე გაიზარდა”, - ამბობს ლუის ნავარო.

რაც შეეხება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში ასახულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 58 პროცენტი მთავარ გამოწვევად კვლავ უმუშევრობას, 35 პროცენტი კი ხელმისაწვდომ ჯანდაცვას მიიჩნევს. მოსახლეობის დამოკიდებულება დემოკრატიის მიმართ კვლავაც უცვლელია. კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 41 პროცენტი ამ კითხვას დადებითად უპასუხებს. წინა გამოკვლევებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი მოსახლეობის მოლოდინი მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. პირველად, მოქალაქეების უმეტესობა თვლის, რომ მათი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიური იქნება და მოქალაქეების ინტერესებს წარმოადგენს. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, რესპონდენტთა 40 პროცენტი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია. საქართველოს მთავრობის გაცხადებული სურვილი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის თაობაზე კი გამოკითხულთა დიდი უმრავლესობისათვის მისაღებია.
XS
SM
MD
LG