Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-ის პოლიტიკური რეიტინგები არჩევნებიდან შვიდ თვეში


22 აპრილს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარმოადგინა, რომელიც ძირითადად პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგს აფასებს. გამოკვლევის თანახმად, ყველაზე რეიტინგულ პოლიტიკურ ლიდერად, 75%-იანი მაჩვენებლით, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი რჩება, რეიტინგულ პოლიტიკურ ძალად კი - ”ქართული ოცნება”. ამ აზრს გამოკითხულთა 60% იზიარებს. ამავე დროს, კვლევაში მონაწილე 3 103 ადამიანიდან 56 % ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს და ხაზს უსვამს ზოგადად ძლიერი ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობას.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საზოგადოების განწყობის შესახებ გამოკვლევის მეორე ნაწილს აქვეყნებს - ამჯერად პოლიტიკურ რეიტინგებს. 22 აპრილს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, ტრადიციულად, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ წარმოადგინა. 3103 გამოკითხული ადამიანიდან 75%-ის სიმპათია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხარეს იხრება, თუმცა, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5%-თაა შემცირებული. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოკითხულთა 25 პროცენტს მოსწონს.

”ყველაზე პოპულარულ ფიგურად საქართველოში კვლავაც რჩება პატრიარქი (92%). მას მოჰყვება ბიძინა ივანიშვილი, რომლის მაჩვენებელიც 80-დან 75%-მდე დაეცა. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ, რომ პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკური რეიტინგები, ნოემბერთან შედარებით, არის უფრო დაბალი, გარდა დავით უსუფაშვილის (66%) და დავით ბაქრაძის (48%) რეიტინგებისა. მაჩვენებელი გაზრდილია მხოლოდ ამ ორი პოლიტიკოსის შემთხვევაში”, - ამბობს ლუის ნავარო.

სოციოლოგიურ კვლევაში მონაწილე ადამიანებს ასევე შეაფასებინეს მინისტრების საქმიანობა. პირველ ადგილს ამ რეიტინგში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იკავებს და მის საქმიანობას ”ძალიან კარგად” გამოკითხულთა 19 % აფასებს. მას თავდაცვისა და შსს მინისტრები, ირაკლი ალასანია (8%) და ირაკლი ღარიბაშილი (10%) მოსდევენ.

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილი საქმიანობას ძალიან კარგად 6% აფასებს, კარგად აფასებს 38%, ხოლო 33% - საშუალოდ, 3% - ცუდად.

’მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ძლიერი ოპოზიციის არსებობა არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. ასე ფიქრობს ყველა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ემხრობა ის...
დავით ბაქრაძის საქმიანობას 4% ძალიან კარგად აფასებს, 20% - კარგად, 40% - საშუალოდ, 15% - ცუდად, 1% - ძალიან ცუდად.

მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას 3% აფასებს ძალიან კარგად, 13% - კარგად, 34% - საშუალოდ, ცუდად აფასებს 26%, ხოლო ძალიან ცუდად - 12%.
დედაქალაქის მერის გიგი უგულავას საქმიანობას გამოკითხულთა 3% ძალიან კარგად აფასებს, 11% - კარგად, 28% - საშუალოდ, 29% - ცუდად, 11% - ძალიან ცუდად და ა.შ.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია ან გაერთიანება შეძლებს შემდეგი საკითხების მოგვარებას, - და ჩამონათვალში არის რუსეთთან ურთიერთობა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, პენსიები, ციხეები, სიღარიბე და ა.შ., - გამოკითხულთა უმრავლესობა - 68, 67, 66 და ა.შ. პროცენტი - პასუხობს, რომ ეს ძალა არის ”ქართული ოცნება”, თუმცა, ამავე დროს, კვლევაში მონაწილე ადამიანები ხაზს უსვამენ მძლავრი ოპოზიციური ძალის არსებობის მნიშვნელობას:

”’მოსახლეობის 78% მიიჩნევს, რომ ძლიერი ოპოზიციის არსებობა არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი. ასე ფიქრობს ყველა, განურჩევლად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას ემხრობა ის. ხოლო კითხვაზე, რომელ პარტიას მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად, 56 % პასუხობს, რომ ეს არის ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’”.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგებს, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 60% პასუხობს, რომ ეს არის ”ქართული ოცნება”, 10 % კი „ნაცმოძრაობას“ ასახელებს. საინტერესოა მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, მასში მონაწილეობას 68% მიიღებდა და უმრავლესობა, 58%, კანდიდატურის დასახელების გარეშე, ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემდა.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე გამოკვლევის ანალიზისას ამბობს, რომ მას აეჭვებს NDI-ის მიერ წარმოდგენილი „ნაცმოძრაობის“ რეიტინგები:

ამ გამოკვლევის ავტორების აზრით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა კომპრომისულ პოლიტიკას და აფასებს უსუფაშვილისა და ბაქრაძის კონსტრუქციულობას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ გამქრალა აგრესია...
ვაკა გორგილაძე
”ჩემთვის პირადად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენილი რეიტინგები არის მაინც საეჭვოდ მაღალი, თუნდაც პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობის შეფასების ნაწილში 25%-იანი მოწონება - ჩემთვის ესეც საეჭვოა. სხვა, ის, რომ ორი დომინანტური პოლიტიკური ძალაა, ეს ლოგიკურია, რადგნა სხვა ძალები ჯერ არ ჩანან ან არ აქტიურობენ. ისე, პოლიტიკურ ლანდშაფტში მათი აქტივობა მიზერულია”.

ვაკა გორგილაძე საინტერესო ტენდენციად მიიჩნევს დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის, როგორც კომპრომისზე ორიენტირებულ, ზომიერი პოლიტიკოსების რეიტინგის ზრდას, რაც ზოგადად საზოგადოებაში არსებული განწყობის მაჩვენებელი უნდა იყოს, თუმცა ფიქრობს, რომ ხალხში ჯერ კიდევ არსებობს სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა და ერთგვარი რევანშისტული განწყობა:

”ამ გამოკვლევის ავტორების აზრით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა კომპრომისულ პოლიტიკას და აფასებს უსუფაშვილისა და ბაქრაძის კონსტრუქციულობას, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ გამქრალა აგრესია, რევანშიზმის სურვილი, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა. ამიტომ მგონია, რომ ის მთავარი გარემოება, რისი გამოკვეთა და ხაზგასმაც სურდა NDI-ს, შესაძლოა არ შეეფერებოდეს ბოლომდე სიმართლეს”.

გამოკვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტენდენციად „ჯეპრას“ კონსულტანტს სოსო გალუმაშვილს ბოლო დროს პრეზიდენტ სააკაშვილის რეიტინგის კიდევ უფრო შემცირება მიაჩნია. მისი აზრით, პრეზიდენტი ჩამოსაყალიბებელია საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე:

”მისი სიტყვები განსხვავებულია მისი ქმედებებისგან და ეს ხშირად იწვევს დაბნეულობას. აი, მაგალითად, გარკვეულ ეტაპზე ის ამბობდა, რომ აღარ გააგრძელებდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, შემდეგ უცებ შეცვალა ეს რიტორიკა და თქვა, რომ ის პოლიტიკაში რჩება 2013 წლის შემდეგაც“.

ხოლო ის ფაქტორი, რომ იზრდება ისეთი ტიპის პოლიტიკოსების რეიტინგი, როგორიც დავით უსუფაშვილი და დავით ბაქრაძეა, სოსო გალუმაშვილს შემდეგი დასკვნის გაკეთების საშუალებას აძლევს:

”ისეთი ტიპის პოლიტიკისგან, როგორიც ჩვენ 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით გვქონდა, მოსახლეობა დაიღალა. ისევ წინასაარჩევნო რეჟიმში ცხოვრება არც ერთ საზოგადოებას არ შეუძლია. დღეს მოთხოვნა არის მშვიდ, გაწონასწორებულ პოლიტიკოსებზე და არა მქუხარე და გარკვეული აურის მატარებელ ლიდერზე, რომელსაც თავისი მიმდევრები ჰყავს. დღეს მოთხოვნა არის სწორედ უსუფაშვილის და ბაქრაძის ტიპის ლიდერებზე”.

და კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც სოსო გალუმაშვილის აზრით, ამ გამოკვლევიდან კარგად ჩანს, არის ის, რომ საზოგადოება მზად არის მიიღოს ახალი ოპოზიციური პარტია - პოლიტიკურ არენაზე დღეს ეს ნიშა, სოსო გალუმაშვილის თქმით, ჯერ კიდევ თავისუფალია.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG