Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ნავთობპროდუქტების მოხმარება იზრდება


საქართველოში ნავთობპროდუქტების მოხმარება იზრდება. ამას მოწმობს სტატისტიკა, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციამ გაავრცელა. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 92 ათასი ტონით, ანუ 12,3%-ით გაიზარდა და 840,9 ათასი ტონა შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 96,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,7 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს მაჩვენებელს. მათ შორის: ბენზინის საწვავის იმპორტმა 57,5 ათასი ტონა შეადგინა (მატება 7,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 38,6 (კლება 6,3 ათასი ტონით) ათასი ტონა“, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

გადმოწერა

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა (32,6 ათასი ტონა) 2016 წლის სექტემბერში რუმინეთიდან განხორციელდა, რაც იმპორტის მთელი მოცულობის 33,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 14,1 ათასი ტონით (14,7%), რუსეთი – 11,9 ათასი ტონით (12,4%), თურქმენეთი – 11,9 ათასი ტონით (12,4%), აზერბაიჯანი – 11,3 ათასი ტონით (11,7%), საბერძნეთი – 7,4 ათასი ტონით (7,7%), იტალია – 4,0 ათასი ტონით (4,2%), უკრაინა – 2,9 ათასი ტონით (3,0%).

ასოციაციის ინფორმაციით, ყველაზე დიდი ზრდა საწვავიდან ბენზინზე აღინიშნა, კერძოდ: 2016 წლის სამი კვარტალის შედეგებით, ბენზინის იმპორტი, წინა წლის მაჩვენებელზე 86,5 ათასი ტონით, ანუ 27,3%-ით გაიზარდა და 403,2 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი 5,3 ათასი ტონით, ანუ 1,2%-ით 437,7 ათას ტონამდე გაიზარდა.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებს: მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში 10,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც 2,2 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით. სულ 2016 წლის ცხრა თვის მანძილზე ბიტუმის იმპორტმა 85,3 ათასი ტონა შეადგინა, ეს კი 18 ათასი ტონით, ანუ 26,7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც, ფაქტობრივად, წინა თვის მაჩვენებლის ანალოგიურია.

ერთადერთ ნავთობპროდუქტს, რომლის იმპორტიც შემცირდა, საავიაციო ნავთი წარმოადგენს: 2016 წლის სექტემბერში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 6,9 ათასი ტონა შეადგინა, ეს კი 3,8 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელზე.

XS
SM
MD
LG