ივნისიდან მოყოლებული, საფონდო ბირჟებზე ნავთობის ფასი 20 პროცენტით დაეცა, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ისეთ ექსპორტიორ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი და ირანი. თუმცა ეკონომიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნავთობზე ფასის ვარდნას შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური შედეგიც და გლობალური ეკონომიკის ზრდაზე აისახოს.
რა იწვევს ნავთობზე ფასების დაცემას?
როგორც ზემოთ ითქვა, მსოფლიო ბაზრებზე, ივნისის თვიდან მოყოლებული, ნავთობზე ფასი 20 %-ით შემცირდა. ამის ერთ-ერთი პირველი მიზეზია ფიქლის ნავთობის წარმოების ბუმი აშშ-ში, რომელმაც მიმდინარე წელს საუდის არაბეთს წაართვა ლიდერობა ადრეული ნავთობის წარმოების მხრივ.
აშშ-ში ფიქლის ნავთობის წარმოების ზრდა აიძულებს რუსეთისა და ოპეკის ქვეყნებს, მომხმარებელს ნავთობი უფრო დაბალ ფასად შესთავაზონ. კიდევ ერთი მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის ვარდნისა საწვავზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.
მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის შენელების კვალობაზე მყიდველები თავს იკავებენ დიდი რაოდენობით ნავთობის შეკვეთისგან. ეკონომიკის ზრდის შენელება განსაკუთრებით საგრძნობია ევროპაში, სადაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ევროზონის ვითარება კვლავაც მყიფეა ორი წლის წინანდელი რეცესიის შემდეგ.
ეკონომიკური ზრდის შენელება შეიმჩნევა ჩინეთში, მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკაში, რომელიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით,მიმდინარე წელს ვერ მიაღწევს ეკონომიკის 7. 5 %-იან ზრდას.
რომელი ქვეყნები დაზარალდებიან ყველაზე მეტად ნავთობზე ფასების დაცემით?
ყველაზე მძიმე ტვირთად ნავთობზე ფასების დაცემა მის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებს დააწვებათ. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა რუსეთი, რომლისთვისაც, ექსპერტების გაანგარიშებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სტაბილიზაციისათვის ერთ ბარელ ნავთობზე ფასი 104 დოლარია ხელსაყრელი. ამჟამად კი რუსეთი ერთ ბარელ ნავთობს 92 დოლარად ყიდის.
აშშ-ის ფინანსური ახალი ამბების სამსახურის, „ბლუმბერგის“ თანახმად, ბარელ ნავთობზე 90 დოლარის შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტის წლიური დეფიციტი მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1.2 პროცენტს მიაღწევს, ხოლო თუ ერთი ბარელი ნავთობის ფასი კიდევ 10 დოლარით შემცირდება, მაშინ რუსეთის საბიუჯეტო დეფიციტი 2.4 პროცენტამდე გაიზრდება, ამ დეფიციტის შესამცირებლად კი, როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა 7 ოქტომბერს, რუსეთის მთავრობას მრავალ სახელმწიფო - მათ შორის, სამხედრო უწყების რეფორმირებისათვის განკუთვნილ 576 მილიარდი დოლარის მოცულობის - პროგრამაზე მოუწევს უარის თქმა.
ნავთობზე ფასების შემცირება უარყოფითად აისახება ნავთობის მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებზე - ირანსა და ერაყზე. თეირანისათვის საბიუჯეტო ხარჯების დასაფინანსებლად ბარელ ნავთობზე იდეალური ფასია 140 დოლარი, ერაყისათვის კი - 106. ეს უკანასკნელი დიდი ზეწოლის ქვეშაა და დიდი რაოდენობის თანხების მობილიზება უხდება „ისლამური სახალიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელმაც ქვეყნის ლამის ერთი მესამედი დაიპყრო.
ნავთობის ფასის დაცემის გამო კიდევ უფრო დამძიმდა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა, რომლის საბანკო და საფინანსო სექტორს სერიოზული დარტყმა მიაყენა ევროკავშირის მიერ ყირიმის ანექსიის გამო შემოღებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა.
ვინ ისარგებლებს ნავთობის ფასის შემცირებით?
როგორც ზემოთ ითქვა, ნავთობზე ფასის შემცირება ნეგატიურად აისახება იმ ქვეყნებზე, რომელთა შემოსავლები დიდწილად ენერგომატარებლების ექსპორტზეა დამოკიდებული. თუმცა ლონდონში მოქმედი საფინანსო საკონსულტაციო ორგანიზაციის, „კაპიტალ ეკონომიკსის“ თანახმად, ადრეულ ნავთობზე ფასის 10 დოლარით შემცირებამ შესაძლოა 0.5 %-ით გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მსოფლიო მასშტაბით.
ამით უპირატესად ისარგებლებენ აშშ, ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც ეკონომიკური ზრდის პოზიტიური დინამიკა აქვთ. თუმცა არც ერთ ამ ქვეყანას, ალბათ, არ უნდა ჰქონდეს მოულოდნელი ეკონომიკური წარმატების იმედი იმ ფონზე, როდესაც გლობალური ეკონომიკის შენელების გამო, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციაზეც კლებულობს მოთხოვნა.
ევროზონის სუსტი აღმავლობისა და ზოგიერთ მზარდად განვითარებად ქვეყანაში ეკონომიკის შენელების გამო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7 ოქტომბერს მნიშვნელოვნად შეცვალა უწინდელი ეკონომიკური პროგნოზი. ფონდის თანახმად, მომავალ წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.8 პროცენტით გაიზრდება. რაც 4 პროცენტით ნაკლებია ივლისში გამოქვეყნებულ საპროგნოზო მაჩვენებელზე.
არის თუ არა ნავთობის დაბალი ფასი ნორმალური?
როგორც ვარაუდობენ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კვლავ აიწევს მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკა გაიზრდება. მაგრამ საწვავზე მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა არ გამოიწვიოს ნავთობზე ფასის მკვეთრი აწევა, თუ ისეთი პროდუქცია, როგორიც ფიქლის ნავთობია, უხვად იქნება წარმოდგენილი მსოფლიო ბარაზე. ამას ემატება საწვავის რაციონალურად მომხმარებელი ტექნოლოგიების განვითარება მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში, - ამბობს ჯონ მიტჩელი, ლონდონის „ჩეთემ ჰოუსის“ მეცნიერ- თანამშრომელი:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ასეთი წარმოება, გრძელვადიანი პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან გაურკვეველია. მაგრამ ახალი მარაგების, მომწოდებელი მხარის ახალი ტექნოლოგიების, მრავალი ახალი რეგულაციისა და მომხმარებელი მხარის მიერ ენერგორენტაბელობაში ჩადებული ინვესტიციების კომბინაცია იმას მოასწავებს, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით დამოკიდებული ნავთობის ფასების მუდმივ ზრდაზე“.
მაგრამ სრულიად გაურკვეველია, რამდენად რენტაბელური იქნება ფიქლის ნავთობის წარმოება ადრეულ ნავთობზე ფასების შემდგომი კლების კვალობაზე. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ თუ შავი ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 90 დოლარს ჩამოსცდება, მაშინ ეკონომიკურად ნაკლებმომგებიანი შეიძლება გახდეს ფიქლის ნავთობის წარმოება, ნავთობისა, რომლის მწარმოებლები ერთ ბარელ საწვავზე ოპტიმალურ ფასად 80-85 დოლარს მიიჩნევენ.
„ფიქლის გაზი და ფიქლის ნავთობი იწარმოება უწყვეტი ბურღვით, მაგრამ თითოეული ჭაბურღილის უკუგება საკმაოდ ხანმოკლეა და შემდეგ კლებულობს. ამ საქმიანობის ეფექტიანობა ხუთწლიანი პერიოდით განისაზღვრება, როდესაც ფიქლის საწვავის მოპოვება ეკონომიკური ვითარების კვალობაზე მნიშვნელოვნად შეიძლება შეიცვალოს. თუ მოგება იქნება, მაშინ მწარმოებლები გააგრძელებენ ბურღვას, თუ მოგება არ იქნება, მაშინ ისინი ვერ შეძლებენ ბურღვას და ასეთი ციფრი კი ყველა მწარმოებლისათვის განსხვავებულია“,
ამბობს ჯონ მიტჩელი, ლონდონის „ჩეთემ ჰოუსის“ მეცნიერ- თანამშრომელი.