Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ნატო საქართველოს კონსტიტუციაში


საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ხელისუფლების საკონსტიტუციო ვალდებულებად იქცევა - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ, რომელმაც მუშაობა 18 აპრილს დაასრულა. თუმცა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომელიც გარდამავალი დებულებების მე-11 თავშია ასახული, კომისიის წევრებს შორის არაერთგვაროვან რეაქციებს იწვევს. წინააღმდეგობა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც შეინიშნება. რატომ ჩაიდო ეს ვალდებულება კონსტიტუციის პროექტში და რის გარანტიას იძლევა ის? კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“ - ნათქვამია ახალი კონსტიტუციის პროექტის 79-ე მუხლში, რომელიც გარდამავალი დებულებების მე-11 თავშია მოქცეული. ამ საკითხს ეს ადგილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ იმ ვარაუდზე დაყრდნობით მიუჩინა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი ერთ დღეს აუცილებლად მიიღწევა. სხვა მხრივ კი, როგორც კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფების საკითხი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სრულიად გამიზნულად მოხვდა საქართველოს კონსტიტუციის პროექტში:

მთავარი მაინც არის ის, თუ რამდენად მწყობრად ივლის ქვეყანა ამ მიმართულებით და, განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები რას გააკეთებენ იმისათვის, რომ ამ მხრივ იყოს პროგრესი...
გიორგი რუხაძე

„უმთავრეს პრიორიტეტად საგარეო კურსის თვალსაზრისით განსაზღვრულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, რომელიც ასახულია, მათ შორის, პარლამენტის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებულ შესაბამის რეზოლუციაში... ამოცანა არის დროებითი თავისი შინაარსით. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა გარდამავალ დებულებებში, ანუ დროებითი რეგულაციების დამდგენ თავში, შესაბამისი რეგულაციის გაჩენა“.

„სააკაშვილის რეჟიმმაც კი ვერ გაბედა ეს 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში... „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მარიონეტული ხელისუფლებაა და ის მოქმედებს არა ეროვნული ინტერესით, არამედ იმ ვალდებულებებით, რომლებიც საკუთარი პატრონის წინაშე გააჩნია“ - ამ სიტყვებით დაგმო ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკონსტიტუციო ვალდებულებად ქცევა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, პოლიტიკური პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, რომელმაც საკონსტიტუციო კომისია დიდწილად სწორედ ამ საკითხის გამო დატოვა.

თუმცა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს წინააღმდეგობა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის რიგებშიც შეხვდა. მაგალითად, უმრავლესობის კვოტით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრს, კობა ნარჩემაშვილს, ამ საკითხისთვის მხარის დაჭერა კომპრომისად მიაჩნია:

„პრეამბულაში, იქ, სადაც უნდა აისახოს კონსტიტუციის ძირითადი, მარადიული, წარუვალი ღირებულებები, კატეგორიულად მიზანშეუწონლად მიმაჩნდა ასეთი ჩანაწერის არსებობა. რაც შეეხება გარდამავალ დებულებებში ამგვარი ჩანაწერის გაჩენას, როგორც დროებითი კომპრომისული ღონისძიება, შესაძლებელია განვიხილოთ“.

მიუხედავად მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებული კატეგორიული წინააღმდეგობისა, როგორიც არის, მაგალითად, პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის გაუქმება ანდა გაუნაწილებელი მანდატების არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალისთვის მიკუთვნება, პროდასავლურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის კონსტიტუციაში ასახვას. იგივე პოზიცია აქვთ ანალიტიკოსებსაც.

კონსტიტუციით იმის გარანტირება, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება, მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად მიაჩნია საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ გიორგი რუხაძეს, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ქაღალდზე დაწერილი არაფერს ნიშნავს, კონკრეტული ქმედებების გარეშე:

„როდესაც შენ მთავარ კანონში გაქვს ქვეყნის ფუნდამენტური მიმართულება, თუ საითკენ უნდა წავიდეს და, მით უმეტეს, როდესაც ბევრს ამ ქვეყანაში ეჭვი ეპარება, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, ბოლომდე გულწრფელად არ ადგას ამ გზას, რა თქმა უნდა, ეს არის, ერთი მხრივ, დამატებითი გარანტია, რომ არსებობს ეროვნული კონსენსუსი, აი, ამ საკითხზე და, მეორე მხრივ, კონსტიტუციის შეცვლა მომავალში ძნელი იქნება და, შესაბამისად, ეს დარჩება კონსტიტუციაში... თუმცა მთავარი მაინც არის ის, თუ რამდენად მწყობრად ივლის ქვეყანა ამ მიმართულებით და, განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები რას გააკეთებენ იმისათვის, რომ ამ მხრივ იყოს პროგრესი“.

რაც შეეხება თანმიმდევრული, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, გიორგი რუხაძე ლაპარაკობს აშკარა პროგრესზე, რაც, მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ამოქმედებითა და სავიზო ლიბერალიზაციით გამოიხატა, მაგრამ ამას ანალიტიკოსი წლების წინ დაგეგმილის ხორცშესხმად მიიჩნევს და ახალი, მწყობრი გეგმების დანაკლისზე ლაპარაკობს. როგორც გიორგი რუხაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მართალია, ნატოსთან დაახლოების პროცესიც მიმდინარეობს, მაგრამ საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ალიანსში ინტეგრაციისკენ სვლა უფრო სწრაფი ტემპით მოეთხოვება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG