Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტერიალი და საქართველო


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ბრიუსელი, 6 დეკემბერი
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ბრიუსელი, 6 დეკემბერი

6-7 დეკემბერს ბრიუსელი მასპინძლობდა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობდნენ ასევე პარტნიორი ქვეყნების საგარეო უწყებათა წარმომადგენლები და მათ შორის იყო საქართველოც. მართალია, ორდღიანი თავყრილობის ფარგლებში არაერთხელ გამოიკვეთა ალიანსისა და საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის აქცენტები, მაგრამ, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს საკითხი საგანგებო ადგილს არ იკავებდა მინისტერიალის დღის წესრიგში. ანალიტიკოსთა წრეში ასეთი მოცემულობის მიზეზებს განიხილავენ.

ნატოს მინისტერიალი და საქართველო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:47 0:00
გადმოწერა

მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობდა. სამშაბათს, ორმხრივ გაფართოებულ ფორმატში, ის შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნულ მოადგილეს, როუზ გოტემოლერს, და შეხვედრაზე განიხილეს ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები. ოფიციალური წყაროს ცნობით, საუბარი შეეხებოდა უსაფრთხოების გარემოს შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბოლო დღეების განმავლობაში ასევე არაერთი შეხვედრა გამართა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და მიზანი ჟურნალისტებს შემდეგნაირად განუმარტა:

ძალიან აქტიური წელია მომავალი წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული წევრი ქვეყნის მაქსიმალური მხარდაჭერა თითოეულ ფორმატში, რათა საქართველომ აიმაღლოს თავისი თავდაცვისუნარიანობა და ასევე ინტეგრაციის პროცესში მივიღოთ მათი (პარტნიორი ქვეყნების) მხარდაჭერა...
მიხეილ ჯანელიძე

„ჩვენ ამ შეხვედრებზე ვიხილავთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს, ასევე არსებითი პაკეტის მიმდინარეობას, წევრი ქვეყნების ჩართულობას ამ პაკეტის იმპლემენტაციაში და მათ მხარდაჭერას იმ ფორმატებისადმი, რომლებიც დაგეგმილია მომავალი წლის განმავლობაში... ძალიან აქტიური წელია მომავალი წელი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული წევრი ქვეყნის მაქსიმალური მხარდაჭერა თითოეულ ფორმატში, რათა საქართველომ აიმაღლოს თავისი თავდაცვისუნარიანობა და ასევე ინტეგრაციის პროცესში მივიღოთ მათი (პარტნიორი ქვეყნების) მხარდაჭერა“.

ცალსახაა, რომ მინისტერიალის საგანგებო ყურადღება დაეთმო ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთობის გაძლიერების აუცილებლობას და ასევე გამოქვეყნდა განცხადება იმ ერთობლივი დეკლარაციის განხორციელების შესახებ, რომელიც ხელმოწერილია ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მიერ. სამომავლო გეგმების გამომზეურებას წინ უსწრებდა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომლის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ და ნატოს გენერალურმა მდივანმა იანს სტოლტენბერგმა. მათ ამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველო არ უხსენებიათ, მაგრამ, როგორც 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადება ცხადყოფს, ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის ნაწილს საქართველოც წარმოადგენს:

„ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები, მათ შორის ადგილზეც, ბიძგს მისცემენ პარტნიორთა შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერებას, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლოში, მათ შორის - საქართველოში, მოლდავეთში, უკრაინაში, იორდანიაში, მაროკოსა და ტუნისში“.

ეს არის ციტატა ნატოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის სამომავლო გეგმის ერთ-ერთი (კერძოდ, მე-7) პუნქტიდან, სახელწოდებით„თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაზრდა“. რაც შეეხება დანარჩენ პუნქტებს, ესენია: „ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლა“, „ოპერატიული თანამშრომლობა - საზღვაო საკითხების ჩათვლით“, „კიბერუსაფრთხოება და თავდაცვა“, „თავდაცვითი შესაძლებლობები“, „თავდაცვის ინდუსტრია“ და „წვრთნები“.

მართალია, ნატოს გენერალური მდივნის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ ნატოსა და ევროკავშირს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ინტერესიც ამოძრავებთ, მაგრამ საჯარო განცხადებებში დეტალები აღარ დაკონკრეტებულა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიასთან დაკავშირებით, რომელზეც ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ ალიანსის მოკავშირეები. ამ საკითხთან დაკავშირებით არა, მაგრამ 6 დეკემბერს, დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის ჭრილში იენს სტოლტენბერგმა საქართველოც ახსენა:

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ კვლავაც ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს: საქართველოს, მოლდავეთის რესპუბლიკასა და უკრაინას, რადგანაც ისინი მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებენ. ჩვენ გვქონდა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააძლიეროს ნატომ პარტნიორული ურთიერთობები, უკეთ გამოიყენოს სამხედრო წვრთნები და უფრო ეფექტიანი გახადოს ძალისხმევა“.

ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ ნატოს ამ ბოლო მინისტერიალის დღის წესრიგში უკრაინის საკითხი წინა პლანზე იყო წამოწეული და ეს განპირობებული იყო უკრაინისა და რუსეთის სამხედრო დაპირისპირების სიმწვავით, თუმცა, როგორც, მაგალითად, პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, გულდასაწყვეტია, რომ რუსეთის დესტრუქციული და აგრესიული ქმედებების ჭრილში ერთმანეთს არ უკავშირდება უკრაინა და საქართველო:

„უკრაინა და საქართველო, ჩემი აზრით, ერთი და იმავე პროცესის გაგრძელებას წარმოადგენენ... რადგანაც ეს პროცესი დაიწყო 2008 წელს საქართველოში, ეს პროცესი გრძელდება ახლა უკვე უკრაინაში და ამ შემთხვევაში ცხადია, რომ ჩვენ ორივე - საქართველოც და უკრაინაც - ვართ იმ საგარეო-პოლიტიკური გეგმის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია... პრაქტიკულად, საქმე გვაქვს ერთ დიდ პოლიტიკურ თამაშთან, რომ არ გაუშვას საკუთარი ორბიტიდან ახლო საზღვარგარეთის ის ქვეყნები, სადაც მას აქვს განსაკუთრებული ინტერესი. არ დაუშვას აქ იგივე დასავლური ინსტიტუტების გამოჩენა“.

გიორგი გობრონიძე საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მხრიდან მეტი ძალისხმევის მობილიზების აუცილებლობას ხედავს. სხვა ანალიტიკოსების მსგავსად, ისიც მიიჩნევს, რომ საგანგებო ყურადღებას საჭიროებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები, რადგანაც, მაგალითად, ძალიან დიდი საფრთხის შემცველია გადაწყვეტილება რუსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ. ეს არის საკითხი, რომელიც რუსეთის მხრიდან ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეაფასა თბილისმა და რომელიც არაერთგზის დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ,მათ შორის - ნატომაც.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG