17 მარტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უილიამ ლაჰიუს და ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრებს, რომლებიც შეისწავლიან საქართველოში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის დაარსებისთვის საჭირო პირობებსა დაინფრასტრუქტურას. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივაა, 2015 წლის შემოდგმაზე გაიხსნება.
ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებული ძალების, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების წვრთნასა და შეფასებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ღირსიაშვილის თქმით, ცენტრი ასევე განახორციელებს გადასროლისწინა წვრთნასა და ნატოსა და სხვა საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობისათვის გაწვრთნილი ძალების სერტიფიცირებას. ცენტრი, რომელსაც შესაძლებლობა ექნება ნატოს შეკავშირებული ძალების ინიციატივის (CFI) მხარდასაჭერად მრავალეროვნულ, ერთობლივ და გაერთიანებულ წვრთნებს უმასპინძლოს, 2015 წლის ბოლომდე გაიხსნება:
„ამ პროცესს სჭირდება გარკვეული პერიოდი. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად საფრთხის შემცველია ამ ცენტრის გახსნა, გიპასუხებთ, რომ არანაირი საფრთხე არ არსებობს იმის გამო, რომ ეს არ გახლავთ სამხედრო ბაზა. ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი“.
ნატოს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში და რეკომენდაციებს მისცემენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ეს არის პროცესის დასაწყისი...უილიამ ლაჰიუ
ლევან ღირსიაშვილის თქმით, ცენტრი გამოიყენებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებულ ყველა საწვრთნელ შესაძლებლობას. ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმღვანელმა უილიამ ლაჰიუმ კი განაცხადა, რომ ცენტრი უზრუნველყოფს წვრთნებს საქართველოს, ასევე, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავსებადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების მიზნით:
„მომავალ კვირებსა და თვეებში თბილისში ნატოს სხვა ჯგუფებიც ჩამოვლენ არსებითი პაკეტის სხვა პირობების იმპლემენტაციისთვის. ჩვენი გუნდი პირველია, რომელიც ამ კვირიდან შეუდგება ამ პროცესს. ნატოს ექსპერტები მხარს დაუჭერენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბებაში და რეკომენდაციებს მისცემენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. ეს არის პროცესის დასაწყისი, რომელიც საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციას წარუძღვება წინ, დაეხმარება პროგრესის მიღწევაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ნატოში“.
უილიამ ლაჰიუს თქმით, ნატოს შემფასებელთა ჯგუფის წევრები ცენტრის ადგილმდებარეობისა და პროექტის ღირებულების პირველად მონახაზს
საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთობლივ წვრთნებს გაივლიან რეგულარულად ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად და, შესაბამისად, მათი მზადყოფნის დონე გაუმჯობესდება. მუდმივად საქართველოში იქნება ასეთი ტიპის ცენტრი...დავით სიხარულიძე
ვაზიანის სამხედრო ბაზისა და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მონახულების შემდეგ გააკეთებენ. უილიამ ლაჰიუს მიაჩნია, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესისა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სრულ ინტეგრაციას ნატოში. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე დავით სიხარულიძეც ამბობს, რომ ცენტრის გახსნა საქართველოს დაეხმარება როგორც პოლიტიკური მიზნის მიღწევაში, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაში.
„საქართველოს შეიარაღებული ძალები ერთობლივ წვრთნებს გაივლიან რეგულარულად ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად და, შესაბამისად, მათი მზადყოფნის დონე გაუმჯობესდება. მუდმივად საქართველოში იქნება ასეთი ტიპის ცენტრი, რაც ასევე ხელს შეუწყობს გამოცდილების დაგროვებას, რომელიც მნიშვნელოვანია სამხედრო აღმშენებლობისათვის და ასევე პოლიტიკურად არის მნიშვნელოვანი ამ ცენტრის გახსნა, რადგანაც გადაიდგმება კიდევ ერთი ნაბიჯი ნატოსკენ მიმავალ გზაზე, რაც ჩვენი საბოლოო მიზანია“, უთხრა დავით სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას.
პოლიტოლოგი გია ნოდია კი მიიჩნევს, რომ ცენტრის გახსნას,უპირველეს ყოვლისა, აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა და რომ ამ ნაბიჯით ნატოც და საქართველოც ხაზს უსვამენ, რომ ინტეგრაციის პროცესი ღრმავდება.
„გასაგებია, რომ პოლიტიკური ვითარება ისეთია დღევანდელ მსოფლიოში, რომ ნატო არ არის მზად საქართველოს მისაღებად, მაგრამ, ამავე დროს, მას უნდა აჩვენოს, რომ უკან არ იხევს და რაღაც პროგრესი სახეზეა. ამ ცენტრის გახსნა არის სიმბოლურიც... სიმბოლური ნაბიჯი, რომ რაღაც პროგრესი ხდება. მართალია, ნატოში არ გვიღებენ, მაგრამ წინ მაინც მივდივართ“, უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია კი მიიჩნევს, რომ ცენტრის გახსნასა და ნატოსთან ინტეგრაციული პროცესის გაღრმავებას აქვს ერთგვარი პრევენციული მნიშვნელობა, რომელმაც უნდა შეაკავოს რუსეთის „ექსპანსიური აგრესია“.