Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომის რაიონის სოფელი მზეთამზე ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს


ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზის მოსახლეობა მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ შეღავათები სჭირდებათ, რადგან არა აქვთ გზა, ინფრასტრუქტურა, ელემენტარული პირობები, მათ შორის, იმის საშუალება, რომ სოფლის მეურნეობას მისდიონ.

ბორჯომის რაიონის სოფელი მზეთამზე ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შემოდგომით, შესაძლოა, მოსავალი ვერ მიიღონ, რადგან მზეთამზის მოსახლეობამ სოფლის ნაკვეთების დამუშავება უსახსრობის გამო ვერ შეძლო. შექმნილი მძიმე სოციალური პირობების გამო სოფელი მზეთამზე მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

უმუშევრობა და ახალგაზრდების მიგრაცია სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მზეთამზელები გზის, კანალიზაციის, სანიაღვრე არხებისა და დასუფთავების მხრივ შექმნილ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას:

"პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს. ამდენი უმუშევრობა და დაუსაქმებლობა... რა ქნან ახალგაზრდებმა? სანიაღვრე არხები არ არის, ურნები არ არსებობს“.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, მთავრობა სოფლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხზე მსჯელობს. გამგებლის მოადგილე ანზორ სვანიძე ირწმუნება, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი უკვე დაწყებულია, სხვა პრობლემებს კი, რომელთა მოსაგვარებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი საკმარისი არ არის, თანდათანობით მოაწესრიგებენ.

"წელს იგეგმება გზის მოასფალტების დასრულება. კილომეტრ-ნახევარი უკვე დაგებულია, თანხებს ველოდებით და აუცილებლად დაიწყება მაგ პროექტის დასრულება“.

სოფელი მზეთამზე ზღვის დონიდან 1 250 მეტრზეა. ტურისტულ ზონაში მდებარე სოფლის მოსახლეობისთვის არსებობის ძირითად წყაროდ ამ დრომდე სოფლის მეურნეობით მიღებული შემოსავალი რჩება.

XS
SM
MD
LG