„უნიჰაკის“ (Unihack) შესახებ ჩვენი რადიოს მსმენელს უკვე საკმაოდ ბევრი ეცოდინება. ეს ის ახალგაზრდების ჯგუფია, რომელმაც თბილისში ორი ჰაკათონი ჩაატარა. ჰაკათონები შთამბეჭდავი შედეგებით დასრულდა - უამრავი დაინტერესებული ახალგაზრდა, უამრავი ახალი პროექტი, ახალი იდეები და მათი განხორციელების გზები. ეს მარათონი პროგრამისტებს, ინჟინრებს და, უბრალოდ, ახალი იდეებით შეპყრობილ უფრო და უფრო მეტ ახალგაზრდას იზიდავს. რამდენიმე დღის წინ „უნიჰაკმა“ განაცხადა, რომ თბილისში მესამე ჰაკათონს ჩაატარებს. განახლებულ საიტზე ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის მიზანია საქართველო აქციოს ჰაკერკულტურის ყველაზე დიდ კერად რეგიონსა და ევროპაში. თბილისის მესამე ჰაკათონის და "უნიჰაკის" გეგმების შესახებ გვესაუბრება ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ოთო ზაკალაშვილი.