23 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის სკოლის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს, კიდევ სამი თვით გაუგრძელა წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა. ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ჩაბუქი, რომელიც 15 წელია საქართველოში ცხოვრობს, 24 მაისს თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დააკავეს. თურქეთი მას ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის, „ტერორისტული ორგანიზაციის“ მხარდაჭერას სდებს ბრალად.
საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა პირველად 25 მაისს შეუფარდა. 23 აგვისტოს მას პატიმრობის ვადა ამოეწურა. საქალაქო სასამართლომ ჩაბუქის საქმე განიხილა და დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ჩაბუქს წინასაექსტრადიციო ვადა 24 ნოემბრამდე გაუგრძელეს.
სხდომის დაწყებამდე ჩაბუქის ადვოკატები და ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ ჩაბუქი შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, მაგრამ პროკურორ ნანა ზაზუნაშვილის თქმით, ასე არ მოხდა, რადგან შეიძლება ჩაბუქი მიმალულიყო.
რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ მიემალოს გამოძიებას? მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია...სოსო ბარათაშვილი
„განიხილება თურქეთის რესპუბლიკისთვის მისი გადაცემის საკითხი. ამ პირობებში არსებობს დიდი საფრთხე, რომ, მიმალვის შემთხვევაში, მას ექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში სხვა პირებთან იპოვოს თავშესაფარი“.
მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აღნიშნავს: მართალია, პროკურატურა აცხადებს, რომ მიმალვის საფრთხე არსებობს, მაგრამ კონკრეტული არგუმენტები ვერ მოჰყავს. მისივე თქმით, ჩაბუქი, პირიქით, დაინტერესებულია საქართველოში ყოფნით.
„რა არგუმენტი არსებობს იმისთვის, რომ მიემალოს გამოძიებას? მიგვაჩნია, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია“.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 10 აგვისტოს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობა შეიძლება დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაბუქის მოქმედება შეფასდება დანაშაულად; გამოირიცხება პოლიტიკური დანაშაულის არსებობა; არ იარსებებს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოთხოვნილია იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი მსჯავრდება და დასჯა პოლიტიკური ნიშნით; არ იარსებებს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქი გახდება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი; ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს არც მანამდე ჰქონდა საფუძვლიანი არგუმენტი ჩაბუქის პატიმრობაში დასატოვებლად და არც ახლა წარმოუდგენია რამე ახალი.
მისივე თქმით, პროკურორმა განაცხადა, რომ, ექსტრადირების შემთხვევაში, თურქეთში ჩაბუქის უფლებები არ შეილახებოდა. ამის საფუძვლად პროკურორს მოჰყავდა წერილი, რომელიც თურქეთისგან მიიღეს, სადაც თურქული მხარე ირწმუნება, რომ ჩაბუქის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება. გოგა ხატიაშვილი შენიშნავს, რომ უცნაური იქნებოდა თურქეთს სხვა რამე ეპასუხა.
„ლოგიკური არის, რომ თურქეთი არ აღიარებდა სახელმწიფოში არსებულ არასათანადო მოპყრობის, წამების და ადამიანის უფლებების ძალიან უხეში ფორმით შელახვის შემთხვევებს. ვფიქრობ, პროკურატურამ მარტო თურქეთის პოზიცია კი არ უნდა გაითვალისწინოს, არამედ ყურადღება უნდა მიაქციოს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რომლებიც საუბრობენ ამ სახელმწიფოში სისტემურ პრობლემებზე, ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით“.
გოგა ხატიაშვილი ასევე მიანიშნებს, რომ ვენეციის კომისია 2016 წლის დასკვნაში საუბრობს იმ მუხლზე, რომელიც ჩაბუქს აქვს წაყენებული, კერძოდ კი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. დასკვნაში წერია, რომ სწორედ ეს მუხლი თურქეთის რესპუბლიკაში ძალზედ არამიზნობრივად გამოიყენება.
12 ოქტომბერს ჩანიშნულია ჩაბუქთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელის განხილვა. ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქსა და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა, რაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა.