13 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. მან ილაპარაკა დემირელის კოლეჯის მმართველის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმის მიმდინარეობასა და მის თანმდევ მოვლენებზე. რამდენიმე დღის წინ ლტოლვილთა სამინისტრომ არ დააკმაყოფილა მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების თხოვნა თავშესაფრის მიღებაზე.
სამინისტრო აცხადებს, რომ "გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა თურქეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით; ისევე როგორც თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის ფუნქციით ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ეროვნული ინსტიტუტების შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი". სოსო ბარათაშვილმა სამინისტროს გადაწყვეტილების მცდარობის საჩვენებლად ილაპარაკა სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზე როგორც თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საქმეზე, ისე მათ უახლეს ანგარიშებზე თურქეთში და თურქეთის ციხეებში არსებულ ვითარებაზე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მასობრივ შემთხვევებსა და ფეტულა გიულენის მომხრეთ მასობრივ დევნაზე. ადვოკატი ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 10 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში სამინისტროს გადაწყვეტილებას "უკანონო, დაუსაბუთებელი და პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა: "სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებული ინფორმაცია, თითქოს საქართველომ მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე მიიღო დიპლომატიური გარანტიები მისი უფლებების დაცვის შესახებ, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალში გეგმავს თურქეთში მის ექსტრადიციას, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უკიდურესი დარღვევა და სრული უგულებელყოფა იქნება", - წერია განცხადებაში. სოსო ბარათაშვილმა ილაპარაკა ექსტრადიციის მოთხოვნის საფუძველზეც და თვლის, რომ ის ვერ უძლებს კრიტიკას. ადვოკატმა ილაპარაკა მუსტაფა ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრების მიმართ მუქარის ფაქტებზეც, რის შესახებაც პროკურატურას მიაწოდეს დოკუმენტური მასალა 12 ივლისს გამართულ შეხვედრაზე, ოჯახმა მოითხოვა დაცვის დანიშვნა და ელოდება რეაგირებას პროკურატურისგან. სოსო ბარათაშვილმა პროკურატურიდან მიღებული მასალების გაცნობის საფუძველზე განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო უწყებების სახელზე საზღვარგარეთ მცხოვრები 3900-მდე პირის თხოვნაა მოსული მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციაზე უარის თქმის მოთხოვნით. საქართველოს სასამართლოებში ექსტრადიციის საქმის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, ადვოკატი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს.