Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეკითხვები სამართალდამცველებს


რეპერების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისში
რეპერების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისში

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი, თურქეთის მოქალაქე, რომელსაც საქართველოდან ექსტრადიცია ემუქრება და, ბოლოს, დაკავებული რეპერები. ეს კვირა საქართველოში განსაკუთრებით ადამიანის უფლებების მხრივ გამოდგა მძიმე, რის გამოც სამოქალაქო საზოგადოებაში უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა დაგროვდა.

შეკითხვები სამართალდამცველებს
please wait

No media source currently available

0:00 0:05:18 0:00
გადმოწერა

კვირის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმე. 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებით, ბაქოს საპატიმროში აღმოჩნდა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. საგამოძიებო პროცესის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობის გარდა, ისინი მიუღებლად მიიჩნევენ საქმის გამოძიებას შს სამინისტროს მიერ, რომელსაც, დაკავებული მუხთარლის ნაამბობზე დაყრდნობით, გარკვეული ეჭვები უკავშირდება.

„ჩვენი არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, შს სამინისტრო და პროკურატურა არ გვაძლევენ შესაძლებლობას გავეცნოთ საქმის მასალებს, რადგანაც უარს გვეუბნებიან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაზარალებულად ცნობაზე“, აცხადებენ აფგან მუხთარლისა და მისი ოჯახის ადვოკატები.

გატაცებულია ადამიანი თბილისის შუაგულიდან, იმ ქუჩიდან, რომლის ახლოს არის პარლამენტის შენობა და ამ დრომდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს...
ნინო ზურიაშვილი

ამ ტიპის ბრალდებებს არ იზიარებს ხელისუფლება და მისთვის არც გამოძიების მსვლელობასთან დაკავშირებული ეჭვები და შეკითხვებია მისაღები.

ჟურნალისტ ნინო ზურიაშვილის შეფასებით, გამოძიება მიდის ძალიან ნელა და ამ დრომდე არანაირი ახალი დეტალი ცნობილი არ გამხდარა:

„გატაცებულია ადამიანი თბილისის შუაგულიდან, იმ ქუჩიდან, რომლის ახლოს არის პარლამენტის შენობა და ამ დრომდე გამოძიებას არანაირი შედეგი არ აქვს“.

6 ივნისს ასევე ცნობილი გახდა ბაქოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოსამართლემ აფგან მუხთარლი სამთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

7 ივნისს კი თბილისში გაიმართა თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის, მხარდამჭერი აქცია. ჩაბუქი, რომელიც, 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, თურქეთის მხარის მოთხოვნით 24 ივნისს დააკავეს და მას თურქეთში ექსტრადიცია ემუქრება. აქციის მონაწილეები, რომელთა შორის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ, ამბობენ, რომ ჩაბუქი უდანაშაულოა და ექსტრადიციის შემთხვევაში თურქეთში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი, ლინა ღვინიანიძე, ამბობს, რომ საქართველოს მხარე ვალდებულია სწორი, სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს:

„მთავარი ამოსავალი, რასაც ადგენს სამართალი და ადამიანის უფლებები, არის ის, რომ ექსტრადიციის თემაზე გადაწყვეტილება არ შეიძლება დაეფუძნოს არაფერს, გარდა ადამიანის უფლებათა ინტერესებისა. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი და განზომილება ისაა, რომ საქართველო ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ იქნება ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი უთხრა თურქეთს მისი მოქალაქის გადაცემაზე".

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია
მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია

24 მაისს ჩაბუქი დააკავეს თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით, 25 მაისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, თურქეთის მხარე მას ბრალად სდებს თანამშრომლობას ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული.

9 ივნისს თბილისში მცხოვრებმა კიდევ ერთმა აზერბაიჯანელმა, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პარტია „მუსავათის“ წევრმა დაშგინ აღარარლიმ განაცხადა, რომ უთვალთვალებენ და დევნიან. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ მას უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, პროკურატურამ კი აზერბაიჯანული პასპორტიც ჩამოართვა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, გატაცების შემდეგ, მისი განცხადებით, საქართველოში გადმოხვეწილ აზერბაიჯანელებს დაუცველობის განცდა კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. „ადამიანის უფლებათა სახლის“ იურისტებმა და თავად დაშგინ აღარარლიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს დაინტერესდეს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმით, მისცენ მას დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და, რაც მთავარია, დაიცვან მისი უსაფრთხოება, რომ მანაც მუხთარლის ბედი არ გაიზიაროს.

5 ივნისს ტელეკომპანია „იბერიამ“ გაავრცელა ვიდეომიმართვა ტყვეობაში მყოფი ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსურაულისა, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მუშაობდა კერძო კონტრაქტით, ვიდრე 2017 წლის იანვარში "23 მარტის მოძრაობის" (M23) მეამბოხეებმა არ დაატყვევეს. გავრცელებულ ვიდეოში ტყვეობაში მყოფი სამხედრო მფრინავი მიმართავს სოფელ ალვანში მცხოვრებ დედას, არ გაყიდოს სახლი მის დასახსნელად, მიხედოს მის ოთხ შვილს და არ დაიჯეროს, რომ მკვლელია და თითქოს ვიღაცები ჩახოცა.

ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში ამ საერთაშორისო სუბიექტებთან, რომლებიც უშუალოდ კონგოში იმყოფებიან და აქვთ სათანადო რესურსი და რომლებიც ჩვენი თხოვნითა და მიმართვით...
ბექა დვალი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შვეულმფრენი, რომელსაც სოსო ოსურაული მართავდა, მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს, თვითონ მფრინავი კი დაატყვევეს. რადიო თავისუფლება პრეტორიაში დაუკავშირდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბექა დვალს, რომლის თქმითაც, საგარეო უწყება ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს მფრინავის ბედის დასადგენად:

„ყოველდღიურ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში ამ საერთაშორისო სუბიექტებთან, რომლებიც უშუალოდ კონგოში იმყოფებიან და აქვთ სათანადო რესურსი და რომლებიც ჩვენი თხოვნითა და მიმართვით, ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევის პასუხად, გვპირდებიან, რომ არ იშურებენ ძალისხმევას ჩვენი თანამემამულის ბედის გასარკვევად. ჩვენ ყველა სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად უკეთესის იმედით. ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით“.

ხმაური გამოიწვია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებამ. „კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით“, - განაცხადა მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ის ნაწილი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხება. კობახიძის განცხადებით, ამ ჩანაწერის მიზანია გარკვეულ ჯგუფებს ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების საშუალება არ მიეცეთ, თუმცა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ინიციატივა ჰომოფობიური განწყობებისგან დაცვას ვერ მოემსახურება. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას პარლამენტი მას შემდეგ დაიწყებს, რაც ვენეციის კომისიის სხდომა გაიმართება, რომელიც 16 ივნისსაა დანიშნული.

ამ კვირაშივე გაირკვა, რომ კახა კალაძე, შესაძლოა, თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იყოს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ, მედიასთან საუბარში განაცხადა. თბილისის მერობის კანდიდატს ოფიციალურად „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ დაასახელებენ.

კვირის ბოლოს კი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ორი რეპერის დაპატიმრების საქმე. სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს ჯგუფ birja mafia-ს წევრები - მიხეილ მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ მგალობლიშვილი ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ ჯგუფმა თავისი კლიპით პოლიცია გააშარჟა.

საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. 10 ივნისს კი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დაკავებულთა მხარდასაჭერად მსვლელობა გაიმართა. გამომსვლელები ხელისუფლებისგან პოლიციელთა თვითნებური ქმედებების კონტროლსა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვდნენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG