Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუსლიმები და ქრისტიანები ადიგენში ერთ სასაფლაოს გაიყოფენ


მეჩეთი სოფელ ჭელაში, ადიგენის მუნიციპალიტეტი
მეჩეთი სოფელ ჭელაში, ადიგენის მუნიციპალიტეტი

ადიგენელ მუსლიმებსა და ქრისტიანებს ერთი სასაფლაო ექნებათ, რომელიც ორად გაიყოფა. ასეთია ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის რამდენიმედღიანი დაპირისპირების შემდეგ დაწყებული მოლაპარაკების შედეგი. 2 მარტს გადაწყდა, რომ ერთ სასაფლაოს ორი შესასვლელი ექნება და ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი, რაც ამ დროისათვის ადიგენში არსებულ დაძაბულ ვითარებას განმუხტავს.

სოფელს ერთი სასაფლაო ექნება, მაგრამ გამყოფი ხაზით: ერთ მხარეს ქრისტიანები დაიკრძალებიან, მეორე მხარეს კი მუსლიმები - ასეთია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენის მკვიდრთა საბოლოო შეთანხმება. დასავლეთ საქართველოს მუფტის ბეგლარ ქამაშიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს საუკეთესო გამოსავალია. 21-ე საუკუნეში ადამიანის საფლავი დაპირისპირების საგანი არ უნდა გახდეს:

„ეს გამყოფი ზოლი გამიჯნავს მუსლიმებისა და ქრისტიანების საფლავებს. სასაფლაო კი სოფელში ერთი იქნება. ორივეს თავისი შესასვლელი ექნება. რელიგია მუსლიმებს აძლევს ამის უფლებას. ვფიქრობთ, დღეს ეს ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა“.

სოფელ ადიგენის მკვიდრმა, ქრისტიანული თემის წარმომადგენელმა ზურაბ ტაბიძემ კი მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა და სოფელში მუსლიმებისათვის ცალკე სასაფლაო არ გაიხსნება.

„სასაფლაო იქნება ერთ ადგილზე! სხვა ადგილზე მარტო მუსლიმებისათვის სასაფლაოსთვის მიწა არ გამოიყოფა“.

შეთანხმების მიღწევის მიუხედავად, ადიგენში ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. დაკითხულია დაპირისპირებაში მონაწილე 4 პირი, ოთხივე ადგილობრივი ქრისტიანების წარმომადგენელი.

კომიტეტი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებლად მიიჩნევს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მყისიერად და კანონის სრული დაცვით და ნებისმიერი წინააღმდეგობრივი თემის დაუყოვნებლივ მხოლოდ მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით მოგვარებას...
ეკა ბესელია

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მოსახლეობას შორის ურთიერთობა ორი დღის წინ დაიძაბა - ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელსა და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ. თავდასხმის შედეგად სამმა მუსლიმმა ფიზიკური დაზიანება მიიღო.

ადიგენში მომხდარ ამბავს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ კომიტეტიც მზად არის მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთოს, თუ ეს საჭირო გახდება. ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს:

"საქართველო საუკუნეების მანძილზე არის მრავალფეროვანი ეროვნებისა თუ მრწამსის ხალხის თანაცხოვრების სანიმუშო მაგალითი. ეს არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულობა. ამდენად, ნებისმიერი გამოვლენა შეუწყნარებლობის და არატოლერანტულობის ეწინააღმდეგება სწორედ ქვეყნის კულტურულ ფასეულობებს. კომიტეტი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებლად მიიჩნევს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მყისიერად და კანონის სრული დაცვით და ნებისმიერი წინააღმდეგობრივი თემის დაუყოვნებლივ მხოლოდ მშვიდობიანი და მოლაპარაკებების გზით მოგვარებას. კომიტეტი მზადაა იყოს ჩართული ამ პროცესში".

მომხდარს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნების" ეთერში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძეც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს ფაქტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს შესაბამისმა სამსახურმა:

„მინდა მოვუწოდო და მივმართო სამართალდამცველ ორგანოებს. ვიცი, რომ საქმე უკვე აღძრულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ უნდა გამოიძიონ არა მხოლოდ ეს კონკრეტული დაპირისპირება, არამედ ის პროვოკაციაც, რომელმაც თავისთავად ეს ამბავი გამოიწვია. ეს საჭიროა იმისათვის, რომ შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები“, - განაცხადა თეოდორე ჭუაძემ და როგორც მუსლიმ, ისე მართლმადიდებელ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

ამ პრობლემის მეორე მხარე ის არის, რომ ხშირად შესამჩნევია ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის, ეკლესიის მხარდაჭერა ასეთი შეუწყნარებლობისადმი, ამის დასტურია მოხეც, ჭელაც...
ბექა მინდიაშვილი

სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმაც. ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას „გამოიყენოს ყველა გონივრული საშუალება დაძაბულობის თავიდან არიდებისა და ვითარების განმუხტვის მიზნით“. ასევე მოუწოდებს „სამართალდამცავ უწყებებს, აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უმოკლეს ვადაში გამოიძიოს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რათა დაპირისპირება და სამართალდამცავების დაგვიანებული ან არაჯეროვანი რეაგირება კიდევ ერთხელ არ გახდეს ძალადობის წახალისების საფუძველი“.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელ ადიგენში რელიგიური დაპირისპირების ესკალაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრიც“ და მოითხოვს, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოსაძიებლად. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ:

„ადიგენი რელიგიური დაპირისპირების ერთ-ერთი კერაა. სამწუხაროდ, ამ დაპირისპირებას ასაზრდოებს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ქადაგებების გავლენის ქვეშ მყოფი მოქალაქეების აგრესია. ისინი აცხადებენ, რომ მუსლიმებს სოფელში მეჩეთი არ უნდა ჰქონდეთ, ხოლო სოფლის ცენტრში არსებული ისტორიული მეჩეთი ეკლესიად უნდა გადაკეთდეს, რადგან თავის დროზე იგი დანგრეული ეკლესიების ქვებით არის აშენებული. მსგავსი მოსაზრებები გამოითქმის სხვა სოფლებშიც, სადაც კი საბჭოთა პერიოდში მუსლიმებისთვის ჩამორთმეული ისტორიული მეჩეთები არსებობს“.

ბექა მინდიაშვილი
ბექა მინდიაშვილი

ბოლო დღეებში ადიგენში განვითარებული მოვლენები, თეოლოგ ბექა მინდიაშვილის შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცველების უმოქმედობის შედეგია - როგორც წესი, ისინი ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან თავად ებმებიან პროცესში როგორც მხარე მუსლიმების წინააღმდეგ. ამის დასტურია ჭელის, მოხის, ქობულეთისა თუ სამთაწყაროს გახმაურებული ფაქტები:

„ეს კი ქმნის განწყობას, რომლის მიხედვითაც, ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს აქვს დაუსჯელობის განცდა და მათ, როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ თუკი ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდენენ, მათ ამის გამო სახელმწიფო პასუხს არ მოსთხოვს. ამ პრობლემის მეორე მხარე ის არის, რომ ხშირად შესამჩნევია ადგილობრივი მართლმადიდებელი მრევლის, ეკლესიის მხარდაჭერა ასეთი შეუწყნარებლობისადმი, ამის დასტურია მოხეც, ჭელაც. კომპლექსურად კი ეს ყველაფერი აჩენს ასეთ დაპირისპირებას, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან სახიფათოა“.

ბექა მინდიაშვილი ვერ იხსენებს ვერც ერთ ბოლომდე გამოძიებულ რელიგიური სიძულვილის საფუძველზე ჩადენილ დანაშაულს არა მხოლოდ მუსლიმთა თემის მიმართ, არამედ, ზოგადად, და ამბობს, რომ დღემდე არავინ სამაგალითოდ არ დასჯილა, - სამართალდამცავები, მისივე განცხადებით, დამნაშავეებს მხოლოდ მცირე ადმინისტრაციულ ჯარიმას აკისრებენ.

მინდიაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში 150-ზე მეტი მსგავსი დანაშაული მოხდა და არც ერთ მათგანზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩატარებულა. თუმცა ბექა მინდიაშვილი ახსენებს პოზიტიურ ტენდენციასაც: თუ აქამდე პრობლემად რჩებოდა კვალიფიკაციის მინიჭების საკითხი რელიგიური დევნის, დისკრიმინაციის, რელიგიური რიტუალების ხელის შეშლის ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისთვის, დღეს ეს შეცვლილია და, ადიგენის შემთხვევაში, საქმე აღძრულია სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ასევე მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG