Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება ადიგენში


სოფელი მოხე, ადიგენი
სოფელი მოხე, ადიგენი

1 მარტს კვლავაც დაძაბულობა იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში, სადაც ორშაბათს ადგილობრივი ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაშავებულია მუსლიმთა თემის სამი წარმომადგენელი. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სახელმწიფომ ადგილობრივ მუსლიმებს სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთი გამოუყო. ქრისტიანთა თემი ამის წინააღმდეგია, რადგან ვარაუდობს, რომ მუსლიმებს ეს ტერიტორია მეჩეთის ასაშენებლად სჭირდებათ. 29 თებერვალს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იმის გამო, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ დასახლებულ მუსლიმებს სოფელ ადიგენში თავიანთი სასაფლაო არ ჰქონდათ და მიცვალებულთა დასაფლავება სხვა სოფელში უწევდათ, ადგილობრივ ხელისუფლებას მათ ტერიტორიის გამოყოფის თხოვნით ერთი წლის წინ მიმართეს. ამ თხოვნის კვალდაკვალ, წელს, 25 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული კომისიის (რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის) სხდომაზე საკითხი დადებითად გადაწყდა. როდესაც ამ გადაწყვეტილების გასაცნობად სოფელში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ჩავიდა, მუსლიმების თქმით, სწორედ ამ დროს დაესხნენ მათ თავს მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანები. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შეხლა-შემოხლის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი. სამცხე-ჯავახეთის მუფტი მამუკა ვაშაყმაძე მომხდარს „ვანდალურ“ აქტს უწოდებს და ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებს:

„ეს არის ადამიანების დისკრიმინაცია და ვთხოვთ ჩვენს ხელისუფალს, პრემიერს, ქვეყანას, რომ დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნენ მიცემული კონკრეტული პიროვნებები, რომლებმაც ეს ადამიანები ასე დააზარალა და სცემა... და კონსტიტუციას თვით სახელმწიფომ სცეს პატივი და დაუყოვნებლივ ვთხოვთ ჩვენს ხელისუფალს, რომ მოაგვაროს ეს პრობლემა... პრობლემა ქუჩაში გარჩევით არ მოიხსნება, როგორც ეს ჩვენმა გამგებელმა გააკეთა - ამოვიდა და ხალხი ქუჩაში დააპირისპირა ერთმანეთს. ეს არის ძალიან ცუდი“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაქარია ენდელაძის თქმით, „მუსლიმი და ქრისტიანი თემები უნდა შეთანხმდნენ სასაფლაოს გაფართოების საკითხზე... და ორივე თემის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ დაასაფლაონ თავიანთი მიცვალებულები“. გამგებელი დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ საკითხის შეჯერების მიზნით თემებს შორის „აქტიური მუშაობა მიმდინარეობს“ და რომ საბოლოო გადაწყვეტილება ყველას დააკმაყოფილებს.

საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლურად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება...
მუსლიმთა სამმართველოს განცხადება

ოპტიმისტური განცხადებების მიუხედავად, ზაქარია ენდელაძეს, მუსლიმების გარდა, ადგილობრივი ქრისტიანებიც აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მან წინდახედულება არ გამოიჩინა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილება ნაჩქარევად, ღია ცის ქვეშ გააცნო მუსლიმებს. მართალია, ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს გმობენ, მაგრამ ადგილობრივი მართლმადიდებლები კვლავაც საკუთარ აზრზე რჩებიან და 1 მარტსაც იმასვე იმეორებდნენ, მუსლიმებისთვის ცალკე სასაფლაოს გახსნას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთო:

„სასაფლაო იქნება ერთი. თუ მათი სურვილია, რომ სოფელ ადიგენის სასაფლაოზე, რადგანაც ქრისტიანები ასაფლავებენ იქ, არ დამარხონ ის ხალხი, მაშინ სადაც უნდათ, იქ წაიყვანონ... ჩვენ არაფრით არ დავუშვებთ, რამდენი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. ყველაფერი ქაღალდზე დაწერილი დარჩება. ჩვენ არ დავუშვებთ ახალი სასაფლაოს გახსნას... ჩვენთან ერთად თუ უნდათ ურთიერთობა, ჩვენთან ერთად ცხოვრება თუ უნდათ, ჩვენთან ერთად თუ იზიარებენ ყველაფერს, უნდა დავიმარხოთ ყველანი ერთად – არის იქ სოფლის ერთი საერთო სასაფლაო, არ გაიხსნება მეორე სასაფლაო ჩვენს სოფელში, გამორიცხულია ეს. აგერ დგას ჩვენი სოფლის ახალგაზრდობა და ეს არის ჩვენი, ყველას, აზრი“.

ქრისტიანთა თემისთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ, მუსლიმური რელიგიის მიხედვით, მუსლიმი მიცვალებულის სხვა აღმსარებლობის სასაფლაოზე დაკრძალვა არ შეიძლება. არადა, ეს რომ ასეა, 1 მარტს (თავის წერილობით განცხადებაში) კიდევ ერთხელ გაიმეორა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, რომელიც გმობს 29 თებერვალს მომხდარ დაპირისპირებას და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს:

„საუკუნეების მანძილზე საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანები მშვიდობიანად, მეგობრულად და ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლურად თანაცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ხელოვნურად ხდება მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირების ინსპირირება. ვფიქრობთ, რომ ადიგენში მომხდარი ფაქტიც არის ხელოვნურად ინსპირირებული. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაწყებულია გამოძიება და, აქედან გამომდინარე, მივმართავთ სამართალდამცავ უწყებებს, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს ფაქტის გამოძიება და დასჯილ იქნენ დამნაშავეები. მოვუწოდებთ მოსახლეობას შეინარჩუნონ სიმშვიდე და დაელოდონ გამოძიების დასრულებას“.

სოფელ ადიგენში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალყურს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და იურიდიულ მომსახურებას უწევს დაზარალებულ პირებს. სამშაბათს ადგილზე იმყოფებოდა ორგანიზაციის ადამიანის უფლებების იურისტი თამთა მიქელაძე და როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის მძიმე და აგრესიული განწყობები არ განელებულა, ეს ტენდენცია 1 მარტსაც შეინიშნებოდა და ასეთ განწყობებს დაუსჯელობის სინდრომიც კვებავს:

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

„სახელმწიფოს პოლიტიკა მთელ რიგ შემთხვევებში არ იყო ეფექტიანი და ჩვენ გვაქვს ქობულეთსა და სამთაწყაროში კონსერვირებული შემთხვევები; ასევე ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი მოხის მეჩეთის საკითხი და რეალურად ეს პრობლემაც კონსერვირებულია... ამასთან, როცა ჭელასა და მოხეში თავად შს სამინისტრომ გამოიყენა არაპროპორციული ძალა მუსლიმების მიმართ, გამოიყენა სიძულვილის ენა და მოახდინა მათი კოლექტიური დაკავება, რაც რეპრესიის დემონსტრირება იყო, რა თქმა უნდა, ეს, მთლიანობაში, დაუსჯელობის პრობლემას ქმნის საზოგადოებაში და დომინანტ რელიგიურ ჯგუფს ეძლევა გზავნილი, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი აგრესიულ-ძალადობრივი იდეები და მიდგომები განახორციელონ და რომ მუსლიმი თემის წარმომადგენლები, გარკვეულწილად, მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან ამ სახელმწიფოში“.

იმისათვის, რომ იგივე ბედი არ ეწიოს სოფელ ადიგენში 29 თებერვალს მომხდარ ძალადობის ფაქტსაც, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ხელისუფლებას საქმის დროული გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისკენ მოუწოდებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით სიტუაციის განმუხტვა „სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად“ მოხერხდა და „სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს“. შს სამინისტროს მიერ 1 მარტს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო. ამავე განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, „თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს“.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG