დღევანდელ სიუჟეტს მცირე განმარტებით დავიწყებ, რომელიც ინგლისურ სიტყვა „ტეპინგს“ (tapping) უკავშირდება და ქართულად „კაკუნს“ ნიშნავს, ხოლო მუსიკალური თვალსაზრისით, ტერმინში სიმებიან საკრავებზე ისეთი საშემსრულებლო ტექნიკა მოიაზრება, როცა მუსიკოსი ბგერებს გრიფზე თითების რბილი შეხებით გამოსცემს. უფრო მარტივად რომ ვთქვა, მაგალითად, გიტარაზე ორივე ხელით ფორტეპიანოს პრინციპით დაკვრა იგულისხმება. თავის მხრივ, „ტეპინგის“ ორი სახეობა არსებობს: ერთხმიანი და პოლიფონიური. ერთხმიანი, როგორც ყველაზე გავრცელებული ფორმა, მეტწილად, როკმუსიკაში შეინიშნება: გიტარისტები თავბრუდამხვევი, იმპროვიზაციული პასაჟების შესასრულებლად მარცხენა და მარჯვენა ხელის თითებით მონაცვლეობით ირჯებიან. „პოლიფონიური ტეპინგი“ კი უფრო რთული ფორმაა და, ერთხმიანისგან გასხვავებით, ორივე ხელით დამოუკიდებელი პარტიების ერთდროულად შესრულებას ითვალისწინებს. მაგალითად, მარცხენა ბასურ ხაზს, აკორდულ აკომპანემენტს მიუყვება, ხოლო მარჯვენა სოლო მეტყველებაზეა პასუხისმგებელი. ასეთ დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სცენაზე არა ერთი, არამედ რამდენიმე გიტარისტი იმყოფება. ჰოდა, „პოლიფონიური ტეპინგის“ ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ქართველმა მსმენელმა 3 წლის წინ „ბლექ სი ჯაზ ფესტივალზე“ იხილა კიდეც. დიახ, ცნობილ ამერიკელ გიტარისტს, სტენლი ჯორდანს ვგულისხმობ - მუსიკოსს, რომელიც კრიტიკოსთა გარკვეულ წრეებში ხსენებული „ტეპინგის“ სულისჩამდგმელადაც მოიაზრება. ბუნებრივია, ეს მოსაზრება სადავოა. როგორც ამბობენ, მსგავსი ტექნიკით ჯერ კიდევ პაგანინი უკრავდა, ხოლო აღმოსავლურ ტრადიციულ მუსიკაში უხვად მოიძებნება „ტეპინგზე“ გათვლილი უძველესი საკრავები. მიუხედავად ამისა, სტენლი ჯორდანი რომ „პოლიფონიური ტეპინგის“ დიდებული ოსტატი ბრძანდება, ამაზე არავინ დაობს.
სტენლი ჯორდანი ჩიკაგოში დაიბადა. ბავშვობაში მამის ფირფიტების კოლექციიდან კლასიკურ მუსიკას მიეძალა და პროკოფიევის საფორტეპიანო თხზულებები ამოიჩემა. გატაცება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ პიანისტობა გადააწყვეტინა. 6 წლიდან შეუდგა ფორტეპიანოზე დაკვრის ხელოვნების შესწავლას, კლასიკურ განათლებას დაეწაფა, დროდადრო კი საკუთარ ნაწარმოებებსაც თხზავდა ხოლმე. თუმცა რამდენიმე წლის თავზე მის მშობლებს გაუჭირდათ და ინსტრუმენტის გაყიდვა მოუხდათ. პატარა სტენლის გიტარაღა შერჩა, ხოლო მისი მუსიკალური მიდრეკილებები თანდათან როკენროლისკენ გადაიხარა. როგორც თავად იხსენებს, ახალ საკრავს ალღო მალევე აუღო, თუმცა აზროვნება და უნარ-ჩვევები პიანისტის ჰქონდა, რამაც გიტარაზე ფორტეპიანოს პრინციპით, „ტეპინგის“ ტექნიკით დაკვრის იდეა გაუჩინა. მისი აზრით, ნოვაციური მიდგომა გიტარისგან გაცილებით მეტი ბგერის, ტონალური დიაპაზონის, უფრო რთული აკორდებისა და მელოდიური ხაზის გამოძალვის საშუალებას მისცემდა.
უჩვეულო ხელწერის ახალგაზრდა მუსიკოსმა დიდ სცენაზე მალევე დაიმკვიდრა თავი. 70-იანი წლების ბოლოს ჯერ საქსოფონისტ ბენი კარტერის ბენდში გამოჩნდა, ხოლო მოგვიანებით მესაყვირე დიზი გილესპის ორკესტრის მარაქაშიც გაერია, რასაც არტ ბლეიკსა და სტენლი კლარკთან განხორციელებული ერთობლივი პროექტები მოჰყვა. სოლო კარიერა კი 1985 წლიდან წამოიწყო - ხმის ჩამწერმა სტუდია „Blue Note Records“-მა სადებიუტო დისკი “Magic Touch” გამოაშვებინა, რომელშიც, „ბიტლზის“, ჯიმი ჰენდრიქსის, მაილს დევისის, თელონიუს მონკის კომპოზიციების ჯაზური ინტერპრეტაციების გარდა, საკუთარი სამი თხზულებაც ზემოხსენებული „ტეპინგის“ ტექნიკით შეასრულა. ალბომს არნახული წარმატება ხვდა წილად როგორც კრიტიკოსების წრეებში, ასევე გაყიდვის თვალსაზრისით. ის „გრემზეც“ კი წარადგინეს, რაც მეტად იშვიათად ხდება, როცა საქმე სადებიუტო ნამუშევრებს ეხება. მეტიც, სახელოვანმა უფროსმა კოლეგამ ჯონ სკოფილდმა აღფრთოვანება ვერ დამალა და სტენლი ჯორდანი გენიოსად მოიხსენია.
ამჟამად სტენლი ჯორდანი, ვირტუოზი გიტარისტი, ერთ-ერთი იმათგანია, ვისზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ამერიკულ თუ ევროპულ სცენაზე. რამდენიმე ხნის წინ კი არიზონას უნივერსიტეტში მუსიკალური თერაპიის ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. საკონცერტო ტურნეების დროს სხვადასხვა ქვეყნის სკოლებსა თუ კლინიკებს სტუმრობს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ე.წ. „ბგერით თერაპიას“ უტარებს.