მოგეხსენებათ, რომ ოცდაშვიდიანელთა მითად ქცეულ კლუბში მეტწილად როკ და ბლუზური ყაიდის მუსიკოსები ჭარბობენ. თუმცა ცრემლი და ტკივილი არც ჯაზურ სამყაროს დაჰკლებია. საქსოფონისტი ჩარლი პარკერი, კორნეტისტი ბიქს ბაიდერბეკი, ბასისტი ჯაკო პასტორიუსი, კონტრაბასისტი პოლ ჩემბერსი, მესაყვირეები კლიფორდ ბრაუნი, ფეტს ნავარო, ლი მორგანი, გიტარისტი ჩარლი კრისტიანი და მრავალი სხვა ახალგაზრდა მუსიკოსი აღესრულა ნაადრევად. დღევანდელი სიუჟეტის გმირიც ამ სახელოვანი ბატონების იმქვეყნიურ ჯემ-სეიშენს 25 წლის ასაკში შეუერთდა. იტალიური სისხლის ამერიკელ კონტრაბასისტს სკოტ ლაფაროს ვგულისხმობ, რომელსაც 3 აპრილს 77 წელი შეუსრულდებოდა. ბიოგრაფიის თხრობას, ჯობს იმ 4 ალბომზე მოგახსენოთ, რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის ნიჭიერებასა თუ უნიკალურობას. მეტი, საუბედუროდ, არ დასცალდა.
50-იანი წლების ბოლოდან დავიწყებ, როცა ბილ ევანსს ჯაზური მუსიკის ისტორიაში ყველაზე წონადი ალბომის, მაილს დევისის "Kind of Blue"-ს შექმნაში უკვე მიეღო მონაწილეობა და არცთუ მოკრძალებული წვლილიც შეეტანა შედევრით "Blue In Green". თუმცა "ნამაილსარს" სათქმელი არ ამოეწურა. მისი თითებით ქმნილ მუსიკას კარგი გამგები და საშემსრულებლო ტექნიკითა თუ აზროვნების პროგრესულობით გამორჩეული მონათესავე სულიღა სჭირდებოდა. ჰოდა, იპოვა - დასარტყამებზე პოლ მოტიანს (გნებავთ, პოლ მოუშენს), ხოლო კონტრაბასზე სკოტ ლაფაროს მიუჩინა ადგილი. ეს უკანასკნელი ციდან არ ჩამოვარდნილა. 23 წლის მუსიკოსს უკვე ისეთი წარსული ჰქონდა, ბევრ მასზე გამოცდილ კოლეგას რომ შეშურდებოდა - ორნეტ კოულმანის იმ ცნობილ ანსამბლურ იმპროვიზირებაში მოესწრო დაკვრა, რომელიც "ფრი ჯაზის" დაბადებად შეირაცხა. ჰოდა, ბილ ევანსი თვალდახუჭული მიენდო, ლაფაროს მუსიკალურ ვნებებს სრული თავისუფლება მიანიჭა და შედეგმაც არ დააყოვნა. შეიქმნა ალბომი, სახელწოდებით "Portrait In Jazz", სადაც, ჯაზური ტრიოს ისტორიაში პირველად, ფორტეპიანოს, როგორც წამყვანი ინსტრუმენტის, დიქტატურა დაემხო. მარტივად რომ ვთქვა, თუ აქამდე რიტმსა და ბასურ ხაზს შავ-თეთრი კლავიშების მხოლოდ აკომპანირება ევალებოდა, ალბომში სამივე თანასწორად ამეტყველდა, ერთდროული სოლირება და შეხმატკბილებული იმპროვიზაციული დიალოგი შედგა. ამგვარი რევოლუციური ფორმატი განსაკუთრებით ისეთი თემების გასვინგებულ ვერსიებში იკვეთება, როგორიცაა მაგალითად, "Autumn Leaves" და "What Is This Thing Called Love?". თუმცა ლაფარომ ევანსი თავის ნებაზე არც ბალადებში მიუშვა. ამ მხრივ კი "Blue In Green"-ს გამოვარჩევდი, სადაც მთელი პიესის მანძილზე კონტრაბასისტი პიანისტთან ერთად ულამაზესი ინტონაციებით სოლირებს.
დიახ, ალბომი "Portrait In Jazz" რევოლუციური იყო, რადგან თავდაყირა დააყენა საფორტეპიანო ტრიოს მანამდე არსებული სტილისტიკა. თუმცა მეორე ალბომი "Explorations" სადებიუტოზე უკეთესი გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ ისევე როგორც ერთი მთლიანი ცოცხალი სხეულია, ასევეა ცალ-ცალკე, ბილ ევანსის, პოლ მოტიანისა და სკოტ ლაფაროს სოლო ნამუშევარიც: დრამერის შარიშური და რიტმული აქცენტები პიანისტის მიერ გამოთავისუფლებულ სივრცეებს ავსებს, ხოლო ლაფარო კონტრაბასზე საგიტარო ტექნიკით უკრავს, ზოგან დუდუნა, რბილი ბგერით, ზოგან კი სიმების დამთრგუნველი ტკაცატკუცით არ აძლევს ევანსს განმარტოების, თავში ჩაკეტვის საშუალებას. დევისის "Nardis"-ში მის მიერ დაკრული სოლო მუსიკალური აზროვნებისა და ბასური მეტყველების შედევრია.
"1001 მუსიკალური ალბომი, რომლებსაც უნდა მოუსმინო, სანამ პირში სული გიდგას" - დაახლოებით ასე ჟღერს ვინმე რობერტ დიმერის რედაქტორობით 2005 წელს გამოცემული წიგნი. მასში 1955 წლიდან გამოშვებული ყველაზე ღირებული პროექტების ჩამონათვალია. ალბომები წლების მიხედვით გახლავთ დახარისხებული. 1961-ში კი მხოლოდ ორი დისკი ფიგურირებს, როგორც წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა და ბილ ევანსის ტრიოს საუკეთესო ნამოქმედარი: "Waltz for Debby"და "Sunday At the Village Vanguard". ორივე ნიუ-იორკის სახელოვან კლუბში, „ლაივშია“ ჩაწერილი. ერთგან დევისის კლასიკას "Milestones"-ს და ემოციურ ბალადას "Some Other Time " გამოვყოფდი, მეორეგან კი გერშვინისა და კოულ პორტერის სტანდარტებს. თუმცა, "კვირადღის" მთავარ ღირსებად კონტრაბასისტის, სკოტ ლაფაროს ორი ნატიფი თხზულება მიმაჩნია: ”Gloria’s Step” და "Jade Visions”, რომლებიც, სამწუხაროდ, კონტრაბასისტის ჯაზურ სცენაზე თქმული უკანასკნელი სიტყვა აღმოჩნდა - ჩაწერიდან სულ რაღაც 10 დღეში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
დღესდღეობით ტრიოს არც ერთი წევრი ცოცხლებში აღარ წერია. მათ მიერ შექმნილი 4 დისკის გამოცემიდან კი 50 წელი გავიდა. ჰოდა, ამ ნახევარი საუკუნის მანძილზე ბევრი საფორტეპიანო ტრიო გვინახავს თუ მოგვისმენია, მაგრამ, მე რომ მკითხო, მათსავით ვერავინ გაუგო ერთმანეთს.