Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაილსი ინდოეთიდან


მოგეხსენებათ, ჯაზი ორსაუკუნოვანი ამერიკული მოვლენაა, რაგა კი – გაცილებით ასაკოვანი, ათასწლოვანი ისტორიის მქონე ინდური ტრადიციული მუსიკა. სხვადასხვა სამყაროსა თუ კულტურულ სივრცეში იშვნენ და ზიარი მხოლოდ ბუნება-ხასიათი აქვთ – ორივე თავისუფალი და იმპროვიზაციული ზნისა ბრზანდება. გასულ სიუჟეტებში ამ სულით ნათესაობაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი: ერთხელ ტრილოკ გურტუ გავიხსენე, ძველინდურ ტრადიციებს თანამედროვე დასავლურ მუსიკალურ ფორმებს რომ უსადაგებს, არც ჯო ზავინულის "სინდიკატი" დამვიწყებია – ლათინოამერიკული, აფრიკული თუ ინდური ფოლკლორული ფერებით სავსე ჯადოსნური სამყარო, ელის კოლტრეინის მომნუსხავ მედიტაციებსაც მოვუსმინეთ და, რა თქმა უნდა, ამგვარი რამე-რუმეების სულისჩამდგმელს, "მსოფლიო მუსიკის ნათლიად" წოდებულ რავი შანკარსაც მივაგე პატივი, რომლის გარეშეც ამერიკულ და ინდურ მუსიკას მეტად გაუძნელდებოდა დაახლოება.
ჰოდა, დღესაც ერთ ისეთ ალბომზე მოგახსენებთ, ვედური ჰიმნების სამყაროს ჯაზური მარშრუტით რომ მოგვატარებს. თუმცა ჯერ იმ პატივცემულ ხალხს ვახსენებ, ვისაც ორიენტალური გზებით უვლია. მულტიინსტრუმენტალისტი რაჰსაან როლანდ კერკი, საქსოფონისტი იუსეფ ლატიფი, კონტრაბასისტი ჩარლი მინგუსი და მესაყვირე დიზი გილესპი – ეს იმ ამერიკელ მუსიკოსთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა მუსიკაში სხვადასხვა დროს ჩნდებოდა ხოლმე აფრიკული თუ აღმოსავლური ინტონაციები. ჯონ კოლტრეინისა და ერიკ დოლფის გენიალური ნაწარმოები India კი ამ მოგზაურობის ყველაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება გახლავთ – "რამაიანაა", მუსიკის ენაზე თქმული ვიშნუს ამბავი.



ბუნებრივია, ზემოხსენებულ ბატონებს არც მაილს დევისი გამოჰკლებია. 70-იანებში ეთნიკური მუსიკა ჯაზ-როკს დაუკავშირა და "ფიუჟენად" ცნობილ ახალ მიმდინარეობას ჩაუყარა საფუძველი ალბომებით: "Bitches Brew", "Big Fun" და "On the Corner". ხსენებული სამი დისკიდან უკანასკნელს, "On the Corner"-ს, გამოვყოფდი, სადაც ინდურ ტრადიციულ რიტმიკას მოდალური ჯაზისა თუ ჯაზ-როკის ელემენტები მოარგო და "ფიუჟენის" შემდგომ თაობასაც - ჯონ მაკლაფლინსა და ჩიკ კორეასაც - დააკვრევინა. ჰოდა, მთავარ სათქმელსაც მივადექი – ამ ორის მონაწილეობით 2008 წელს ორმაგი დისკი "მაილსი ინდოეთიდან" გამოვიდა, რომელმაც დევისის ინდურ ყაიდაზე მორჯულებული თემები გააერთიანა ალბომებიდან: "Bitches Brew", "In A Silent Way" და "Kind of Blue". პროექტის კონცეფცია პროდიუსერმა ბობ ბელდენმა შეიმუშავა - ერთი მხრივ, ინდოელ მუსიკოსებს, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ჯაზმენებს მოუყარა თავი, სხვადასხვა დროს მესაყვირესთან რომ თანამშრომლობდნენ. ჯონ მაკლაფლინი და ჩიკ კორეა უკვე ვახსენე, მათ გარი ბარტსი, დეივ ლიბმანი, მაიკ სტერნი, რონ კარტერი, მაიკლ ჰენდერსონი, მარკუს მილერი, ჯიმი კობი, ლენი უაიტი და მრავალი სხვა გამოჩინებული შეუერთდა.



ჩაწერები 5 სხვადასხვა ქალაქში - ბომბეიში, მადრასში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში - პარალელურად მიმდინარეობდა. აქედან გამომდინარე, არტისტების უმეტესობას ერთმანეთი თვალითაც არ უნახავს, ინსტრუმენულ ხაზებს ერთმანეთს უგზავნიდნენ და იმპროვიზაციულად დაუსწრებლად ამდიდრებდნენ. ასე შეიქმნა "So What", ბომბეელი პერკუსიონისტის სელვა განეშის, რონ კარტერისა და ჩიკ კორეას მონაწილეობით, "Great Expectation", რომელზეც ინდოელმა მუსიკოსებმა მადრასში, ხოლო მარკუს მილერმა ჩიკაგოში იმუშავა, 20 წუთიანი ულამაზესი მედიტაცია "Spanish Key", "In a Silent Way" და სხვ. მოკლედ, "მაილსი ინდოეთიდან" ყველა თავმოყვარე მელომანს უნდა ეგულებოდეს, რადგან არა მარტო ერთ-ერთი უძლიერესი "ფიუჟენ" ალბომია, არამედ დევისის "ფიუჟენ" საქმეების ღირსეული გაგრძელება და პატივის მიგების წარმატებული მცდელობაც გახლავთ. სიუჟეტს კი ჩემი უსაყვარლესი თემით დავასრულებ, "Blue In Green"-ს ვგულისხმობ, რომლის ჩაწერისას დრამერი ჯიმი ჯობი, კონტრაბასისტი რონ კარტერი და გიტარისტი მაიკ სტერნი ნიუ-იორკში ირჯებოდნენ, ხოლო "მგალობელი შაშვი" შანკარ მაჰადევანა ხმას ბომბეიდან აწვდენდა.

XS
SM
MD
LG