Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარმენ მაკრეი


ჯაზის ისტორიას მრავალი სახელოვანი ქალი მომღერალი ქმნიდა. თუმცა, საუკეთესოთა შორის საუკეთესონი არც ისე ბევრნი იყვნენ. ელა ფიცჯერალდი, სარა ვონი, ბილი ჰოლიდეი, ნინა სიმოუნი, დაინა ვაშინგტონი და კიდევ რამდენიმე ვოკალისტი. მათ გვერდითაა კარმენ მაკრეიც, გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა.

კარმენ მაკრეი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:04 0:00
გადმოწერა

მუსიკათმცოდნეთა თქმით, მასზე დიდი გავლენა ბილი ჰოლიდეიმ მოახდინა, მიუხედავად ამისა, მან ინდივიდუალური ხელწერის ჩამოყალიბება მაინც მოახერხა. ულამაზესი ხმისა და დიდი დიაპაზონის გარდა, ფრაზების არტიკულირების ინდივიდუალური ხერხები, ვირტუოზული იმპროვიზირებისა და ტექსტების იუმორით ინტერპრეტირების უნარები ჰქონდა, რაც მსმენელზე მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენდა.

კარმენ მაკრეი 1920 წლის 8 აპრილს, ჰარლემში, იამაიკელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ფორტეპიანოზე დაკვრა რვა წლიდან დაიწყო, ჯაზი კი ლუი არმსტრონგისა და დიუკ ელინგტონის ფირფიტების სმენისას შეიყვარა. 17 წლის ასაკში ბილი ჰოლიდეი გაიცნო. როგორც თავად იხსენებდა, ამ შეხვედრამ საბოლოოდ განსაზღვრა მისი მომავალი. რაც შეეხება პროფესიულ კარიერას, შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ასაკშივე დაიწყო. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, როცა მისი მუსიკალური მონაცემებით პიანისტი ტედი უილსონი და მისი ცოლი, კომპოზიტორი ირენ კიჩინგსი დაინტერესდნენ. მათ გოგონას სამსახური გაუხერხეს, უფრო ზუსტად კი, პიანისტად მუშაობა ჰარლემის ყველაზე ცნობილ კლუბ „Playhouse Minton“-ში დააწყებინეს. პირველად კი, 1944 წელს ბენი კარტერის ბიგბენდში ამღერდა.

1948 წელს კარმენ მაკრეი ჩიკაგოში გადავიდა. აქ ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბენდთან თუ შემსრულებელთან განაგრძობდა თანამშრომლობას. მისი თქმით, ჩიკაგოს პერიოდი ყველაზე მეტად დაეხმარა პროფესიულ ზრდასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. მართალია, არტისტის ვოკალური დებიუტი ჯერ კიდევ 40-იანებში შედგა, თუმცა საყოველთაო აღიარება 10 წლის თავზე მოიპოვა. მან მონაწილეობა მიიღო ცნობილი კომპოზიტორისა და არანჟირებათა ავტორის, რალფ ბერნსის პროექტში. დისკზე ცნობილი სტანდარტების ინტერპრეტაციები და სპეციალურად ალბომისათვის დაწერილი სიმღერები შევიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კარმენ მაკრეის აკომპანირება ლეგენდარულმა ტენორ-საქსოფონისტმა ბენ ვებსტერმა გაუწია. იმავე წელს, ჟურნალმა „დაუნბითმა“ კარმენი წლის საუკეთესო მომღერლად აღიარა.

კარმენ მაკრეის პოტენციალი უყურადღებოდ არ დარჩენილა. 50-იანი წლების წამყვანმა ბენდლიდერებმა, ინსტრუმენტალისტებმა და ვოკალისტებმა მასზე ნადირობა დაიწყეს, საკუთარ პროექტებში იწვევდნენ. ასე შეიქმნა რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის ალბომი. მაგალითად, 1957 წლის დისკი „Boy Meets Girl“, რომელიც არტისტმა ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობთან სემი დევის უმცროსთან ერთად ჩაწერა. საინტერესო გამოდგა კარმენ მაკრეის თანამშრომლობა დეივ ბრუბეკთან და ლუი არმსტროგთან ორკესტრ „The Real Ambassadors“-ის ფორმატში. ასევე აღსანიშნავია, რამდენიმე ალბომიც, რომლებიც მომღერალმა ლეგენდარულ მუსიკოსებს: თელონიუს მონკს, სარა ვონსა და, რა თქმა უნდა, ბილი ჰოლიდეის – თავის კერპს მიუძღვნა.

კარმენ მაკრეი სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა სტუდიურ თუ საკონცერტო მოღვაწეობას. მონაწილეობდა თითქმის ყველა მნიშვნელოვან ჯაზურ ფესტივალზე. 1991 წელს კი, ავადმყოფობის გამო, იძულებული გახდა საბოლოოდ წასულიყო სცენიდან. მას ფილტვის ემფიზემა დაუდგინეს, რაც თამბაქოს დიდი რაოდენობით მოხმარებამ გამოიწვია. არტისტი 1994 წლის 10 ნოემბერს ინსულტის შედეგად აღესრულა.

XS
SM
MD
LG