Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეფრი ორიემა


Exile – ჯეფრი ორიემას ალბომის გარეკანი
Exile – ჯეფრი ორიემას ალბომის გარეკანი
ეს ისმაელ ლოს ძველისძველი ჰიტი „Tajabone“, ჩემი არ იყოს, ალბათ, იმ სიმღერებს შორის გეგულებათ, რომელთაც სათითაოდ მოჰყვება სასიამოვნო მოგონებები. 20 წლის წინ ძალიან პოპულარული იყო. ისმაელ ლოს სახელი ყველას პირზე გვეკერა და ამ ლამაზი მელოდიის ღიღინსაც არ ვთაკილობდით. ჯერ ალმოდოვარმა გაგვაცნო, შემდეგ კი ქართულმა რადიოებმა ამოიჩემეს - დღე და ღამე ატრიალებდნენ. თუმცა მაშინ FM სიხშირეზე გამეფებულ სენეგალელს ერთი სერიოზული კონკურენტიც ჰყავდა, რომელიც არანაკლები ტკბილხმოვანებით გამოირჩეოდა. მისი არსებობა დღეს ცოტას თუ ახსოვს, დაუმსახურებლად მივიწყებულია. სწორედ ამ უსამართლობას გამოვასწორებ და ჯეფრი ორიემას ამბავს გიამბობთ.

მუსიკოსი უგანდაში დაიბადა. როგორც ტრადიციულ აფრიკულ ოჯახს ეკადრება, სახალხო მთქმელებისა თუ მომღერლების გარემოცვაში იზრდებოდა. 7 წლის ასაკში იქაურ ხალხურ ინსტრუმენტზე, შვიდსიმიან „კორაზე“ უკრავდა და საკუთარ სიმღერებს თხზავდა. აი, მამას კი ჯეფრის ღიღინი გვარიანად უშლიდა ნერვებს, მაღალი თანამდებობის პირი გახლდათ და შვილს პოლიტიკაში ხედავდა: გზას გავუკვალავ, დიდი კაცი დადგებაო. მოკლედ, იმ ბოთე მშობლის კლასიკური მაგალითი ბრძანდებოდა, ნაშიერს თავის ხოშზე რომ უწყვეტენ ცხოვრების წესსა და მომავალს. საბედნიეროდ, დედა გამოადგა ბრძენი, რომელიც იმხანად ცნობილ ერთ საბალეტო დასს ხელმძღვანელობდა. შემოქმედებით საქმეებში მეტად ჩახედული ხელოვანის კვალობაზე, ვაჟის თვალებში მოცეკვავე ჭინკების ამოცნობა არ გასჭირვებია. გასტროლებზე სულ თან დაატარებდა. ჯეფრიც დედის ალი-კვალი გამოდგა - კამპალას თეატრალურ აკადემიაში, სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა, ორი წლის თავზე კი მეგობრებისგან საკუთარი თეატრალური დასი შეაკოწიწა, სპექტაკლებს დგამდა და თავადვე მონაწილეობდა. რაც მთავარია, წარმოდგენებისთვის მუსიკალური პიესების წერას შეუდგა, რაც მისი პირველი მცდელობები იყო აფრიკული და დასავლური მუსიკის შერწყმის საქმეში.



ახლა მეტად უსიამოვნო ამბავიც უნდა გიამბოთ, რომელმაც თავდაყირა დააყენა ჯეფრის ცხოვრება. როგორც ვთქვი, მამამისი პოლიტიკოსი გახლდათ, რომელიც იმხანად ბუნებრივი რესურსების მინისტრად მუშაობდა იმ უხსენებლის კაბინეტში, იდი ამინად რომ ვიცნობთ. მისი მმართველობის ბოლო წლები იდგა, ჭკუიდან მთლად გადასულიყო და თავი მუდმივმოქმედ პრეზიდენტად გამოეცხადებინა. 1977 წელს ჯეფრის მამას ოპოზიციურ გუნდში გადასვლა არ აპატია და ერთ დანავსულ დილას მოატაცებინა, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჯერ სასტიკად აწამებინა, შემდეგ კი სადღაც მიყრუებულ ადგილას დაახვრეტინა. ოჯახს ცხედარიც კი არ აღირსეს, კამპალას რადიომ კი მორიგ მოღალატედ გამოაცხადა: ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა და ავტოსაგზაო შემთხვევას შეეწირაო. საფრთხე მემკვიდრესაც ემუქრებოდა, ამიტომ ავტომანქანის საბარგულში დამალულს კენიაში მოუხდა გაპარვა, საიდანაც მალევე საფრანგეთში გაემგზავრა. ამ ამბის მერე, ბუნებრივია, დიდხანს არ ემღერებოდა. უცხო მხარეში სრულიად მარტოს თავი რომ გაეტანა, ხან მტვირთავად, ხანაც მეეზოვედ უხდებოდა მუშაობა. თუმცა მისი ბედი გაჩენისთანავე იყო გადაწყვეტილი, რადგან მუსიკას თავად აერჩია ჯეფრი და არა პირიქით, ჯეფრის - მუსიკა. ისიც მოჰყვა ტკივილით გაჯერებული სევდიანი სიმღერების წერას.



1987 წელს ობოლი ბიჭის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა - მსოფლიო მუსიკის, ხელოვნებისა და ცეკვის საერთაშორისო ფესტივალზე (WOMAD) მიიწვიეს. მისი აფრიკულ სისხლში დამბალი ხმით პიტერ გებრიელი მოიხიბლა, ჯერ თავის ცნობილ სტუდიაში Real World-ში მიიპატიჟა, ხოლო ერთი წლის თავზე „უემბლიზე“ დაიყენა გვერდით: მანდელას მხარდაჭერის ნიშნად „ბიკო“ შეასრულეს. ჯეფრიმ „სუაჰილიზე“ საკუთარი სიმღერებიც მოაყოლა. ჰოდა, ეგრევე აფრიკელ ლეონარდ კოენად შერაცხეს. 1990 წელს კი პირველი სოლო ალბომი „ექსაილ“ გამოსცა, რომლის პროდიუსერობა ბრაიან ინომ ითავა.

ჯეფრი ორიემა დღეს მაინცდამაინც ბევრს არ გასტროლირებს, ჯაზურ და ეთნო მუსიკის ფესტივალებზე თუ გადაეყრება კაცი ან ადამიანის უფლებათა დაცვის ეგიდით გამართულ კონცერტებზე. მეტწილად სტუდიაში აგრძელებს ექსპერიმენტებს: სხვადასხვა გეოგრაფიული სივრცეები, კულტურული იდიომები შემოაქვს მუსიკაში, მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორისა და ამერიკული ბლუზის ელემენტებს არგებს მშობლიური კონტინენტის რიტმიკასა და ჰარმონიას. მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, მისი მუსიკა თვალშისაცემად აფრიკული ფერებისაა, თავისუფლად სუნთქავს, სინათლითა და სილაღითაა სავსე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG