14 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა დამტკიცდა. სია საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. დამტკიცდა ასევე ის შეღავათები, სახელფასო თუ საპენსიო დანამატები, რომელსაც მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების მკვიდრნი მიიღებენ.
სოფელ მუგუდის მკვიდრი 47 წლის ნინო წიკლაური რამდენიმე წელია ჭართლის საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლის. მისი ხელფასი 400 ლარს შეადგენს. კლასში ყოველდღიურად 2-დან 8 მოსწავლემდე ზის. ნინო იმ ოჯახების გვარებს ჩამოთვლის, რომლებმაც იმის გამო, რომ სოფლად სამუშაო ვერაფერი ნახეს, სახლ-კარი დატოვეს და ქალაქში გადავიდნენ. თუკი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათები სოფელ მუგუდასაც შეეხება, რომელიც მთიულეთში მდებარეობს, ნინო დარწმუნებულია, რომ ბევრი ოჯახი საკუთარ სახლს დაუბრუნდება:
„ეს შეღავათები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აქ მოსახლეობის დამაგრებას და, ვფიქრობ, ვინც წასულია, იმათ დაბრუნებასაც. ერთი ოჯახი წავიდა და ორი ბავშვი წაიყვანა, მეორე ოჯახმა - ოთხი ბავშვი. კიდევ ერთი ოჯახიც წავიდა: მშობლებს სამუშაო არ ჰქონდათ, აქ სამსახური ვერაფერი იპოვეს და იძულებულნი გახდნენ შვილებიც წაეყვანათ და ქალაქში გადასულიყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი რაიმე პირობები შეიქმნება უკან მოსაბრუნებლად, ისევ აქ მოვლენ“.
პრაქტიკულად, ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას...ნოდარ ხადური
მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ნინოს, როგორც პედაგოგს, ხელფასიც უნდა გაეზარდოს. 14 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებში მომუშავე პედაგოგების ხელფასი 2016 წლის აპრილიდან გაიზრდება. ამ და ე.წ. მთის კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა საბჭოს ერთ-ერთი წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი:
„სკოლის პედაგოგებს ვუზრდით ხელფასებს. ისინი განაკვეთზე მიიღებენ 50 %-იან დანამატს. რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი აპრილის თვეში სერტიფიცირებული პედაგოგის ხელფასი იქნება 550 ლარი, მთის პედაგოგი 550-ლარიან ხელფასზე მიიღებს 50-%-იან დანამატს, ანუ 275 ლარით მეტს“.
14 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხა. სია საქართველოში მდებარე 1600 დასახლებულ პუნქტს აერთიანებს. ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, ეს სტატუსი დასახლებებს 10 წლის მანძილზე შეუნარჩუნდებათ, 10 წლის შემდეგ კი, კანონის მოქმედების შედეგებიდან გამომდინარე, გადაისინჯება დასახლებული პუნქტების სია. მისივე განმარტებით, კანონის მთავარ მისიას წარმოადგენს მთის დაცლის პროცესის შეჩერება, ეკონომიკის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა. აღსანიშნავია, რომ, 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თითქმის 24 პროცენტითაა შემცირებული სოფლის მოსახლეობა. 14 დეკემბერსვე განიხილეს საბჭოს წევრებმა კანონქვემდებარე აქტი „მთის საწარმოს სტატუსის მოსაპოვებლად“:
„კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება სწორედ ის პროცედურები და მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო. მარტო რეგისტრაცია საკმარისი არ არის. მან თუ იქ საქონელი არ აწარმოა, ისე ამ სტატუსს ვერ მოიპოვებს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ ქართულ ბიზნესს, რომ გააფართოონ თავიანთი წარმოება ან გადმოიტანონ მაღალმთიან რეგიონებში“.
ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, „მთის საწარმოს სტატუსის“ მქონე საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათები 2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. შეღავათები შეეხება მოგების, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადებს:
„პრაქტიკულად, ეს არის კანონი, რომელიც ითვალისწინებს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით ინვესტიციების სტიმულირებას და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“.
ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, დაინტერესებულმა კომპანიებმა მთის საწარმოს სტატუსის მინიჭებისათვის უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს, რის შემდეგაც დამუშავებულ პროექტს საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს მთავრობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას სტატუსის მინიჭების შესახებ.
რაც შეეხება სოციალურ შეღავეთებს, 2016 წლის პირველი იანვრიდან, კანონის მიხედვით, მთაში დაბადებულ ყველა ბავშვზე ოჯახი ყოველთვიურად მიიღებს ასლარიან დახმარებას ერთი წლის მანძილზე. 2016 წელს მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებებში მცხოვრებთა პენსია 56 ლარით იზრდება და, ჯამში, 216 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მთიანი რეგიონებისათვის იგეგმება ელექტროენერგიისა და გათბობის შეღავათების პროგრამის ამოქმედება. კანონის თანახმადვე, სოფლის ექთნებისა და ექიმებისათვის განისაზღვრა სახელფასო დანამატი. 2016 წლის სექტემბრიდან სოფლის ექთნის ხელფასი 180 ლარით, 630 ლარამდე გაიზარდა. სოფლის ექიმის ხელფასი იზრდება 360 ლარით და პირველი სექტემბრიდან ის 1010 ლარი გახდება.
რაც შეეხება თავად მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხს, როგორც ზაქარია ქუცნაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, სტატუსის მინიჭება განისაზღვრა როგორც ჰიფსომეტრიული პარამეტრების, ისე ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების გათვალისწინების პრინციპით, ანუ ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზემოთ დასახლებულ ტერიტორიებს ავტომატურად მიენიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. ასევე ავტომატურად მიენიჭა ეს სტატუსი ისეთ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებს, როგორიცაა: სვანეთი, მაღალმთიანი რაჭა, გურია, მთიულეთი, ხევსურეთი, თუშეთი, ფშავი, პანკისი. სრული ნუსხა იმ დასახლებებისა, რომლებსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.