სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გეგმავს. ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაატაროს - მაგალითად, შეამციროს საწვავის ხარჯი ან უარი თქვას საკუთარი უწყებისათვის რბილი ავეჯის შეძენაზე. სახელმწიფო სამსახურებს ხარჯების შემცირების გეგმის წარმოსადგენად ათდღიანი ვადა მიეცათ.
შესამცირებელ საბიუჯეტო ხარჯებს შორის შესაძლოა მოხვდეს ადმინისტრაციული შენობების რემონტის, ახალი ავტომობილებისა თუ მობილური ტელეფონების, მივლინებების, საწვავისა თუ რბილი ავეჯის შესაძენი თანხა, სხვა სამეურნეო ხარჯებიც - 5 მარტს მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოწოდება სახელმწიფო სამსახურების ხელმძღვანელებისადმი სწორედ ამგვარი ხარჯების შემცირებას გულისხმობდა. სწორედ ამ გზით აპირებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი ლარის გამყარებას:
„მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების მქონე ავტომობილებისა, დაახლოებით 30%-ით უნდა შევამციროთ საწვავის ხარჯიც“.
არ შეიძლება ვილაპარაკოთ რესურსების შემცირებაზე, თუ ამის საფასური შეუსრულებელი ვალდებულებები და არასრულფასოვანი პროგრამები იქნება. ამიტომ არის აქცენტი გადატანილი ადმინისტრაციულ ხარჯებზე...თამარ სანიკიძე
მინისტრების ნაწილი აცხადებს, რომ კონკრეტულ პროექტებზე გამოყოფილი თანხა ვერ შემცირდება, რადგან ეს საქმეს გააფუჭებს, თუმცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე მთავრობის ეკონომიკური გუნდის წინადადების საპასუხოდ ამბობს, რომ მისი უწყება სხვა ხარჯების შემცირებაზე იფიქრებს:
„არ შეიძლება ვილაპარაკოთ რესურსების შემცირებაზე, თუ ამის საფასური შეუსრულებელი ვალდებულებები და არასრულფასოვანი პროგრამები იქნება. ამიტომ არის აქცენტი გადატანილი ადმინისტრაციულ ხარჯებზე, რომელთა შემცირება შედეგზე არ იმოქმედებს“.
6 მარტს ფინანსთა მინისტრის მოწოდებას კიდევ რამდენიმე მინისტრი გამოეხმაურა. მათ შორის, სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ხარჯების შემცირებას არ გეგმავს არც სოციალური და არც ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში:
„ეს ისედაც შეწონილი ბიუჯეტია და მე რომ ვთქვა, რომ ხარჯებს შევამცირებთ, არ იქნება გამართლებული, რადგან ჩვენ ისედაც გაცილებით მეტი გვინდოდა, მეტი გვაქვს გასაკეთებელი და ისედაც შეკვეცილი ბიუჯეტით ვსარგებლობთ. შესაბამისად, ალბათ, ეს უფრო შეეხება სატელეკომუნიკაციო, ავეჯის და მსგავს ხარჯებს“.
50-დან 70 000 ლარამდე ხარჯების შემცირებას ელის ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრი დავით სერგეენკო. მისი განცხადებით, მათ უკვე შეამცირეს საწვავის, სამივლინებო და საოფისე ხარჯები.
საქართველოს მთავრობამ ეს ქამრები შემოუჭირა საქართველოს მოქალაქეებს, გააღარიბა ისინი, საკუთარი კომფორტისა და კეთილდღეობისათვის კი ყველა პირობა შეიქმნა. ამ ფონზე, ჩვენ ვერ ვხედავთ მათი მხრიდან ვერანაირ ხარჯების შემცირების პოლიტიკას.აკაკი მინაშვილი
მთავრობა ხარჯების შემცირებისაკენ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და სასამართლოსაც. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პარლამენტარები არ იღებენ პრემიებს და, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, მათ სამეურნეო ხარჯებიც საკმაოდ შეზღუდული აქვთ. საზოგადოების მიმართ „მორალური სოლიდარობის“ მომხრეა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე:
„ყველას უნდა გვქონდეს ამის განცდა, რომ ზედმეტი ხარჯი ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ზიანი, ეს არის შენი ქვეყნის საზოგადოების მიმართ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა, ამიტომ თუ არის რაიმე რესურსი, რაც არ არის დიდად აუცილებელი, ის უნდა ჩამოგვეჭრას და არ გამოვიყენოთ“.
უმცირესობაში ხელისუფლების „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკას სკეპტიკურად უყურებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, თუ ვინმეს მთავრობამ ქამარი შემოაჭერინა, ეს საქართველოს მოსახლეობაა:
„საქართველოს მთავრობამ ეს ქამრები შემოუჭირა საქართველოს მოქალაქეებს, გააღარიბა ისინი, საკუთარი კომფორტისა და კეთილდღეობისათვის კი ყველა პირობა შეიქმნა. ამ ფონზე, ჩვენ ვერ ვხედავთ მათი მხრიდან ვერანაირ ხარჯების შემცირების პოლიტიკას“.
უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, ხათუნა გოგორიშვილის, განცხადებით კი, სასაცილოა ქამრების შემოჭერაზე საუბარი იმ ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც მოსვლის დღიდან უკვე მილიონები დახარჯა:
„ამ ხელისუფლებამ საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე 356 მილიონი ლარი დახარჯა, 147 მილიონი დახარჯა ავტომობილების შეცვლაში, ასევე მიღებებსა და რესტორნებში - ას მილიონზე მეტი. ასე რომ, სასაცილოა მათი განცხადებები ქამრების შემოჭერის თაობაზე“.
სახელმწიფო უწყებებმა საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გეგმა 16 მარტამდე უნდა წარმოადგინონ, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტრო 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს მოამზადებს და საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს.