Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავარი პროკურორი პრემიერის პოზიციას არ და ვერ იზიარებს


არჩილ კბილაშვილი
არჩილ კბილაშვილი
მთავარი პროკურორი არ იზიარებს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს იმ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ციხის სკანდალური კადრების ავტორი და გამავრცელებელი ვლადიმერ ბედუკაძე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა. არჩილ კბილაშვილი ბედუკაძის გათავისუფლებას არ ნანობს და რომც ნანობდეს, მას გადაწყვეტილების შეცვლის ბერკეტები მაინც არ გააჩნია. ”ნაციონალური მოძრაობა” მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს.

მთავარი არგუმენტი, რის გამოც მთავარმა პროკურორმა ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების შუამდგომლობას მოაწერა ხელი, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანთა ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა შეწყდა. როგორც არჩილ კბილაშვილმა 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა,
ვლადიმერ ბედუკაძე ციხის სკანდალური კადრებიდან 7 ეპიზოდში იქნა დადანაშაულებული, თუმცა გათვალისწინებულ იქნა, რომ 7-ვე ეპიზოდი გამოძიებას თავად ბედუკაძემ წარუდგინა და ამით, სისტემის მხილებასთან ერთად, საკუთარი თავიც დააყენა საფრთხის წინაშე. არჩილ კბილაშვილის გათვლით, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობის გათვალიწინებით, ვლადიმერ ბედუკაძემ ”საკუთარი თავი დაუქვემდებარა 30 წლით სასჯელის მოხდას ციხეში”. ამასთან, ბედუკაძეს, მთავარი პროკურორის თქმით, არ უვაჭრია ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი მასალებით, რითაც დასტურდება ის, რომ მისი მამოძრავებელი ანგარება არ ყოფილა.

მთავარი პროკურორის პოზიციას პრემიერ-მინისტრი რომ არ იზიარებს, ეს მის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წერილიდან გამოჩნდა. ის ფიქრობს, რომ ”არანაირი სახის განსაკუთრებული გარემოება არ შეიძლება იყოს საფუძველი წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებისათვის”. ამავე წერილში პრემიერ-მინისტრმა ბედუკაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ არგუმენტებს არადამაჯერებელი უწოდა და მთავარ პროკურორს მიმართა, რომ თუკი გაზიარებული იქნებოდა მისი მოსაზრებები, იქნებ გამონახულიყო ”სამართლებრივი საშუალებები გადაწყვეტილების გადასინჯვისთვის”.

როგორც ირკვევა, მთავარი პროკურატურის შუამდგომლობამ, პრემიერ-მინისტრის გარდა, შეკითხვები გაუჩინა ახალი ხელისუფლების არაერთ წარმომადგენელს - მთავრობასა თუ პარლამენტში. თუმცა პრემიერ-მინისტრის მიერ პოზიციის გამოხატვამდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობდა ამის შესახებ. მათ შორის იყო, მაგალითად, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი - თინათინ ხიდაშელი.

როგორც მთავარმა პროკურორმა აღნიშნა 9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრის პოზიცია ”მაღალ მორალურ სტანდარტს” ეყრდნობა და ის პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ბედუკაძის შემთხვევაში ასეთი სტანდარტით მოქმედება სამართლიანი არ იქნებოდა. არჩილ კბილაშვილი ძველ აზრზე რჩება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის არც გადაწყვეტილების შეცვლის ბერკეტებს ფლობს:

”რაც შეეხება რაიმეს შეცვლას, ამ მხრივ საპროცესო კანონი არ უშვებს რაიმე შესაძლებლობას. ამიტომ, რომც მქონდეს, ვთქვათ, აზრი შეცვლილი და სურვილი, რომ რაიმე შევცვალო, ამის შესაძლებლობა არ არსებობს. ასე რომ, ეს გადაწყვეტილება დარჩება ისე, როგორც ეს არის მიღებული”.

არჩილ კბილაშვილის მიერ 9 ივლისს ბედუკაძის სასარგებლოდ ჩამოთვლილ არგუმენტებს შორის იყო ერთი არგუმენტი, რომელმაც განსაკუთრებით მიიქცია ოპონენტების ყურადღება. ეს არგუმენტი ციხის სკანდალური ჩანაწერების გავრცელების დროს უკავშირდება. მთავარი პროკურორის თქმით, ეს მოხდა 2011 წლის სექტემბერში, ანუ იქამდე მოხდა, ვიდრე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის სურვილს გამოამჟღავნებდა; ხოლო გამოქვეყნება იმიტომ შეფერხდა, რომ საჭირო იყო ვლადიმერ ბედუკაძის პირად უსაფრთხოებაზე ზრუნვა. არჩილ კბილაშვილის განმარტებებს არ იზიარებს ოპოზიცია. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით განცხადება 9 ივლისს უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა. გაისმა არაერთი შეკითხვა და მოთხოვნა:

”ჩვენ მოვითხოვთ მთავარი პროკურორისგან, რომ დაასახელოს პირები, ვინც ამ კადრებს მალავდა, შესაბამისად - ფარავდა დანაშაულს და ინახავდა ამ კადრებს ბიძინა ივანიშვილის და ”ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ეტაპისთვის. ჩვენ გვაქვს კითხვები, რომლებზეც კბილაშვილს საერთოდ არ გაუცია პასუხი. კერძოდ, რატომ დაისაჯნენ ასე მსუბუქად ბედუკაძის თანამონაწილეები და მისი თანაგუნდელები”.

წამების ფაქტებში დადანაშაულებული პირებისთვის სასჯელის ზომა ასევე არასაკმარისად მიაჩნია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე კახა კოჟორიძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ საკითხზე თავის დროზე სათანადოდ არც საკანონმდებლო ორგანო დაფიქრებულა:

”სასჯელები არაადეკვატურია: ერთი წელი, ორი წელი; მაქსიმალური სასჯელია - 6 წელი და 9 თვე. როდესაც წამებაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის ადეკვატური სასჯელი. პარლამენტსაც უნდა ეფიქრა მაშინ, როდესაც ამნისტიის შესახებ კანონს ღებულობდა და უნდა ჩაეწერა, რომ ამნისტია არ ეხება წამებას. რადგანაც ამნისტიის შესახებ კანონი ერთი მეოთხედით შეეხო ყველა დანაშაულს, შესაბამისად, შეეხო წამებასაც და ერთი მეოთხედი სწორედ ამნისტიის შესახებ კანონმა მოაკლო სასჯელებს”.

რაც შეეხება ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების შუამდგომლობას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურორმა კანონი დაარღვია, რადგანაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-8 პუნქტი კრძალავს წამებაში, წამების მუქარაში და დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაში მხილებული პირების სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას. 9 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში საია ასევე აღნიშნავს, რომ ”სამართლებრივად უპერსპექტივოა” ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ დამდგარი განაჩენის შეცვლის შესაძლებლობა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ მთავარმა პროკურორმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და რომ იუსტიციის მინისტრმა მისი გადაყენების პროცედურა უნდა დაიწყოს. ”პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მთავარ პროკურორს ”იუსტიციის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი”. როგორც არჩილ კბილაშვილმა აღნიშნა 9 ივლისს, ეს შეიძლება მოხდეს როგორც დღეს და ხვალ, ასევე, ვთქვათ, ათი წლის შემდეგ, ანუ ნებისმიერ დროს, და ამისთვის ის ყოველდღიურად არის მზად.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG