Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვს „აბსურდულად“ მიაჩნია კრიტიკა მოსკოვის „შავი სიის“ გამო


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „აბსურდულად“ მიიჩნევს კრიტიკას, რომელსაც ევროკავშირი გამოთქვამს მოსკოვის „შავი სიის“ გამო. ამ სიაში შეყვანილ 89 ევროპელ პოლიტიკოსს უარს ეუბნებიან რუსეთის ტერიტორიაზე შეშვებაზე. ვის და რატომ არ უშვებენ რუსეთში?

ბრიტანეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი ნიკ კლეგი, ჩეხეთის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კარელ შვარცენბერგი, ევროპარლამენტის გერმანელი და შვედი წევრები, რებეკა ჰარმსი და ანა მარია კორაცა ბილდი, სხვა პოლიტიკური მოღვაწეები – სულ 89 ადამიანი, მოსკოვის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით ცნობილი პირია შეყვანილი მოსკოვის „შავ სიაში“. მათ ეკრძალებათ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა.

მოსკოვმა გასული კვირაში მიაწოდა ინფორმაცია ამ სიის შესახებ ევროკავშირს და უარი თქვა მის გასაჯაროებაზე. მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა: ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა სია, რომელშიც ევროკავშირის 17 ქვეყნის წარმომადგენლები შედიან.

ევროპაში აქამდეც ვარაუდობდნენ „შავი სიის“ არსებობას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა მაია კოციანჩიჩმა ბრიუსელში 1-ელ ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო შემთხვევები, როცა ევროპელი პოლიტიკოსები უკან გააბრუნეს რუსეთის საზღვრიდან: მაშინ მათთვის წინასწარ არ იყო ცნობილი სანქციების შესახებ.

„89 პირის სია ახლა უკვე მოგვაწოდა რუსეთის ხელისუფლებამ. ჩვენ არ გაგვაჩნია დამატებითი ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების პროცესის კრიტერიუმების სამართლებრივ საფუძველზე, მაგრამ კვირის მიწურულს ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ამ ზომებს სრულიად თვითნებურად და გაუმართლებლად მივიჩნევთ – განსაკუთრებით, ყოველგვარი განმარტებისა და გამჭვირვალობის არარსებობის გამო. ჩვენ განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან, რომელთა მოქალაქეებსაც სანქციები ეხება“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინის პრესმდივანმა.

გთხოვთ დაიმახსოვროთ და თქვენს მკითხველებს, მსმენელებს მოუყვეთ: ჩვენ, ასეა თუ ისე, შესაბამისი ზომით ვუპასუხეთ ცალმხრივ, არამეგობრულ, არაფრით პროვოცირებულ ნაბიჯს. და ეს გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ძალიან დიდხანს ვიკავებდით თავს.
სერგეი ლავროვი

ბრიუსელში რომ „სრულიად თვითნებურად და გაუმართლებლად მიაჩნიათ“ მოსკოვის ნაბიჯი - ეს ჯერ კიდევ შაბათს ითქვა. ხოლო კვირას გავრცელებული ცნობებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა გააკეთა შეფასება, რომ შავი სია „კიდევ უფრო ამცირებს ურთიერთნდობას“. ნიდერლანდის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბერტ კოენდერსმა რუსეთის ელჩი დაიბარა სანქციასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების მისაღებად, ხოლო შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მარგოტ ვალსტრიომმა „შავი სიის შედგენას“ უწოდა „ძალიან უცნაური ქმედება, რომელიც, სამწუხაროდ, არ აუმჯობესებს რუსეთის იმიჯს“.

ამ კრიტიკას 1-ელ ივნისს მოჰყვა გამოხმაურება რუსეთის საგარეო უწყებიდან. მინისტრის მოადგილე ალექსეი მეშკოვის განმარტებით, აკრძალვა არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და ევროკავშირისთვის სიის მიწოდების ერთადერთი მიზანია, ცხოვრება გაუადვილდეთ სიაში შეყვანილ პირებს, რომლებიც კრემლის აქტიური ოპონენტები არიან.

მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განმარტა: „მე როგორც მესმის, გვადანაშაულებენ იმაში, რომ „თვითნებურად“, „სრულიად უსაფუძვლოდ“ შევადგინეთ იმ პირთა სია, რომლებსაც ეკრძალებათ რუსეთის ფედერაციაში შესვლა - მაშინ, როცა ევროკავშირის მხრიდან დაცული იყო ყველა წესი, რადგან ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანილმა ყველა რუსმა ეს დაიმსახურა. იცით,... (იცინის) ძალიან უხერხულია ასეთი ლოგიკის აბსურდულობისა და უაზრობის ახსნა, რადგან ეს წარმოადგენს მცდელობას, საერთაშორისო სამართალს ჩაანაცვლო საკუთარი პოლიტიკური მიდრეკილებები“, – განაცხადა ლავროვმა 1-ელ ივნისს მოსკოვში, იტალიელ კოლეგა პაოლო ჯენტილონისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა, თავის მხრივ, „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა ევროკავშირის სანქციებს, რომლებიც ითვალისწინებს საბანკო აქტივების გაყინვას და ვიზებზე უარს 151 პირისთვის - რუსეთის მოქალაქეებისათვის და პრორუსულ სეპარატისტულ ბრძოლაში მონაწილე უკრაინელებისთვის.

„გთხოვთ დაიმახსოვროთ და თქვენს მკითხველებს, მსმენელებს მოუყვეთ: ჩვენ, ასეა თუ ისე, შესაბამისი ზომით ვუპასუხეთ ცალმხრივ, არამეგობრულ, არაფრით პროვოცირებულ ნაბიჯს. და ეს გავაკეთეთ მას შემდეგ, რაც ძალიან დიდხანს ვიკავებდით თავს“ - განუმარტა მოსკოვში პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა.

ევროკავშირის სანქციების მიზეზად, როგორც ცნობილია, სახელდება რუსეთის მიერ შარშან მარტში ყირიმის უკანონო ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების მხარდაჭერა. მაგრამ რა არის რუსეთის, როგორც ლავროვმა არაერთხელ აღნიშნა, „საპასუხო“ სანქციების მიზეზი?

„ჩვენ მიერ შემოღებული საპასუხო სანქციები ეხებოდათ მოღვაწეებს, რომლებიც უაღრესად აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც რუსები უკრაინაში გახდნენ დევნისა და დისკრიმინაციის სამიზნე“, – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თუმცა, თავიანთ მოღვაწეობას სრულიად განსხვავებულად ხედავენ „შავ სიაში“ შეყვანილი ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის, გერმანელი ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი. როგორც ის ამბობს, მოსკოვის „შავ სიაში“ შეყვანილი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, მხარს უჭერენ ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას რუსეთში.

ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, კარელ შვარცენბერგი კმაყოფილებას ვერ მალავს: სიაში ისეთი გვარები წავიკითხე, რომ ვფიქრობ, ძალიან კარგ საზოგადოებაში ვარო.

XS
SM
MD
LG