Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიგენის მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს


სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებლები სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბა. ისინი ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით პასუხს რეგიონის პირველი პირებისგან მოითხოვენ. რა დაპირება მიიღეს მათ გუბრნატორის მოადგილისგან და აუნაზღაურდებათ თუ არა 14 სექტემბერს ძლიერი სტიქიით მიყენებული ზარალი?

ადიგენის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის მცხოვრებლები სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. ამბობენ, რომ შემოდგომით მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მათ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა. ადგილობრივები, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილეს შეხვდნენ და დანაპირების შესრულება მოსთხოვეს. დაზარალებულთა მტკიცებით, თუ სახელმწიფო მათ ზარალს არ აუნაზღაურებს, ზამთარში თავის გატანას ვერ შეძლებენ.

ადიგენის მოსახლეობა იმასაც აცხადებს, რომ ზარალის ანაზღაურების თაობაზე დაპირება რეგიონის პირველი პირებისგან სტიქიიდან მეორე დღესვე მიიღეს. განადგურებული მოსავალი გუბერნატორმა და მისმა მოადგილემ ადგილზე დაათვალიერეს, თუმცა, დაპირების მიუხედავად, კომპენსაცია დაზარალებულებზე ამ დრომდე არ გაცემულა.პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსახლეობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მისვლასაც არ გამორიცხავს.

„სტიქიით დაზარალებულთა დახმარება აუცილებლად მოხდება“, – აცხადებს მედიასთან სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე და ამატებს, რომ ზარალის შესწავლასა და დასკვნის დადებას დიდი დრო დასჭირდა, რის გამოც პროცესი დროში გაიწელა. ავთანდილ კაჭაკაჭაშვილი აცხადებს, რომ, დროის მოგების მიზნით, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ორი ჯგუფი ითვლიდა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ცხრა სოფლის მოსახლეობას მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურა. ნახევარსაათიანი გადაუღებელი ნალექის გამო დაზიანდა ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ასევე სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები დასაცხოვრებელი სახლები. ზარალის საერთო ოდენობამ მუნიციპალიტეტში 1 091 000 ლარზე მეტიშეადგინა.

XS
SM
MD
LG