Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ივლიტის მოსახლეობა რაბათში ახალციხის ციხესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ითხოვს


რაბათი
რაბათი

ამორტიზებული გზა, რომელიც ტურისტებს ახალციხის ისტორიულ კომპლექსთან აკავშირებს და საფრთხე, რომლის წინაშეც სოფელ ივლიტის მოსახლეობა ყოველი წვიმის დროს დგება – ადგილობრივები გზის მონაკვეთის რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას მოითხოვენ. ივლიტაში ამბობენ, რომ გზა მთლიანად ამორტიზებულია და ტრანსპორტს გადაადგილება უჭირს. გარდა ამისა, მონაკვეთზე გაბიონები და სანიაღვრე არხები არ არსებობს, რის გამოც ყოველი წვიმის დროს მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დატბორვის საფრთხის წინაშე დგას. ივლიტელები იმასაც ამბობენ, რომ ბოლოს ძლიერი წვიმა ივნისის თვეში დაფიქსირდა და მაშინ გზა ნაშალი მასალით შეივსო, თუმცა აღნიშნული მონაკვეთი ამ დრომდე არ გაწმენდილა.

ივლიტის გზა ბოლოს 2012 წელს, ახალციხის ციხის რეაბილიტაციის დროს, მოიხრეშა. როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი განმარტავს, გზა ტურისტებისთვის შენდებოდა. მალხაზ გიქოშვილის თქმით, ახალციხის ისტორიულ კომპლექსთან ვიზიტორებს სწორედ ეს გზა აკავშირებდა. მისივე განმარტებით, ადგილზე როგორც გარეგანათების, ისე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა ხელისუფლების შეცვლის გამო გეგმების განხორციელება ვეღარ შეძლეს, ახალმა მთავრობამ კი პროექტის გაგრძელება აღარ მოისურვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ივლიტის გზა მიმდინარე წელს მოიხრეშება და ნაპირსამაგრი სამუშაოებიც ჩატარდება. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ამ დროისათვის გზის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადებულია, თუმცა რა თანხის ფარგლებში იგეგმება ამორტიზებული გზის რეაბილიტაცია, გელა ნოზაძე ვერ აკონკრეტებს - ამბობს, რომ ეს სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადების შემდეგ გახდება მედიისთვის ცნობილი.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ივლიტის ორკილომეტრიანი გზა ერთადერთია, რომლითაც დიდი ზომის ტრანსპორტი ქალაქის ისტორიულ კომპლექსამდე მისვლას მოახერხებს. გზის რეაბილიტაციის შემთხვევაში, პრობლემა მოგვარდება როგორც იმტურისტებისთვის, რომლებიც ავტობუსებით გადაადგილდებიან, ასევე სოფელ ივლიტის მოსახლეობისთვის.

XS
SM
MD
LG