Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მორატორიუმის იდეა – თემა პოლიტიკოსებისთვის და დისკუსიისთვის


ქართულ–ოსური სამოქალაქო დიალოგის („თვალსაზირისი“) ფორმატში, ქართველმა და ოსმა პოლიტოლოგებმა პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა წარმოადგინეს. მოულოდნელი იყო ოს პოლიტოლოგ კოსტა ძუგაევის განცხადება, რომლის თანახმადაც, მხარეებმა პოლიტიკურ საკითხებზე მოლაპარაკებების პროცესში 5 წლიანი მორატორიუმი უნდა გამოაცხადონ. ძუგაევის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რეინტეგრაციაა, სამხრეთ ოსეთისთვის კი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარება და რუსეთთან შეერთება. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ საკითხებში წარმოუდგენელია შეხების წერტილების მოძებნა, მაგრამ არსებობს ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული საკითხები, რომელთა ირგვლივაც შესაძლებელია ურთიერთგაგების მიღწევა. ძუგაევის აზრით, ახალი წლიდან როგორც თიბილოვის, ისე ივანიშვილის მთავრობას ქართულ–ოსურ ურთიერთობებში ახალი სტარტის დაწყება მოუწევთ. ამიტომ, მისი აზრით, უკეთესი იქნება, თუ ამ სტარტს პოლიტიკური კონტექსტი მოშორდება. სწორედ ამიტომ ძუგაევი პოლიტიკური საკითხების განხილვაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

„ჩემი აზრით, ჩვენს საერთო ინტერესებში უნდა იყოს გარკვეული მორატორიუმის გამოცხადება ან, შესაძლოა, ამას სხვა რაღაც ვუწოდოთ. აი, რამდენ ხანს არ უნდა შევეხოთ მას (პოლიტიკას), ეს დამოკიდებულია შიდაპოლიტიკური პროცესების დინამიკაზე საქართველოსა და სამხრეთ ოსეთში. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის მოქმედი ხელისუფლების კეთილი ნების ქონა-არქონაზე. ჩემი აზრით, ეს სადღაც 5 წელი უნდა გაგრძელდეს, შემდეგ ვითარება უფრო ცხად კონტურებს მიიღებს და უფრო გავერკვევით ამ დროის განმავლობაში“, – აცხადებს კოსტა ძუგაევი.
მე ვთვლი, რომ არ შეიძლება მოლაპარაკება დაიწყოს იმ საკითხებით, რომელთა განხილვითაც ის უნდა დამთავრდეს. არის გარკვეული თანმიმდევრობა ...
გიორგი ხუციშვილი

კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ყურადღებით უსმენდა კოსტა ძუგაევის გამოსვლას. მისი თქმით, ეს მოსაზრება ახალი არ არის და მასზე ქართველ ექსპერტებსაც ნაფიქრი აქვთ. ხუციშვილის აზრით, მხარეებმა არ უნდა დაიწყონ იმ თემებზე ლაპარაკი, რაც დასაწყისშივე მოლაპარაკების პროცესს მოკლავს. ეს თემები კი პოლიტიკური ხასიათისაა. ამიტომ, კონფლიქტოლოგის აზრით, ხელისუფლებებმა როგორც ცხინვალში, ისე თბილისში ანალიტიკოსების მოსაზრებები უნდა გაიზიარონ და ყურადღება ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებისკენ მიმართონ.

„მე ვთვლი, რომ არ შეიძლება მოლაპარაკება დაიწყოს იმ საკითხებით, რომელთა განხილვითაც ის უნდა დამთავრდეს. არის გარკვეული თანმიმდევრობა - რომელი საკითხები უნდა იქნეს დადებული მოლაპარაკების მაგიდაზე, რომ წარიმართოს მოლაპარაკება. არის საკითხები, რომლებიც თავიდანვე ბლოკავს და აუქმებს ნებისმიერ შესაძლებლობას და არის საკითხები, რომლებიც არის საერთო ინტერესის და რაღაც სარგებლის მომტანი ორივე მხარისთვის და ამიტომ აქვს შანსი, რომ გარკვეული სტიმულირება მოახდინოს შემდგომი საუბრის. მე ვთვლი, რომ სტატუსის საკითხი უნდა გადაიდოს. ძალიან მიხარია, რომ იგივე აზრი აქვთ ჩვენს ოს პარტნიორებს და კოლეგებს. მე მგონი, ასეთივე პოზიცია უკავიათ აფხაზებსაც. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ მათთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე, ეს მოლაპარაკება, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიცავდეს იმ საკითხებს, რომლებიც გაკეთებადია ახლო პერსპექტივაში - ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს. ესე იგი უნდა შეიქმნას ერთობლივი სივრცე ვაჭრობისთვის, კომუნიკაციისთვის, ურთიერთობისთვის“, – აცხადებს გიორგი ხუციშვილი.

როგორც ცნობილია, ქართული და ოსური მხარეები დღეს მხოლოდ ჟენევის დისკუსიის ფორმატში საუბრობენ, მაგრამ ამ ფორმატს დიდი შედეგი ჯერ არ მოუტანია, რადგან ნებისმიერი პრობლემის განხილვისას პოლიტიკური კონტექსტი საქმეს აფუჭებს და მხარეები შეთანხმებამდე ვერ მიდიან ხოლმე. არსებობს სამოქალაქო დიალოგის რამდენიმე ფორმატი. მათ შორის არის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი დიალოგი „თვალსაზრისი“, სადაც ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიმდინარე პრობლემებზე საუბრობენ და მომლაპარაკებლებს ერთგვარ რეკომენდაციებსაც უგზავნიან ხოლმე. სტამბოლში გამართულ ბოლო შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე მორატორიუმის იდეა გაჟღერდა, ახლა დისკუსია ცხინვალსა და თბილისში დაიწყება. ამ იდეის განხორციელებისთვის კი მოლაპარაკებებში ჩართული ყველა მხარის პოლიტიკური ნება იქნება საჭირო.
XS
SM
MD
LG