ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა 23 თებერვალს განაცხადა, რომ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა „საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი, ოსი ხალხის გენოციდთან კავშირში ეჭვმიტანილი არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს ლენინგორის რაიონის ტერიტორიაზე“.
რადიო თავისუფლების წყარო არჩილ ტატუნაშვილზე
ახალგორში მცხოვრები წყაროს თანახმად:
- ცხინვალში გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
- 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა.
- ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტისავე განცხადებით, გვამის გაკვეთის წინასწარი შედეგებით, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზია გულის მწვავე უკმარისობა. ოსური სააგენტოს, „რესის“, საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ მცხეთის მცხოვრები არჩილ ტატუნაშვილი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა უშიშროების ორგანოების თვალსაწიერში, როგორც ქართული სპეცსამსახურების ინფორმატორი და „2004-2008 წლების ქართული აგრესიის აქტიური მონაწილე“. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტისავე განცხადებით, ტატუნაშვილს აღმოუჩინეს სამხრეთ ოსეთის ყალბი დოკუმენტები, ქართული პირადობის მოწმობა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სავიზიტო ბარათი, მისი მობილური ტელეფონით კი გადაღებული იყო სამხრეთ ოსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურა. დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, დაკითხვისას ეჭვმიტანილმა მოითხოვა ადვოკატი და თარჯიმანი, მოთხოვნის შესრულების შემდეგ კი უარი თქვა შეკითხვებზე პასუხი გაეცა, ხოლო იზოლატორში გადაყვანისას სცადა წინააღმდეგობის გაწევა და ბადრაგს პისტოლეტი წაართვა.
„ტატუნაშვილის განიარაღებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განეიტრალების მიზნით, უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ფიზიკური ძალა, რა დროსაც დაკავებულმა ტრავმები მიიღო, დაეცა და კიბეზე დაგორდა“, - ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებაში. მისივე მტკიცებით, მალევე არჩილ ტატუნაშვილს სუნთქვა გაუჭირდა, თავი ცუდად იგრძნო და გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ორი საათის შემდეგ გარდაიცვალა.
აბსოლუტურად განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის რადიო თავისუფლებას ახალგორში მცხოვრები წყარო, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოებისათვის არ ვასახელებთ. წყაროს ცნობით, ცხინვალში გარდაცვლილი 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი ბოლო წლებში ცხოვრობდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში და ადგილობრივ სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას ჰქონდა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გაცემული საშვიც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას აძლევდა და არჩილ ტატუნაშვილიც უპრობლემოდ კვეთდა ახალგორთან არსებულ ე. წ. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს. რაც შეეხება დე ფაქტო უშიშროების კიმიტეტის განცხადებას, რომ არჩილ ტატუნაშვილი ეჭვმიტანილი იყო საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობასა და ოსების გენოციდთან კავშირში, რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტატუნაშვილი ერაყში მსახურობდა სამშვიდობო ბატალიონში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ომის დღეებში სასწრაფოდ გამოიძახა, მაგრამ ეს ბატალიონი საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულა. წყაროსავე ცნობით, ოკუპირებული ახალგორის რაიონის ე.წ. საზღვართან ცოტა ხნის წინ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და ოსი სამართალდამცავის სიტყვიერი შელაპარაკება, რომლის შემდეგაც ტატუნაშვილი დააკავეს.
23 თებერვალს, შუადღით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი - უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოცემულ მომენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებისა და ყველა ზემოხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდებას. აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა, რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ოსურმა მხარემ უარი თქვა ცხინვალში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლების შეშვებაზე. ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ამ მძიმე ფაქტზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. ციხელაშვილის თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვას ოთხოზორიას მკვლეობას ადარებს სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა. იგი აცხადებს, რომ ტატუნაშვილი, ოთხოზორიას მსგავსად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მოკლეს. მისი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საერთაშორისო საზოგადოების გასააქტიურებლად და დამნაშავეთა დასასჯელად.
1 მარტს ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა შედგება, სადაც ქართული მხარე ცხინვალში საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტს გააპროტესტებს და საქმის დეტალებში გარკვევას მოითხოვს.