Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში სასოფლო-სამეურნეო მიწების დარეგისტრირება სურთ


მიწის რეგისტრაციის გამარტივებისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომობისთვის 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიზანი იმ სიძნელეების აღმოფხვრაა, რომლებსაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.

კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება, იხსნება ბარიერები და ყველა პროცედურა უფასო იქნება მესაკუთრეთათვის. იმერეთში, როგორც მთელ საქართველოში, სასოფლო-სამეურნეო მიწების მფლობელობის დადგენა ამ დრომდე პრობლემას წარმოადგენდა. რადიო თავისუფლების მიერ გამოკითხულ, მხარის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ რესპონდენტთა შორის ცოტანი აღმოჩნდნენ ისეთები, ვისაც სასოფლო-სამეურნეო მიწა დარეგისტრირებული აქვს და მამა-პაპის დატოვებული ქონების კანონიერი მფლობელია.

გადმოწერა

რესპონდენტთა უფრო დიდი ნაწილი ამბობს, რომ კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ან სახლის დარეგისტრირება ამ დრომდე თანხების უქონლობის გამო ვერ მოახერხა, რადგან ყველა საჭირო პროცედურას, მიწის საკადასტრო ნახაზის მომზადებით დაწყებული, საჭირო საბუთების არქივში მოძიებითა და რეგისტრაციის ბაჟით გათავებული, 300-დან 500 ლარამდე თანხა სჭირდებოდა. რესპონდენტების ნაწილის თქმით, სასოფლო სამეურნეო მიწის რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ, ნაწილი კი ინფორმაციას ფლობს და კუთვნილი ქონების დარეგისტრირებას უახლოეს მომავალში აპირებს.

მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ინფორმაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და მუნიციპალიტეტების გამგებლებს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ პირადად მიაწოდა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. მინისტრის განცხადებით, ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

სტატისტიკური მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, დანარჩენი მიწა კი ამ დრომდე არც სახელმწიფოს და არც კერძო მფლობელობაში რეგისტრირებული არ არის. როგორც ქუთაისის იუსტიციის სახლში განმარტავენ, ახლად ამოქმედებული ნორმების მიხედვით, შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი და სამ თვეში შეიქმნება სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი, დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. ამასთან, დოკუმენტების - მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის - მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. დოკუმენტებში უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის უზუსტობა, ასოების არასწორი დაწერილობა და სხვა − ვეღარ შეუშლის ხელს მიწის რეგისტრაციას, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ერთმანეთს შეესაბამება. საკუთრების დადგენისთვის მჭიდროდ ითანამშრომლებენ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა და ყველა საჭირო პროცედურა - დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია - უსასყიდლოდ შესრულდება. მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

XS
SM
MD
LG