თითქმის ორ საათს გაგრძელდა განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, შეხვედრა სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებთან. შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. მართალია, შეხვედრის დაწყებამდე მინისტრი ამბობდა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მოისმენდა სტუდენტების წინადადებებსა თუ მოთხოვნებს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, მაგრამ სტუდენტებმა მისგან მხოლოდ მოსმენა არ იკმარეს და სთხოვეს მათ მიერ წარმოდგენილ პრობლემებზე კონკრეტული, თუნდაც, პირადი მოსაზრების გამოთქმა. სტუდენტებმა ალექსანდრე ჯეჯელავასგან, ისევე როგორც განათლების ყოფილი მინისტრისა და, ზოგადად, მთავრობისგან, სამი კონკრეტული საკითხის მოგვარება მოითხოვეს.
თუკი ზოგადად ვიტყვით, სტუდენტები განათლების სისტემის რეფორმას ითხოვენ. რეფორმისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები კი შემდეგ საკითხებზე გადის: პირველი, უმაღლეს სასწავლებლებში „გარეშე რეფერირების“ სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის პროფესურის - განსაკუთრებით, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირთა - შერჩევას საერთაშორისო რეფერირების წესით, ანუ, უმაღლეს სასწავლებლებში კადრები შეირჩევიან მაღალი შემოქმედებითი ხარისხის მიხედვით; მეორე, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და ამით სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიების, გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის საშუალების შეკვეცა, და, მესამე, სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტის და, ზოგადად, მეცნიერების განვითარების პრიორიტეტად ქცევა და მისი დაფინანსება. განათლების მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა „აუდიტორია 115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდი საუკეთესო დროდ მიაჩნია გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად და არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად:
„მათ უნდა მოიკრიბონ გამბედაობა და, ალბათ, გადადგან ეს მძიმე ნაბიჯი, რომელიც ბევრსაც გააბრაზებს, გამომდინარე იქიდან, რომ ძველი სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც არიან უნივერსიტეტში და არ არიან მზად გარე რეფერირებისთვის, არ წერენ სამეცნიერო სტატიებს, არ გზავნიან მათ გარე რეფერირებად ჟურნალებში, მათ არ უნდათ ზედმეტად საკუთარი თავის დატვირთვა, რა თქმა უნდა, ისინი წინააღმდეგნი იქნებიან ამ სისტემის დანერგვისა“.
როგორც ირაკლი კუპრაძე ამბობს, ეს ცვლილებები იქნება ბრძოლის გამოცხადება იმ კლანური სისტემისთვის, რომელიც დღეს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს. მათი მიზანია, უნივერსიტეტის - პოლიტიკური ინდოქტრინაციის მანქანის -გარდაქმნა რეალურად დასავლური ტიპის სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებად.
შეხვედრიდან გამოსულმა განათლების მინისტრმა თქვა, რომ მან სტუდენტებისგან დავალება მიიღო ოპერატიულად შეეცადოს იმ საკითხების გადაწყვეტას, რომლებზეც „აუდიტორია 115“-ის წევრებთან ისაუბრა. ის ეთანხმება სტუდენტების მონდომებას, რომ უნივერსიტეტი განვითარდეს და ფეხი აუწყოს დროს. ალექსანდრე ჯეჯელავამ იმედიც გამოთქვა, რომ სტუდენტებისა და განათლების სამინისტროს პოზიციები საბოლოოდ ერთმანეთს დაემთხვევა:
„მე მგონია, რომ ეს არის გულანთებული ხალხი, ვისაც უნდა, რომ უნივერსიტეტი გახდეს უკეთესი, ვისაც უნდა ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე და თავისი მოსაზრებითა და თავისი პოზიციით გამოხატავენ თავიანთ კეთილგანწყობას. ჩვენ ვართ გულანთებული ხალხი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის სიკეთე, უნივერსიტეტის განვითარება და წინსვლა და ამიტომ მგონია, რომ ჩვენ მიზანი გვაქვს ერთი და თუკი პოზიციებში განსხვავებები იქნება, იმას აუცილებლად აღმოვფხვრით და გადავწყვეტთ“.
განათლების რეფორმის აუცილებლობასა და „აუდიტორია 115“ის მოთხოვნებზე ესაუბრება რადიო თავისუფლებას ექსპერტი განათლების საკითხებში ნათია გორგაძე, რომელიც ფიქრობს, რომ, მაგალითად, გარეშე რეფერირების სისტემის ამოქმედება უმაღლეს სასწავლებელს მისცემს საშუალებას ბევრად უფრო გაფართოვდეს და გამრავალფეროვნდეს აკადემიური სივრცე:
„თუკი დაიწყება ამ მიმართულებით სვლა, თუ იქნება ნება და თუკი გაუმჯობესდება საკანონმდებლო ბაზა და სწორად იქნება ეს ყველაფერი განხორციელებული და ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, რასაკვირველია, ამ მიზნისკენ სვლა აბსოლუტურად რეალურია“.
მას შეხვედრა დაპირისპირების ერთ მხარესთან აქვს, სავარაუდოდ, შეხვდება მეორე მხარესაც. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, ჩვენ შეგვიძლია ერთად მსჯელობით და კამათით, მაგრამ დიალოგის რეჟიმში, მივაღწიოთ შედეგს, რომელიც იქნება თსუ-ს განვითარებისთვის უკეთესი...ბახვა კვირიკაშვილი
რაც შეეხება, „აუდიტორია 115“-ის მოთხოვნას, შევიდეს ცვლილება უმაღლესი განათლების შესახებ კანონში და ამით შეიზღუდოს სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიები და გაერთიანების წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის შესაძლებლობა, სახალხო დამცველის სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე დაწერილი რეკომენდაცია გაიზიარა საქართველოს მთავრობამ. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში, საფაკულტეტო საბჭოში გაწევრიანებისა და უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ იმ სტუდენტებს აქვთ, რომლებიც სტუდენტური თვითმმართველობის წევრები არიან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით კი, რომელზეც ამჟამად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს, ყველა სტუდენტი, გაერთიანებისადმი კუთვნილების მიუხედავად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პროცესში მონაწილეობის უფლებით საკანონმდებლო დონეზე იქნება უზრუნველყოფილი. მუშაობის დასრულების შემდგომ სამინისტრო კანონპროექტს განსახილველად საქართველოს მთავრობას წარუდგენს.
კანონში არსებული სწორედ ეს ჩანაწერი გაასაჩივრეს სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“-ის წევრებმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომლებმაც 10 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს იმაზე, მიიღოს თუ არა სარჩელი განსახილველად.
თავის მხრივ, სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა განათლების ახალ მინისტრთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს. როგორც თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, ინიციატივას ისინი თავად ალექსანდრე ჯეჯელავასგან ელიან:
”მას შეხვედრა დაპირისპირების ერთ მხარესთან აქვს, სავარაუდოდ, შეხვდება მეორე მხარესაც. რაც შეეხება პრობლემის მოგვარებას, ჩვენ შეგვიძლია ერთად მსჯელობით და კამათით, მაგრამ დიალოგის რეჟიმში, მივაღწიოთ შედეგს, რომელიც იქნება თსუ-ს განვითარებისთვის უკეთესი”.
ისიც უნდა ითქვას, რომ უკვე დაგეგმილია „აუდიტორია 115-ის“ წევრებთან მინისტრის მეორე შეხვედრა, რომელიც ხუთშაბათს შედგება და რომელსაც ასევე დაესწრება პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი.