Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების ახალი მინისტრი: ეს პროცესი იქნება კონსტრუქციული


ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელიც მინისტრის პოსტზე 3 ივნისს დაინიშნა, თავისი მოსაზრებები გამოთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ვითარების მოგვარებასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, პრობლემების მოგვარების რესურსი იგრძნობა და ის ამ რესურსს გამოიყენებს.

განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, უნივერსიტეტის სტუდენტებს საერთო ინტერესები აქვთ, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელსაც ამ პოსტზე მუშაობის ჯერ მხოლოდ ერთდღიანი გამოცდილება აქვს. მინისტრი დაინტერესებულია მხარეებს შეხვდეს და პრობლემური საკითხი დიალოგში გამოვლენილი გადაკვეთის წერტილის მიხედვით მოაგვაროს.ამ წერტილს კი ალექსანდრე ჯეჯელავა სტუდენტების ხარისხიანი განათლების მიღების სურვილში ხედავს:

„გუშინვე, უკვე პირველივე სამუშაო დღეს, ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეს ძალიან ცენტრალურია. პირველი ნაბიჯი - დავადგინოთ ინტერესები და აქცენტი გავაკეთოთ არა პოზიციებზე, არამედ ინტერესებზე, ანუ რეალურად შევხვდეთ ამ ხალხს, წარვმართოთ ეს სამუშაო პროცესი ისე, რომ გაირკვეს რეალურად რა უნდა ამ ხალხს. ეს ჩემთვის გარკვეულია და ნათელია, რომ სტუდენტებისორივე - თუ რამდენიც არის, იმდენ - ჯგუფს უნდა უნივერსიტეტის, ცალსახად, სიკეთე. ამიტომ ეს პროცესი იქნება კონსტრუქციული და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ კონსტრუქციულ გადაწყვეტას“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ მოძრაობა „აუდიტორია 115-ში“ გაერთიანებული სტუდენტებისთვის პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტა განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ნიშნავს. მათი აზრით, ყველა სხვა საკითხის მოგვარება იქნება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება. მიმართვაში, რომელსაც “აუდიტორია 115“ სოციალური ქსელის - ფეისბუკის - მეშვეობით ავრცელებს, ვკითხულობთ: „განათლების ხარისხის პრობლემის საფუძველია ის, რომ უნივერსიტეტი დღეს იმართება არა აკადემიური და სამეცნიერო ამოცანებით, დამოუკიდებელი, უმაღლესი დონის აკადემიური პერსონალის მიერ, არამედ - წინა ხელისუფლების პოლიტიკური მოტივაციით დაკომპლექტებული საბჭოების ინტერესებით. სწორედ „ავტონომიის“ ცნებას ამოფარებული საბჭოების კლანურ მმართველობას მივიჩნევთ მთავარ დაბრკოლებად რეფორმის გზაზე“.

უმნიშვნელოვანესი საკითხი, გარე რეფერირების გარდა, ეხება სტუდენტურ თვითმმართველობას. ამ ინსტიტუტს აქვს თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა და ასპექტი, თვითმმართველობა უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ხელისუფლების ხელი და ამ ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს...
ირაკლი კუპრაძე

განათლების მინისტრს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა, კონსტრუქციული მსჯელობის ფარგლებში, განათლების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებაზე მუშაობის დაწყებას, თუმცა სწორედ ამგვარ ცვლილებებს მიიჩნევს აუცილებლად „აუდიტორია 115“-ის წევრი, უნივერსიტეტის სტუდენტი ირაკლი კუპრაძე. მათ შორის, მისი აზრით,უმთავრესია „გარეშე რეფერირების“(peer review) მექანიზმის შემოღება, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის პროფესურის - განსაკუთრებით, უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირთა - შერჩევას საერთაშორისო რეფერირების წესით. ამასთან, ირაკლი კუპრაძის თქმით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტს ჩამოშორდეს ისეთი ბიუროკრატიული ინსტიტუტი, როგორიცაა სტუდენტური თვითმმართველობა:

„უმნიშვნელოვანესი საკითხი, გარე რეფერირების გარდა, ეხება სტუდენტურ თვითმმართველობას. ამ ინსტიტუტს აქვს თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა და ასპექტი, თვითმმართველობა უნივერსიტეტში ყოველთვის იყო ხელისუფლების ხელი და ამ ინსტიტუტის არსებობა უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს. ეს არის სტუდენტებსა და ადმინისტრაციას შორის უფუნქციო შუამავალი რგოლი. ამჟამინდელი განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ის ებრძვის ბიუროკრატიას და თუ ის ებრძვის ბიუროკრატიას, მან აუცილებლად უნდა გააუქმოს სტუდენტური თვითმმართველობა, რომელიც მხოლოდ ბიუროკრატიული ორგანიზმია“.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ განათლების სფეროს რეფორმირებას შესაბამისი აქტუალობა და მხარდაჭერა არა აქვს ხელისუფლების პოლიტიკის დღის წესრიგში და რომ რეფორმირების პროცესში საზოგადოების ფართო ფენა უნდა ჩაერთოს.

უნივერსიტეტში არსებული მართვის სისტემის შეცვლის მომხრეა განათლების საკითხების მკვლევარი სიმონ ჯანაშია. მისი თქმით, არსებული წესის თანახმად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ირჩევს რექტორს, რომელიც შემდგომ მათთან დებს ხელშეკრულებას, რაც არაჯანსაღი ურთიერთობების მიზეზად შეიძლება იქცეს. ის უცხოური უნივერსიტეტების გამოცდილებასა და იქ არსებულ წესზე ამახვილებს ყურადღებას:

„ამიტომ არსებობს ხოლმე კარგ ამერიკულ უნივერსიტეტებში მმართველი საბჭოები, რომლებიც არ არიან რექტორის დაქვემდებარებაში არც ერთ დონეზე და სწორედ ისინი ირჩევენ რექტორს. ეს დაახლოებით ისეთივე სისტემაა, როგორიც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარედან მოსული ადამიანებით დაკომპლექტებული ბორდი“.

როდის შედგება განათლების ახალი მინისტრის, აკადემიური წრის წარმომადგენლებისა და განათლების რეფორმის მხარდამჭერი სტუდენტების შეხვედრა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია როგორია წინასწარი განწყობა ცვლილებების განხროციელების აუცილებლობის თაობაზე.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG