Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მევენახეები „აჯანყების“ ზღვარზე


რთველი კახეთში
რთველი კახეთში

საპროტესტო აქციებს არ წყვეტენ გურჯაანელი მევენახეები, რომლებმაც 11 სექტემბერს გურჯაანი-თელავის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები კვლავინდებურად ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას მოითხოვენ. გზის სავალი ნაწილი პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. უკმაყოფილებას გამოთქვამენ თელაველი, ყვარლელი და ლაგოდეხელი მევენახეებიც, რომელთა ნაწილი პროტესტის გამოსახატად პარლამენტშიც მივიდა.

„როგორ შეიძლება, ყველაფერი გაძვირდა და ყურძენი გინდათ გაიაფდეს? რით გინდათ, რომ გლეხმა ზამთარი გაიტანოს!“ - ასეთი ხმაური იყო თბილისი-თელავის ავტომაგისტრალზე, რომელიც რამდენიმე ასეულმა მევენახემ თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაკეტა. მოძრაობის აღსადგენად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო.

რთველი კახეთში
რთველი კახეთში

აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია ყურძნის ის ფასი, რასაც ჯამურად იხდიან ღვინის ქარხნები და მთავრობა სუბსიდიის სახით, ანუ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე, სავარაუდოდ, 60-70 თეთრი, ხოლო საფერავზე 85 თეთრი. აქციის მონაწილეები კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისაგან საარჩევნო დაპირების შესრულებას მოითხოვენ:

„დანაპირები შეასრულოს ივანიშვილმა, რომელიც გვეუბნებოდა 1 ლარზე ნაკლები არ იქნება ყურძენიო და სად არის ეს დანაპირები? მობრძანდეს აქ და გვიპასუხოს!“

ბიძინა ივანიშვილმა დაპირება, რომელსაც კახელი მევენახეები ხშირად შეახსენებენ, 2012 წლის 25 სექტემბერს ახმეტის რაიონში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს გასცა:

„1 ლარი დაადეს ყურძენს ფასი, მაგრამ, როგორც ამბობენ, ჩაბარება ჭირს. რაც პოლიტიკაში მოვედი და რამდენჯერაც კახეთში ჩამოვედი, სულ ვამბობდი, როგორ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები ფასი დაადო ყურძენს. ყველამ ვიცით, რამდენი შრომა სჭირდება ყურძენს და არ შეიძლება 1 ლარი იყოს ყურძნის ფასი“.

ახლა კახელი მევენახეები სწორედაც რომ 1 ლარს ითხოვენ 1 კილოგრამ თეთრ ყურძენში, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოში მევენახეებს ეუბნებიან, რომ ყურძნის ფასს განსაზღვრავენ ღვინის ქარხნები, რომლებმაც, როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი განმარტავს, შესაძლოა მეტიც კი გადაიხადონ.

ჯანდაბას, 1 ლარი მაინც მოგვცენ, ანუ შარშანდელი ფასი მოგვცენ! აღარ უნდათ არჩევნებზე ხმები? ალბათ, დაავსეს ტომრები ფულით და გასაქცევად ემზადებიან. არჩევნები აღარ უნდათ...
ჯემალ ტატაშვილი

უკმაყოფილო მევენახეებმა თავიანთი უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტშიც გამოთქვეს. აგრარული კომიტეტის სხდომაზე მისულმა ჯემალ ტატაშვილმა დეპუტატებს დანაპირების შეუსრულებლობის გამო უსაყვედურა:

„ჯანდაბას, 1 ლარი მაინც მოგვცენ, ანუ შარშანდელი ფასი მოგვცენ! აღარ უნდათ არჩევნებზე ხმები? ალბათ, დაავსეს ტომრები ფულით და გასაქცევად ემზადებიან. არჩევნები აღარ უნდათ“.

თბილისში ჩასულ მევენახეებს აგრარულ საკითხთა კომიტეტში დაჰპირდნენ, რომ მათ პრობლემებს კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა მევენახეებს შეახსენა, რომ სახელმწიფო მათ მხოლოდ გარკვეული ხარჯის ანაზღაურებაში ეხმარება, დანარჩენი კი მეღვინეებმა უნდა გადაიხადონ.

მევენახეებს არ აკმაყოფილებთ სუბსიდიის მოცულობა და კვლავ საპროტესტო აქციების გამართვას აპირებენ. ისინი კახეთში პრემიერ-მინისტრისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ჩასვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რთვლის ჩაშლით იმუქრებიან, თუმცა რთვლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, რომ ყურძნის კრეფა ძალას იკრებს და რომ ქარხნებმა უკვე 4 730 ტონა ყურძენი გადაამუშავეს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG