ახალ წლამდე დარჩენილი რამდენიმე საათი და მოსახლეობის შესაძლებლობები. სახალწლო განწყობა მთელ ქალაქში იგრძნობა, განსაკუთრებული ციებ-ცხელება კი ახალციხის ბაზარშია. როგორი ფასებია წინასაახალწლოდ სამომხმარებლო პროდუქტზე და ვინ არეგულირებს ბაზარზე ფასებს?
ერთი კილოგრამი საქონლისა და ღორის ხორცი- 13 ლარი, ქათამი - 13 ლარიდან ზევით, გოჭი ერთი კილოგრამი - 10 ლარი, ინდაური - 40 ლარიდან ზევით, გარჩეული ნიგოზი - 20-დან 25 ლარამდე, თაფლი - 15 ლარი, ჩურჩხელა - 2 ლარი, ერთი კილოგრამი თხილი - 10 ლარი – ასეთია საახალწლო ფასები ახალციხეში სამომხმარებლო პროდუქტზე. ადგილობრივთა ნაწილი ამბობს, რომ, გასულ წლებთან შედარებით, სურსათზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, მეორე ნაწილი კი ირწმუნება, რომ წინასაახალწლოდ პროდუქტის ღირებულება ტრადიციულად ყოველ წელს იზრდება.
მეწარმეების თქმით, გაძვირებული პროდუქტების გამო ახალციხის ბაზარში მომხმარებელთა სიმცირეა, წინასაახალწლოდმყიდველთა შემცირება კი მძიმე სოციალურმა და ეკონომიურმა მდგომარეობამ განაპირობა, ამატებენ ისინი და ჩივიან, რომ, შექმნილი ვითარების შედეგად, მათი შემოსავლის წყაროც შემცირდა.
ახალციხის ბაზრის დირექტორის თქმით, ფასებს გლეხები და მოვაჭრეები თავად არეგულირებენ. ნოდარ გოროხოვის განმარტებით, სოფლის პროდუქტების ღირებულება გაზრდილი არ არის, ფასების ცვლილება კი მხოლოდ საზღვარგარეთიდან შემოტანილ სურსათს შეეხო. მისი თქმით, ისეთ პროდუქტზე, რომელიც ამ ეტაპზე საახალწლოდ ნაკლებად გამოსაყენებელია, ფასები შემცირებულია.
წინასაახალწლოდ ბაზარში ნაძვის ხის სათამაშოების, შუშხუნებისა და ჩიჩილაკების ფართო არჩევანია. საახალწლო აქსესუარების ფასები კი საშუალოდ 1 ლარიდან 60 ლარამდე მერყეობს. გაზრდილი ღირებულებისადა ოჯახის მცირე ბიუჯეტის მიუხედავად, საახალწლოდ მაინც ყველა ოჯახი ემზადება. მესხეთში2015 წლის დადგომას უკეთესი მომავლის იმედით ხვდებიან.