რუსი ჩოგბურთელი, "გრენდ სლემის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებული მარია შარაპოვა აღიარებს, რომ იანვარში გამართული ტურნირის დროს მის სისხლში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს.
7 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ცნობილმა რუსმა სპორტსმენმა აღიარა, რომ სისხლში აღმოუჩინეს მელდონიუმი. ეს მოხდა იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის დროს და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA-ს) მელდონიუმი სულ ცოტა ხნით ადრე - 1 იანვრიდან - ჰქონდა შეტანილი აკრძალული პრეპარატების სიაში.
„მე დიდი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით ვუდგები ჩემს საქმეს - ყოველდღე! უზარმაზარი შეცდომა დავუშვი. გავაწბილე ჩემი გულშემატკივრები, გავაწბილე სპორტი, სახეობა, რომელსაც ოთხი წლის ასაკიდან ვთამაშობ და რომელიც ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ ეს ჩემთვის უშედეგოდ არ ჩაივლის. არ მინდა ჩემი კარიერა ასე დასრულდეს და მართლა იმედი მაქვს, რომ კიდევ მომეცემა თამაშის შესაძლებლობა“, - უთხრა შარაპოვამ ჟურნალისტებს ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მელდონიუმი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი პრეპარატია. მას იყენებენ, მაგალითად, დიაბეტის მკურნალობისას. ექიმების აზრით, ის ზრდის სპორტსმენის გამძლეობის ხარისხს, ხელს უწყობს რეაბილიტაციის პროცესს შეჯიბრის ან ვარჯიშის შემდეგ და ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.
დოპინგში სპორტსმენების მხილება, როგორც ცნობილია, იშვიათობა არ არის, მაგრამ შარაპოვას შემთხვევა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. რატომ? ამ და ზოგი სხვა შეკითხვით მივმართე ჩვენი რადიოს ქართული სამსახურის დირექტორს, დავით კაკაბაძეს.
დავით კაკაბაძე: „შარაპოვას მიმართ ინტერესი და, საერთოდ, ყურადღება ძალიან დიდია, იმიტომ რომ შარაპოვა არის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენი ქალი! მისი ყოველწლიური შემოსავალი აღემატება 20-25 მლნ დოლარს. შარშან, თუ არ ვცდები, სულაც 29 მლნ დოლარი იყო მისი შემოსავალი. და ეს შემოსავლები უკავშირდება, პირველ რიგში, სპონსორების კონტრაქტებს. სპორტული მიღწევებისათვის მიღებული ფული აქ მხოლოდ პატარა ნაწილია აი, ამ მთელი თანხის. ამით იმიტომ დავიწყე საუბარი, რომ ასეთი შემთხვევა, რაც შარაპოვას დაემართა, პირველ რიგში გავლენას ახდენს ამ შემოსავლებზე და ახლა ეს დიდი კომპანიები, მისი სპონსორები, - და „ნაიკიმ“ უკვე გააკეთა განცხადება, - რა თქმა უნდა, უკვე იფიქრებენ იმაზე, გააგრძელონ თუ არა მასთან კონტრაქტები. მისთვის დისკვალიფიკაცია ჯერ არ მიუციათ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ, თუ დისკვალიფიკაცია დადასტურდა, მაშინ სხვა კომპანიებიც მიბაძავენ „ნაიკის“ მაგალითს და უარს იტყვიან შარაპოვასთან თანამშრომლობაზე“.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი წლით მისცემენ დისკვალიფიკაციას. ვერ აპატიებენ ამას, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრი არ იქნება ეს სასჯელი...დავით კაკაბაძე
მარიამ ჭიაურელი: „ალბათ, ამ გამორჩეული ინტერესის მიზეზია შარაპოვას მშვენიერი გარეგნობაც და ამავე გარეგნობას უკავშირდება სპონსორების დიდი ყურადღება მის მიმართ“...
დავით კაკაბაძე: „რა თქმა უნდა! ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! დღეს შარაპოვა მეშვიდე ჩოგანია მსოფლიოში - პირველი არ არის - და, მიუხედავად ამისა, მის მიმართ გაცილებით მეტია ყურადღება და სპონსორი მას გაცილებით მეტი ჰყავს, ვიდრე კლასიფიკაციაში მასზე წინ მდგომ სპორტსმენებს. ეს, რა თქმა უნდა, მისი გარეგნობით აიხსნება!“
მარიამ ჭიაურელი: „ბევრი გულდაწყვეტით საუბრობს დოპინგში მხილების ამ შემთხვევაზე იმის გამო, რომ ეს პრეპარატი, მელდონიუმი, რომელიც სისხლში აღმოუჩინეს შარაპოვას, 1 იანვრამდე იყო სრულიად კანონიერი პრეპარატი! და შარაპოვა, რაც მთავარია, ამბობს, რომ უკვე 10 წელი იღებდა ამ პრეპარატს.„მე სრულიად კანონიერად ვიღებდი ამ მედიკამენტს ბოლო ათი წელი, მაგრამ 1 იანვრიდან წესები შეიცვალა და მელდონიუმი გახდა აკრძალული ნივთიერება, რაც მე არ ვიცოდი!“ - განაცხადა შარაპოვამ 7 მარტს ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს გადმოსახედიდან აქტუალური თემაა დოპინგი: თებერვალში ამხილეს 6 ქართველი მოჭიდავე დოპინგის გამოყენებაში...
დავით კაკაბაძე: „წინა თვეში მოხდა ეს, როცა მიიღო საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ შეტყობინება, რომ ექვს სპორტსმენს აღმოაჩნდა სისხლში აკრძალული ნივთიერებები. ეს საქმე ჯერ არ არის დამთავრებული, საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ძალიან სამწუხარო ამბავია, თავისთავად! ეს სპორტსმენები, მართალია, არ არიან ოლიმპიური ლიცენზიის მფლობელები, მაგრამ საქართველოს მოწინავე მოჭიდავეებს შორის არიან და, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო. შარაპოვას რაც შეეხება, ვფიქრობ იმით, რომ გულახდილობა აირჩია და თვითონ მოაწყო პრესკონფერენცია, ჟურნალისტებს გულახდილად უთხრა, რაც მოხდა, მგონი, ამით სიმპათია დაიმსახურა, თუმცა სასჯელი, ალბათ, არ ასცდება...“
მარიამ ჭიაურელი: „რა შეიძლება იყოს სასჯელი? რას ამბობენ?“
დავით კაკაბაძე: „ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთი წლით მისცემენ დისკვალიფიკაციას. ვერ აპატიებენ ამას, ძალიანაც რომ უნდოდეთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაცრი არ იქნება ეს სასჯელი“.
მარიამ ჭიაურელი: „ცნობებში წერია, რომ 12 მარტიდან შარაპოვას აღარ დაუშვებენ შეჯიბრებებზე, მის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. და ეს ნიშნავს, მაგალითად, იმას, რომ ბრაზილიაში ოლიმპიურ თამაშებში ვერ მიიღებს მონაწილეობას“.
დავით კაკაბაძე: „თუ ერთი წლით მისცეს დისკვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებს მონაწილეობას“.