Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია თოდუა: გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ნობელის პრემიას იმსახურებს


მაია თოდუა
მაია თოდუა

მიმდინარე თვეში მსოფლიო მედიაში მოხდა ის, რაც ძალიან იშვიათად ხდება: 11 თებერვალს სამეცნიერო მიღწევაზე ცნობამ დაიკავა პირველი ადგილი, ცოტა ხნით მაინც დაჩრდილა პოლიტიკური და ეკონომიკური ამბები! წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მსოფლიო მიზიდულობა და ალბერტ აინშტაინის ასი წლის წინანდელი წინასწარმეტყველება... უკვე ეს საყოველთაო ყურადღებაც ცხადყოფს ასტროფიზიკოსების იმ აღმოჩენის მნიშვნელობას, რომელზეც ამჯერად გვინდა ვისაუბროთ "მეათე სტუდიაში". სწორედ 11 თებერვალს გამოაცხადეს მეცნიერებმა შეერთებულ შტატებში, რომ დააფიქსირეს გრავიტაციული ტალღები. ეს სიახლე დიდ გარღვევად არის მიჩნეული - თუ რატომ, ამაზე საუბარი ვთხოვე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორს, მაია თოდუას.

მაია თოდუა: „ეს არის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა XXI საუკუნეში და მეცნიერებაში, საერთოდ, იმიტომ რომ გრავიტიციული ტალღები იწინასწარმეტყველა ალბერტ აინშტაინმა 100 წლის წინათ, 1915 წელს, როდესაც მან შეიმუშავა თავისი ფარდობითობის თეორია, ზოგადი ფარდობითობის თეორია. და აი, ამ თეორიის ფარგლებში მან იწინასწარმეტყველა გრავიტაციული ტალღების არსებობა, რომ სივრცე-დროის გამრუდება ვრცელდება ტალღების საშუალებით. და ზუსტად 100 წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი ეს გრავიტაციული ტალღები. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა, რაც კი გაკეთებულა ბოლო დროს მეცნიერებაში!“

რადიო თავისუფლება: ქალბატონო მაია, პრესაში როგორც წავიკითხე, ორი შავი ხვრელის შეჯახებით გამოწვეულმა ამ გრავიტაციულმა ტალღებმა ჯერ კიდევ შარშან, 14 სექტემბერს, მოაღწია დედამიწამდე და ისინი დააფიქსირეს შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ობსერვატორიის დეტექტორებმა. რატომ შევიტყვეთ ჩვენ, ასე ვთქვათ, დანარჩენმა მსოფლიომ, ამ გრავიტაციული ტალღების დაფიქსირების თაობაზე რამდენიმე თვის დაგვიანებით?

მაია თოდუა: „თვითონ ეს აღმოჩენა მოხდა 2015 წლის სექტემბერში იმ ხელსაწყოს მიერ, რომელსაც ჰქვია LIGO, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში ამუშავებდნენ ამ მონაცემებს და უნდოდათ, ზუსტად ყოფილიყო დადასტურებული ეს აღმოჩენა, რომ რამე შეცდომას არ ჰქონოდა ადგილი. ამიტომაც გაჟღერდა ამის შესახებ რამდენიმე თვით უფრო გვიან“.

რადიო თავისუფლება: მე წარმომიდგენია, რომ მეცნიერთა წრეებში ამის შესახებ უფრო ადრეც იცოდნენ...

მაია თოდუა: „შესაძლოა. მაგრამ მაინცდამაინც არ გავრცელებულა. იყო რაღაც ხმების დონეზე, მაგრამ იცით, რა არის? რამდენჯერმე ყოფილა შემთხვევა, როდესაც დაუანონსებიათ აღმოჩენა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეცდომა. ასეთი ერთი-ორი შემთხვევა იყო. ამიტომაც რამდენიმე თვე ძალიან სკრუპულოზულად განიხილავდნენ ამას, მონაცემებს ამუშავებდნენ და როდესაც დარწმუნდნენ, რომ ეს ნამდვილად არის აღმოჩენა, აი, მერე გამოაცხადეს ამის შესახებ“.

რადიო თავისუფლება: მინდა გთხოვოთ, აი, ძალიან მარტივად აგვიხსნათ ჩვენ, რიგით მოკვდავებს, რა მოხდა. აი, კონკრეტულად, რა მოხდა? ვიცით, ორი შავი ხვრელი დაეჯახა ერთმანეთს, ძალიან შორს ჩვენი გალაქტიკიდან. რატომ, როგორ მოხერხდა მაინცდამაინც ახლა ამ ამბის დაფიქსირება?

მაია თოდუა: „ეს მოვლენა, ორი შავი ხვრელის შეერთება, მოხდა ძალიან შორს. ძალიან მასიური შავი ხვრელები იყო ეს ორი ობიექტი და ამათი შეერთების შედეგად მოხდა მიზიდულობის ძალის გავრცელება გრავიტაციული ტალღების სახით. ეს მოვლენა მოხდა, დაახლოებით, 1,2 მილიარდი წლის წინ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ... ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, ვართ მომსწრენი მოვლენისა, რომელიც მოხდა მილიარდ ორასი მილიონი წლის წინ. ამისი მომსწრენი გავხდით დღეს. ეს იმიტომ ხდება, რომ სინათლის სიჩქარე - მათ შორის, ამ გრავიტაციული ტალღების გავრცელების სიჩქარე - არის, დაახლოებით, 300 ათასი კილომეტრი წამში. ამაზე უფრო მეტი ვერ იქნება და, აი, ამ დროის განმავლობაში ვრცელდებოდა ეს ტალღები და დღეს მოაღწია ჩვენამდე. და ჩვენ მიერ ისეთი ხელსაწყოები დამზადდა, რომელთაც შეძლეს, აი, ამ ტალღების დაფიქსირება. სხვათა შორის, ალბერტ აინშტაინმა როდესაც იწინასწარმეტყველა 100 წლის წინ, მას არ სჯეროდა, რომ ამ გრავიტაციული ტალღების დეტექტირებას შევძლებდით, რადგან ეს არის ძალიან სუსტი ტალღები. ის, რომ დღეს ადამიანს გაუჩნდა ამ ტალღების დაფიქსირების შესაძლებლობა, ეს არის უაღრესად დიდი რამ! ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტექნოლოგიები იმდენად შორს წავიდა და იმდენად განვითარდა, რომ ამის წინასწარმეტყველება, სხვათა შორის, ალბერტ აინშტაინმა ვერ შეძლო! იწინასწარმეტყველა გრავიტაციული ტალღების გავრცელება, მაგრამ ის, რომ ჩვენ შევძლებდით ამას 100 წლის მერე, ეს მისთვის წარმოუდგენელი იყო...“

რადიო თავისუფლება: ალბერტ აინშტაინის მოლოდინსაც კი გადააჭარბეთ თანამედროვე მეცნიერებმა. ეს, მართლაც, მოსალოცი ამბავია! თქვენ რაც ბრძანეთ, ეს ნიშნავს, რომ მეცნიერება, ისევე როგორც ტექნიკა, ძალიან წინ არის წასული. მაგრამ ეს ახალი აღმოჩენა ნიშნავს თუ არა რაიმე კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგს ადამიანებისთვის?

მაია თოდუა: „იცით, ჯერ რაც მინდოდა ამასთან დაკავშირებით მეთქვა, რომ მთელი ამ 100 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ძიება ამ გრავიტაციული ტალღების და იყო მინიშნება, მეორადი მინიშნებები, რომ ეს არსებობს, მაგრამ ამჯერად უშუალოდ იქნა ეს დაფიქსირებული. ამით არის ეს მნიშვნელოვანი! თორემ თეორიულად მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება ამის გამოყენებას, დღეს ნამდვილად ძალიან ძნელია თქმა, რომ დღეს და ხვალ ჩვენ ამ გრავიტაციულ ტალღას პრაქტიკულად რამეში გამოვიყენებთ. ამისათვის გარკვეული დრო არის საჭირო. სხვათა შორის, იმისი თქმაც მინდოდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამას: ჩვენ აქამდე სამყაროს ვუყურებდით სინათლის საშუალებით, უფრო ფართოდ, ელექტრომაგნიტური ტალღების საშუალებით. და დღეს კიდევ გვეძლევა საშუალება სამყარო შევისწავლოთ სხვა კუთხით, გრავიტაციული ტალღების საშუალებით. მხატვრულად ამბობენ ხოლმე, ადარებენ ხოლმე ბგერებს. ანუ, თუ დღემდე სამყაროს მხოლოდ ვხედავდით, ახლა უკვე შეგვიძლია მოვისმინოთ კიდეც - თუმცა, ბგერასთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს! ეს არის მეტაფორა, მხატვრული ნათქვამი, რომ თუ აქამდე მხოლოდ ვუყურებდით სამყაროს, ახლა უკვე ვისმენთ კიდეც. რაც შეეხება... კიდევ დავუბრუნდები პრაქტიკულ გამოყენებას, რაზეც მკითხეთ: ახლა ნამდვილად ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ჩვენ ამას უცებ გამოვიყენებთ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია ვთქვა აბსოლუტურად ზუსტად, რომ ნებისმიერი ფუნდამენტური სახის აღმოჩენა ადრე თუ გვიან აუცილებლად ჩადგება ადამიანის სამსახურში და იქნება გამოყენებადი“.

რადიო თავისუფლება: ეს გრავიტაციული ტალღები, მე როგორც გავიგე, როცა მედიაში გავეცანი მასალებს, გვაახლოებს ცოდნასთან სამყაროს წარმოქმნის შესახებ.

მაია თოდუა: „რა თქმა უნდა!“

რადიო თავისუფლება: „როგორ ფიქრობთ, ეს ცოტა სპეკულაციის საგანია, მაგრამ ნობელის პრემია ერგებათ ამ მეცნიერებს? თუ ნობელის პრემია ისეთი რამ არის, რაც რამდენიმე წლის შემდეგ გაიცემა ხოლმე ასეთი დიდი აღმოჩენების შემდეგ?

მაია თოდუა: „მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ის აღმოჩენაა, რომელიც იმსახურებს ნობელის პრემიას. ჩემი აზრით, არის! და რამდენად მოხდება ეს, მე არ ვიცი“.

რადიო თავისუფლება: მინდა დავუბრუნდე, ასე ვთქვათ, მუსიკას. აქამდე ცას, კოსმოსს ვუყურებდითო, ახლა მუსიკასაც მოვისმენთო - ეს სიტყვები წარმოთქვა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმაც, როცა 11 თებერვალს გავრცელდა ცნობა. თქვენ ახლა თქვით, რომ მეტაფორა უფრო არისო ბგერაო. მაგრამ როცა აღმოჩენა წარმოადგინა მეცნიერთა ჯგუფმა, იქ იყო რაღაც სიგნალის ჩანაწერი...

მაია თოდუა: „იცით, რა არის? ეს არის გარდაქმნა ბგერით ტალღებში. ეს არ არის უშუალოდ გრავიტაციული ტალღები, არამედ გრავიტაციული ტალღების გარდაქმნა ხდება ბგერით ტალღებში და იმიტომ ვისმენთ. აი, დაახლოებით, როგორ აგიხსნათ... აი, ჩვენ ახლა რომ ვსაუბრობთ, ერთმანეთის გვესმის, მაგრამ ეს ტალღები ჯერ გარდაიქმნება ელექტრომაგნიტურ ტალღებად, მიდის ატმოსფეროში ზევით არა როგორც ჩვენი ხმები, არამედ როგორც ელექტრომაგნიტური ტალღები, შემდეგ ბრუნდება ისევ და ისევ გარდაიქმნება ბგერად. ამიტომ გვესმის ჩვენ ერთმანეთის ხმა. დაახლოებით ეგეთი არის ის გარდაქმნა. თქვენ გრავიტაციულ ტალღებს ვერაფრით ვერ მოისმენთ ყურით, უშუალოდ“.

რადიო თავისუფლება: ეს გრავიტაციული ტალღები, თავისთავად, ხომ სხვა შემთხვევებშიც აღწევს დედამიწამდე?

მაია თოდუა: „კი, რა თქმა უნდა!“

რადიო თავისუფლება: ადამიანზე რამენაირად ზემოქმედებს?

მაია თოდუა: „ძალიან სუსტია ეს ტალღები! უაღრესად სუსტი! ამიტომ იმის თქმა, რომ რამენაირად ჩვენზე მოქმედებს - არა მგონია. ჩვენ მუდმივად ვართ ამ გრავიტაციული ტალღების ველში! უბრალოდ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელსაწყომ დააფიქსირა. ეს მუდმივად არსებობს! სულ არის ეს გრავიტაციული ტალღები ჩვენს გარშემო, ჩვენ ამაში ვცხოვრობთ. და რეალურად, ჩვენს ჯანმრთელობაზე რამენაირად მოქმედებს თუ არა - მე ვერ გეტყვით და, სიმართლე გითხრათ, არა მგონია, იმიტომ რომ ძალიან სუსტია“.

XS
SM
MD
LG