Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო კურსი უცვლელი რჩება


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შეაჯამა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ანუ მისი მინისტრად დანიშვნის პერიოდში, განხორციელებული ვიზიტების მნიშვნელობა, ისაუბრა სამომავლო პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის საგარეო კურსი არ იცვლება - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელი მიმართულებაა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე ილაპარაკა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში განხორციელებულ ვიზიტებზე, ისაუბრა ახალი ხელისუფლების არჩევის შემდეგ, 12- 14 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრის პირველ ვიზიტზე ბრიუსელში და აღნიშნა, რომ ნატო კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფვას ინტეგრაციისკენ და ნდობით ეკიდება საქართველოს ახალი მთავრობის ნაბიჯებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 20 ნოემბერს გამართულ ნატოს მინისტერიალზე, რომელშიც თავად იღებდა მონაწილეობას, ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და დასძინა, რომ 2013 წლის მეორე ნახევარში ვილნიუსში დაგეგმილ ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე მიღწეული იქნება კონკრეტული შედეგები და დასრულდება მოლაპარაკებები ასოციაციის შესახებ შეთანხმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ჩათვლით. საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებით, საქართველო- შეერთებული შტატების ურთიერთობებიც გაღრმავდება, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში. მთლიანობაში, მაია ფანჯიკიძემ გამოხატა მყარი რწმენა, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი უცვლელი დარჩება.

”საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები არის უცვლელი - ეს არის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განსაკუთრებით კარგი ურთიერთობების დამყარება და გაღრმავება ჩვენს მეზობლებთან, ურთიერთობების გაუმჯობესება-დამყარება რუსეთის ფედერაციასთან, რის გამოც პრემიერ-მინისტრმა დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის საკითხებში და, რაც მთავარია, საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, ქვეყნის სუვერენიტეტისა და მთლიანობის აღდგენა, რის გამოც ჩვენ ვეწევით ძალიან აქტიურ მუშაობს ამ რეგიონების არაღიარების კუთხით”.
თუ, ვთქვათ, ქვეყანაში სტაბილიზაციის ნიშნები დაიკარგა და ქვეყანა გარკვეული პოლიტიკური დესტაბილიზაციის გზას დაადგა, შეერთებული შტატები თავს შეიკავებს სერიოზული დახმარებისგან ...
კახა გოგოლაშვილი

ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით მიმართულ სამუშაოზე საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით აქტიურად მუშაობენ ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. მიმდინარეობს ურთიერთობების დამყარების პროცედურები იმ ქვეყნებთან, ვისთანაც აქამდე დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობდა. მინისტრმა გაამახვილა ყურადღება ასევე საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების საკითხზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან ამოცანად რჩება რუსეთთან ურთიერთობის განახლება საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით, თუმცა პირველ ეტაპზე შესაძლებელი იქნება სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენა.

”ევროული კვლევების ცენტრის” ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ, საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის უცვლელობის გარდა, მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების თვალში ასევე შიდაპოლიტიკური საკითხებიც. კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ საქართველო მართლაც აქტიურად რჩება დასავლელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში და ეს მომავალშიც ასე იქნება, თუ რაიმე საგარეო და საშინაო სახის რადიკალური ცვლილებები არ მოხდა. ეს შეიძლება იყოს რუსეთთან ურთიერთობების განსხვავებული ხედვა - აქ იგულისხმება არა სავაჭრო და კულტურულ-საზოგადოებრივი ურთიერთობების გაღრმავება, არამედ პოლიტიკური კურსი. ამავე დროს, კახა გოგოლაშვილის სიტყვებით, საქართველოსთან დასავლეთისა და განსაკუთრებით აშშ-ის ურთიერთობაზე გავლენის მომხდენი იქნება ქვეყნის შიგნით სტაბილურობის ფაქტორი:
ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მცდელობას, გააუმჯობესოს საქართველოს ურთიერთობა ყველა მეზობელთან ...
ერიკ რუბინი

”თუ, ვთქვათ, ქვეყანაში სტაბილიზაციის ნიშნები დაიკარგა და ქვეყანა გარკვეული პოლიტიკური დესტაბილიზაციის გზას დაადგა, შეერთებული შტატები თავს შეიკავებს სერიოზული დახმარებისგან და იქნება ისეთ პირობითობაზე ფოკუსირებული, რომელიც ქვეყანას ისევ ნორმალურ კალაპოტში ჩააყენებს”.

საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის დარეგულირების წინააღმდეგი არც შეერთებული შტატებია. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოდგილემ ევროპასა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინმა საქართველოში 29 ნოემბერს პრესკონფერენციაზეც განაცხადა:

”ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მცდელობას, გააუმჯობესოს საქართველოს ურთიერთობა ყველა მეზობელთან. ჩვენ გვჯერა, რომ კარგი ურთიერთობა ყველა მეზობელთან სწორი პოლიტიკის ნაწილია. ერთ მეზობელთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ მოდის წინააღმდეგობაში მეორე მეზობელთან ურთიერთობასთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია არ შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ საქართველოსა და მის მეზობლებს შუა აღმოვჩნდეთ. ეს ნამდვილად არ გვინდა”.

და მაინც, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების სამომავლო პოლიტიკური ფორმატი ანალიტიკოსებისთვის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის უცვლელობაში დასარწმუნებლად, თუმცა ჯერჯერობით ურთიერთობათა ფორმატი არ სცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობათა საკითხებში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილის შეხვედრის ფორმატს. შეგახსენებთ, რომ პირველი ასეთი შეხვედრა ჟენევაში 14 დეკემბერს შედგა. წინასწარი შეთანხმებით, შეხვედრები, საჭიროებისამებრ, 2 თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG