Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადლენ პერუ


მადლენ პერუ
მადლენ პერუ
დედოფალი სვინგისა, სოულისა, ყოვლისა ბლუზისა და ჯაზისა - ამ ტიტულით დაიმკვიდრა „ლეიდი დეიმ“ თავი ისტორიაში. ჩვენი დღევანდელი გმირი კი მოკლებულია მსგავს მონარქიულ რეგალიებს, თუმცა ამერიკაში თანამედროვეობის ბილი ჰოლიდეიდ მაინც მოიხსენიებენ. არა იმიტომ, რომ ელეონორას დარად საროსკიპოებში გაიზარდა, სასმელსა და ნარკოტიკებს ეტანებოდა. აწეწილი ცხოვრება აქვსო - ამასაც ვერ დააბრალებ. მის უდიდებულესობასთან შედარება ცოტა არ იყოს გაზვიადებულიცაა, მე რომ მკითხო - მკრეხელურიც კი. მაგრამ ხრინწნარევი ხმა მიუგავს, ეროტიზმითა და მელანქოლიით ერთდროულადაა გაჯერებული. მას მადლენ პერუ ჰქვია. ჰოდა, რახან არც პრინცესაა და არც დედოფალი, შინაურულად მოვიხსენიებ როგორც „მადის“.



მადიმ ბავშვობა ნიუ-იორკში გაატარა. როგორც თავად იგონებს, მშობლებში ძალიან გაუმართლა - ნამდვილი ჰიპები იყვნენო. მამა შვილის მუსიკალურ გემოვნებას პატარაობიდანვე დაჰფოფინებდა: ბილი ჰოლიდეის, ბესი სმითის, ლეონარდ კოენისა და ბობ დილანის სიმღერებს ასმენინებდა. დედა კი გოგონას პრაქტიკული წვრთნით გახლდათ დაკავებული - უკელელეზე დაკვრას ასწავლიდა. 13 წლის რომ შეიქნა, მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ და დედასთან ერთად პარიზში, ისტორიულ სამშობლოში გაემგზავრა. პარიზი კი, მოგეხსენებათ, ის ქალაქია, თავს რომ დაგახატვინებს ან გულში მაინც აგამღერებს. ჰოდა, მადიმ სამხატვრო კოლეჯში ჩააბარა. საქმე არცთუ ურიგოდ გამოდიოდა. თუმცა ერთხელ სენას მარცხენა სანაპიროზე, „ლათინური კვარტალის“ ქუჩაბანდებში სეირნობისას ჭკუამხიარულ თავყრილობას გადაეყარა. სორბონას უნივერსიტეტის სტუდენტები ბრძანდებოდნენ, რომელთაც ქუჩის მუსიკოსობით გაჰქონდათ თავი. ვოკალისტი არ ჰყავდათ და მაგრად იგრიხებოდნენ. 15 წლის მადიმ ხატვა მიაგდო და ბენდთან ერთად ხეტიალი არჩია, რაც მალევე აისახა ქუდში მოჩხრიალე მონეტების სიუხვეზე.



ბიოგრაფიული ჟანრის საუკეთესო ტრადიციები ახლა ეპიზოდური პერსონაჟის გამოჩენას მოითხოვს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ხოლმე დამწყები მუსიკოსის კარიერულ წინსვლაში. მსგავსი ისტორიები თუ რომანტიკულ შტრიხებსაც შეიცავს, მით უფრო ტკბილად სასმენია. მით უმეტეს, თუ მოქმედება პარიზში ხდება. მაგალითად, ასეთი: ამან და ამან ერთ წვიმიან საღამოს მონმარტრის რომელიღაც კაფეში უცნობი გოგონას ნამღერს მოუსმინა, ჭკუიდან შეიშალა და ალბომის ჩაწერა შესთავაზა. ბევრი ვეძებე, მაგრამ ამ მითიური პატრონ-მყვარებლის არსებობა ვერ დავადგინე, ამიტომ ეგრევე მადის პირველ ალბომზე გადავალ, რომელიც 1996 წელს ამერიკაში გამოიცა. სადებიუტო ნამუშევარი “Dreamland” საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. მადიმ 30-იანი წლების პარიზი გააცოცხლა, ჩვენმა ერთმა საერთო ნაცნობმა „განუყრელი დღესასწაული“ რომ უწოდა. კრიტიკოსებმა ქება-დიდება არ დაიშურეს და მადისეული სასიმღერო მანერა ჯაზ-შანსონად შერაცხეს.



სხვადასხვა ინტერვიუში მადი ხშირად საუბრობს გენდერულ თანასწორობაზე, ოჯახური ძალადობისა და ტრეფიკინგის პრობლემებზე. თუმცა გავეშებული ფემინისტიაო ვერ იტყვი - ფემინისტური პოეზიის საღამოებზე არ გახლავთ შემჩნეული, არც წელზევით გაშიშვლებით გამოუჩენია თავი. ზოგჯერ კოლეგა მამაკაცებს გადასწვდება ხოლმე და მათ მასკულინურ ვნებებს აქილიკებს. მაგალითად, ერთხანს მიკ ჯაგერი ამოიჩემა, თავდაჯერებულ მაჩოდ და კომპლექსიან კაცუნად დაახასიათა, პრინცი ჩარლზი კი უსულო ბერძნულ ქანდაკებას შეადარა. ამათი სინსილა რომ გაწყვიტა, პოლიტიკოსებსაც მისდგა. თეთრ სახლში პრეზიდენტის მიღებაზე სახელდახელო კონცერტი იგეგმებოდა, სადაც სხვა მუსიკოსებთან ერთად მადიც მიიწვიეს. უმცროს ბუშს უარი ერთ-ერთი ტელეშოუდან შეუთვალა, მშობელი დედის არცთუ კორექტული მოხსენიებით.



დაბოლოს, კვლავ მუსიკას დავუბრუნდები. გამორჩეულად საყვარელი სიმღერების ქავერებს გულისფანცქალით ვისმენ ხოლმე - ვაიდა, ვინმემ არ მიჰქაროს, უკადრებელი არ იკადროს და წაახდინოს-მეთქი. ამჯერად კი ლეონარდ კოენის ერთ სიმღერას გავიხსენებ, რომელიც ავტორმა ერთ კონკრეტულ შემთხვევას, უცნობ ებრაელ მევიოლინეს მიუძღვნა, საკონცენტრაციო ბანაკში გაზის კამერისკენ მიმავალ განწირულ მეგობრებს რომ ამხნევებდა. განადგურების, სიკვდილის თემით ნასაზრდოები სიმღერა მადიმ სიცოცხლისა და სიყვარულის ბალადად აქცია. ალბათ, არცაა გასაკვირი, ასეც უნდა იყოს, ცხოვრება ხომ გრძელდება!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG