Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გაბუნიას კრიმინალური ქრონიკები


თანამედროვე ქართული დრამატურგია მრავალფეროვნებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის და ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მთავარი ალბათ ისაა, რომ კარგი ქართველი მწერლები იშვიათად ცდილობენ სცენისთვის ნაწარმოებების შექმნას, და ესეც თეატრებსა და მწერლებს შორის არასაკმარისი კონტაქტით შეიძლება ავხსნათ, ვინაიდან წმინდა წყლის დრამატურგებად ათასში ერთხელ იბადებიან, და ავტორს თავად თეატრმა თუ არ გაუჩინა სურვილი, არ დაავალა, მეტიც, არ დააძალა მისთვის მუშაობა, მწერალს ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ერთხელაც არ მოუვიდეს აზრად, რომ მას პიესის დაწერაც შეუძლია, არადა, რეალურად შესაძლოა ამის მშვენიერი პოტენცია ჰქონდეს. თუმცა ახალი თაობის დრამატურგებს შორის არის რამდენიმე საბედნიერო გამონაკლისი, და დღეს ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებთ: დავით გაბუნიაზე. მან პოეზიით დაიწყო, წერს მოთხრობებსაც, ინტენსიურად თარგმნის ინგლისურიდან და შვედურიდან, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც თეატრალურ სივრცეში იპოვა თავი და რაც მთავარია, თეატრალურმა სივრცემაც იპოვა იგი.

სულ სხვა გრძნობაა, როდესაც წერ პიესას, რომელიც იდგმება და მერე ყოველდღე სპექტაკლზე მიხვიდე და დაინახო, თუ როგორ იგება ეს შინაარსი მსახიობების დახმარებით და გავლით და მერე როგორი რეაქცია აქვს დარბაზს...
დავით გაბუნია

დავით გაბუნია წლევანდელი „საბას“ ლაურეატია დრამატურგიის ნომინაციით და სამადლობელ სიტყვაში მან კონკრეტული რეჟისორი, დათა თავაძე და კონკრეტული თეატრი - სამეფო უბნის თეატრი - აღნიშნა, რომელთაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს მის გადრამატურგებაში. თუკი ასეთი პრეცედენტები მეტი იქნება, ქართული თეატრიც და დრამატურგიაც უეჭველად მოიგებს.

როგორ მივიდა იგი დრამატურგიამდე? პირველი ეს ვკითხეთ ჩვენ მას.

დავით გაბუნია: „მე ყოველთვის მაინტერესებდა ის, რომ მქონოდა უკუკავშირი ადამიანებისგან და მენახა, თუ რა რეაქციას ახდენს ის, რასაც წერ. სულ სხვა გრძნობაა, როდესაც წერ პიესას, რომელიც იდგმება და მერე ყოველდღე სპექტაკლზე მიხვიდე და დაინახო, თუ როგორ იგება ეს შინაარსი მსახიობების დახმარებით და გავლით და მერე როგორი რეაქცია აქვს დარბაზს. ეს არის ძალიან სასიამოვნო და ზოგჯერ უსიამოვნო გრძნობა, როცა არ გამოდის კარგი სპექტაკლი“.

ახლა რაც შეეხება პრემირებულ წიგნს. იგი „დიოგენემ“ გამოსცა 2013 წელს და მასში ოთხი პიესაა შესული. ეს გაბუნიას მეორე კრებულია. პირველი 2010 წელს „სიესტამ“ დაბეჭდა და უნდა ითქვას, რომ ამ ორ კრებულში შესული პიესები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველში ავტორი პარალელურ, ალტერნატიულ სამყაროებს ქმნის, მწერლური ფანტაზია ბოლომდეა მიშვებული. მაგალითად, „საპნის ოპუსში“ მეორე მსოფლიო ომი გერმანიას აქვს მოგებული, სტალინი დატყვევებულია, გერმანელები ქართველი მამაკაცების ქონისგან საპონს აკეთებენ, ქალებზე კი არიული რასის გამოსაყვანად გინეკოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებენ. ქალების პროტესტი კი იმაში გამოიხატება, რომ მამაკაცების ქონისაგან დამზადებულ საპონს ტანის დასაბანად არ იყენებენ. „სხვისი შვილებიც“ გინეკოლოგიურ თემას ეხება, და აქ ბავშვის დაბადების წესები სრულიად შეცვლილია: ადამიანს ნაყოფის მხოლოდ ერთი მერვედის ტარება შეუძლია, ამიტომ გამრავლებისთვის ოთხი წყვილია საჭირო. სახელგანთქმული საბჭოთა გინეკოლოგი სიმონ ჩაჩავა აქ ქალღმერთად (დიახ, ქალღმერთად!) გვევლინება, რომელიც ჩვილის გაჩენილ რვა ნაწილს სასწაულებრივად აერთიანებს და უნაკლო ზე-ბავშვს იღებს ხოლმე. ორივე პიესა ისეთი ტოტალიტარიზმის ჩვენების ცდაა, როდესაც თვით ადამიანის დაბადების წესების განმკარგველი რეჟიმი ხდება. ამ ფანტასმაგორიულ, ანტიუტოპიურ გარემოს დავით გაბუნია ძველი თეატრალური ხერხების მოშველიებით ქმნის: ერთგვარი გააზრებული თეატრალური პათოსით, ზენა ძალებით, ქოროს შემოყვანით... აი, მეორე კრებული კი, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი დღევანდელი კრიმინალური ქრონიკების სასცენო ვარიაციებია, მთელი თავისი რეალიზმით თუ ნატურალიზმით.

რატომ მოხდა ასე? ამაზე პასუხს კვლავ ავტორი იძლევა.

დავით გაბუნია
დავით გაბუნია

დავით გაბუნია: „სულ თავიდან, ალბათ, როგორც ბევრ ახალგაზრდა ლიტერატორს ემართება, გინდა რომ შენს ნებისმიერ ტექსტში ჩანდეს ყველაფერი, რაც წაგიკითხავს, გამოავლინო ყველაფერი, რაც შეგიძლია, და ჩადო იქ ათასი ციტატა, თავი მოიწონო, იკეკლუცო. და მე ვამჩნევ საკუთარ თავს ამას, ასე იყო ყოველ შემთხვევაში თავიდან, ჩემი პირველი პიესები აბსტრაგირებული იყო, რადგან როგორც ყველას, მეც თავიდან მეშინოდა ბანალურობის. ახლა უკვე ამის აღარ მეშინია და პირიქით მგონია, რომ რაც უფრო ყოფითია ტექსტი, რაც უფრო სადაა და მარტივია ფორმის მხრივ, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის. სათქმელიც თუ ფორმაც დღევანდელ თეატრს სჭირდება ძალიან პირდაპირი“.

პიესაში „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“ ომია პერსონაჟების ხასიათების და ქმედებების კატალიზატორი. ერთ მხარეს დგას საქმოსანი მამა, რომელიც პატრიოტიზმითაა შემართული და სურს, ასეთივე იყოს მისი შვილი, მეორე მხარეს კი დეზერტირი შვილი თავისი დეზერტირი მეგობრებით, რომლებიც ერთ ბინაში შემალულან და ქვეყნიდან გაღწევას ცდილობენ. რათა საქმოსან მამას საჭირო თანხა გამოსძალონ, სურთ გაათამაშონ მისი ქალიშვილის, ანუ დეზერტირი ვაჟის დის გატაცების სცენა, მაგრამ გოგო ამის წინააღმდეგია. ამიტომ მეგობრებს მასზე ძალადობა უწევთ, ხოლო საბოლოოდ შემოაკვდებათ კიდეც. პიესაში „HOLAND HOLAND” პროვინციული, გარეგნულად ბედნიერი ოჯახის მწარე რეალობაა ნაჩვენები, რაც ჯერ ცოლის მიერ ქმრის წარმოსახვითი მოწამვლით იწყება და საბოლოოდ ქმრის რეალური თვითმკვლელობით სრულდება, ანუ პიესის სათაურად დაკიდული ჰოლანდიური თოფი „HOLAND HOLAND”-ი ჩეხოვის წესების მიხედვით ფინალისკენ გაისვრის. პიესა „ლავინიას ყურებს“ შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსთან“ მივყავართ. შექსპირთან ტიტუს ანდრონიკუსის ქალიშვილს, ლავინიას ენას აჭრიან, ამ პატარა პიესაში კი ქმარი, რომლის საქმეც მოჩხუბარი ძაღლების ბიზნესია, ცოლს ამერიკულ პიტბულს ჩუქნის, რომელსაც ცოლი რატომღაც ლავინიას არქმევს. მას წესით, საჭიროა ყურები დააჭრან, მაგრამ ქმარი, თითქოსდა თავისი კეთილი ხასიათიდან გამომდინარე, ამას არ აკეთებს. ენის მოჭრის ყურების არდაჭრით შეცვლის სიმბოლიკა ცოტა ბუნდოვანია, ისევე როგორც შექსპირის პერსონაჟის ძაღლად ქცევის მოტივი, თუმცა მთავარი აქ ფინალია, სადაც ცოლი მის მიერ დამზადებულ კექსს ურიგებს მაყურებელს და ბოლოს აღმოჩნდება, რომ კექსში ქიშმიშის ნაცვლად მას მოკლული ქმრის ტკბილი ხორცი აქვს ჩადებული. სახე ცოლისა, რომელიც მოძალადე ქმარს ასე სასტიკად უსწორდება, სხვა თანამედროვე პიესაშიცაა ნაჩვენები. ერეკლე დეისაძის „გემრიელად მიირთვით“ ოდნავ მოგვიანებით დაიწერა და უკვე დაიდგა კიდეც. ამ მონოპიესაში მეხინკლე ქალი ხინკალს ამზადებს და თან თავის მძიმე ოჯახურ ისტორიას ყვება. და ზუსტად ისე, როგორც დავით გაბუნიასთანაა, ფინალში, როცა მაყურებელს მის მიერ მომზადებული ხინკლით გაუმასპინძლდება, ირკვევა, რომ იგი მოკლული მოძალადე ქმრის ხორცისგანა აქვს დამზადებული. ასეთი ზუსტი დამთხვევები ყოველთვის ეჭვებს ბადებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ საეჭვო არაფერია: უბრალოდ, ის აგრესია, რაც ჰაერში ტრიალებდა, და რამაც დღეს უკვე შემზარავი სახე მიიღო, ჩემი აზრით, მწერლებმა ცოტა ადრე იგრძნეს და ამ თავიანთი „სისასტიკის თეატრით“ სცადეს რეაგირება. მეოთხე პიესა „თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული“ კიდევ ერთი კრიმინალური ისტორიაა, რომელსაც დედა და ორი ქალიშვილი სჩადიან დედის თურქი ქმრის მიმართ, რათა მის სახლში მდგომარეობა არ დაკარგონ.

ცხოვრება გაცილებით, პარადოქსულად რეალისტურია და თან დაუჯერებელი. ამ ცხოვრებაში რაც ხდება ის გაცილებით შემზარავია ხოლმე ხშირად...
დავით გაბუნია

როგორც ხედავთ, ამ პიესების სიუჟეტები არ გამოირჩევა განსაკუთრებული ორიგინალურობით. ისინი დღევანდელი რეალობიდანაა წამოღებული და აგრესიის სხვადასხვა ფორმას გვაჩვენებს. და ყველგან ფიგურირებს გენდერული უთანასწორობის თემა. ქალები ზოგან სრულიად დაუცველნი არიან, ზოგან წარმოსახვაში მაინც ცდილობენ წინააღმდეგობის გაწევას, ზოგან კი სასოწარკვეთილებას ისინი თავად მიყავს აგრესიამდე. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ავტორის პირველ და მეორე კრებულს შორის ერთადერთი საერთო რაც არის, სწორედ ფემინური პრობლემატიკის ირგვლივ ტრიალია. რომ შევაჯამოთ, შეიძლება ითქვას, რომ დავით გაბუნიას დრამატურგიული პოტენციალი კარგად გამოჩნდა მის პირველ წიგნში. მეორეში მან ვექტორი შეცვალა და სხვანაირი პიესების დაწერა სცადა. დარწმუნებული ვარ, ექსპერიმენტირება და ახალი დრამატურგიული ხერხების ძიება გაგრძელდება. რაც მთავარია, მის ტექსტებში ყველგან ჩანს, რომ ის კარგად გრძნობს სცენას და იცის, როგორ შეიძლება ცხოვრება აქციოს თეატრად.

რას ველოდოთ ავტორისგან სამომავლოდ?

დავით გაბუნია: „ვფიქრობ, როგორ გავაკეთო შემდეგ პიესებში ისე, რომ უფრო მეტად ყოფითი იყოს, რაღაცნაირად ჰიპერრეალისტური, იმდენად რეალისტური, რომ დამაჯერებელი აღარ იყოს: კარგი ახლა, სად ხდება ცხოვრებაში ასე... არადა, ცხოვრება გაცილებით, პარადოქსულად რეალისტურია და თან დაუჯერებელი. ამ ცხოვრებაში რაც ხდება ის გაცილებით შემზარავია ხოლმე ხშირად“.

XS
SM
MD
LG