Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“


ეს წიგნი ქართველ მკითხველს გამორჩა თავის დროზე, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ტირაჟით გამოიცა. მახსოვს, 1991 წელს ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებულ დიმიტრი თუმანიშვილის სტატიას უძღოდა ეპიგრაფად ციტატა ჰარპერ ლის ამ რომანიდან და სწორედ მაშინ შევიტყვე, რომ იგი ქართულადაც იყო თარგმნილი. შემდეგ გავარკვიე, რომ გამომცემლობა „აჭარას“ ორ წიგნად გაუყვია „ჯაფარა“ - პირველი 1985 წელს გამოუცია, მეორე კი 1986–ში. არადა, თავისუფლად შეიძლებოდა იგი ერთ - 300 გვერდიან - წიგნად დაბეჭდილიყო. ამის მიუხედავად, წიგნმა მაინც იპოვა თავისი ერთეული მკითხველი - ზოგმა დედანში წაიკითხა ან რუსულ თარგმანში, თუმცა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჰარპერ ლის ამ შედევრმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ჩვენს ქვეყანაში. სამწუხაროა, რომ 80-90-იან წლებში თითქმის არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია ამ რომანს. ერთი-ორ გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით (ლელა გაფრინდაშვილის და ლევან ლორთქიფანიძის სტატიებს), არც 2000–იანებში გახსენებია ვინმეს „ნუ მოკლავ ჯაფარას“.

ლელა დუმბაძის მიერ თარგმნილი „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ხელახლა გამოსცა „არეტემ“. გაჩნდა შანსი, დავუბრუნდეთ ამ წიგნს და ჩვენი ქვეყნის უკანასკნელი წლების გამოცდილების ფონზე წავიკითხოთ იგი. ვინ იცის, შეიძლება მხოლოდ ახლა დადგა ჩვენთვის ამ რომანის წაკითხვის დრო, გამოსვლიდან 53 წლის შემდეგ.

ჩემი სტუმარი ფილოსოფოსი არჩილ ჯინჭარაძეა, ვინც საუბრის დასაწყისიდანვე, რომანის სამხრეთულ ფესვებზე ლაპარაკისას, ძალაუნებურად გაგვახსენა ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულ თემები:
„კლასიკური სამხრეთული რომანია. სამხრეთული საზოგადოებით, სამხრეთული ცხოვრების სტილით, საზოგადოების მოწყობით, იერარქიულობით, ნათესაურ-თემობრივ-მეზობლური კავშირებით, უთანასწორობით და, შესაბამისად, უსამართლობითაც. და, აქედან გამომდინარე, რომანის ერთ-ერთი მთავარი თემა უსამართლობაა, რომელიც დანახულია ორი პატარა ბავშვის თვალით - უფრო, შეიძლება, ერთის თვალით - და ეს პოზიცია კიდევ უფრო აბსურდულს ხდის ამ უსამართლობას, რომელიც, საერთოდ, თავის ბუნებითაც, ალბათ, აბსურდულია“.

რომანის შინაარსი, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა იცის, ზოგს შეიძლება ფილმიც უნახავს, გრეგორი პეკით მთავარ როლში, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ მოქმედება ალაბამას შტატში ვითარდება დიდი დეპრესიის პერიოდში.

მაგრამ რომანის მთავარი იდეა, ალბათ, ის არის, რომ ეს წარმოდგენები, რომლებიც არსებობს, - და ხშირად წარმოდგენები ადამიანებზეც ვრცელდება, - არ არის მყარი და ისინი ხშირად იცვლება...
მთავარი გმირები ბავშვები არიან, რომელთა თვალთახედვაში ექცევა ამერიკის სამხრეთ შტატებისთვის დამახასიათებელი წარმოდგენები და ტრადიციები. რომანის ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენაა ტომ რობინსონის გასამართლება და მისი ტრაგიკული ბედი. იგი შავკანიანია და სწორედ ამიტომ, მიუხედავად ვექილის, ატიკუს ფინჩის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისა, მსაჯულები მაინც ერთხმად ადანაშაულებენ ტომ რობინსონს თეთრკანიანი გოგონას გაუპატიურებაში. ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო წინ აღდგომოდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის „მახინჯ მოსაზრებებს“ (როგორც ატიკუსი ახასიათებს მას), მათ ცრუწარმოდგენებს.

„მაგრამ რომანის მთავარი იდეა, ალბათ, ის არის, რომ ეს წარმოდგენები, რომლებიც არსებობს, - და ხშირად წარმოდგენები ადამიანებზეც ვრცელდება, - არ არის მყარი და ისინი ხშირად იცვლება. მე როგორც მახსოვს, რომანში რამდენჯერმეა სიტუაცია, როდესაც სკუტს, ანუ ჭყიტას, რომანის მთავარ გმირს, მიმართებები და წარმოდგენები კონკრეტულ ადამიანებზე ეცვლება. ის უსამართლობა, რომელიც ცენტრალურია ამ რომანში, სწორედ ამ წარმოდგენებზეა დამყარებული, რომლებიც რაღაცნაირად მოგვეცემა და ჩვენ მერე გვიჭირს მათი დანგრევა“.

ასე იცვლება რომანის ბოლოს პატარების აზრი რედლი ბუას შესახებ, რომელიც რეალურად მათ სიკვდილისგან იხსნის. ბავშვები იცვლიან აზრს მისის დუბოუზზეც, ვინც მანამდე ნამდვილ ალქაჯად წარმოუდგებოდათ. სხვანაირად ვხედავთ ფინალურ სცენაში შერიფსაც. განსაკუთრებით საყურადღებოა მისტერ რეიმონდის ამბავი, რომელზეც მთელი ოლქი ჭორაობს, რომელიც ბარბაცით დადის და ვისაც თურმე ცოლად შავკანიანი ქალი მოუყვანია. ყველა დარწმუნებულია, რომ მისტერ რეიმონდი ლოთია, თავად კი ასეთ რამეს ეუბნება სასამართლოდან დროებით გამოსულ პატარებს:

ამ პროცესში ხვდები, რომ ეს ბავშვები ყალიბდებიან პიროვნებებად. მთავარი მესიჯი ან იდეა, რაც სათაურშიც ჩანს, ეს არის შემდეგი: ნუ მოკლავ არა მარტო რაღაცას ან ვიღაცას, ვინც უდანაშაულოა და საერთოდ არაფერს აშავებს, არამედ ნუ მოკლავ შესაძლებლობას იმისა, რომ დაინახო ვიღაცაში ადამიანი და ღირსება...
„ზოგ ადამიანს... არ მოსწონს ჩემი ცხოვრების ნირი. მე ეგ სულ არ მანაღვლებს, მაგრამ არ ვამბობ იმ ხალხზე, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ-მეთქი, ოდნავადაც არ მანაღვლებს, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, მაგრამ, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ-მეთქი, მაინც არ ვამბობ. <...> იცით რა, ვცდილობ, სალაპარაკო საბაბი მივცე. ადამიანებს ძალიან უჭირთ, როცა არ იციან, რას მოეჭიდონ, ამიტომ საბაბს ვაძლევ... ცოტ-ცოტას ვბარბაცებ, თანაც, ამ ჩანთიდან ვწრუპავ (სხვათა შორის, კოკა-კოლას წრუპავს – მ.ხ.) ისე, რომ ხალხს შეეძლოს თქვას – რეიმონდ დოლფუსი ვისკის კლანჭებშია მოქცეული და იმიტომაც ვერ იცვლის ცხოვრების ნირსო“.

„ამ პროცესში ხვდები, რომ ეს ბავშვები ყალიბდებიან პიროვნებებად. მთავარი მესიჯი ან იდეა, რაც სათაურშიც ჩანს, ეს არის შემდეგი: ნუ მოკლავ არა მარტო რაღაცას ან ვიღაცას, ვინც უდანაშაულოა და საერთოდ არაფერს აშავებს, არამედ ნუ მოკლავ შესაძლებლობას იმისა, რომ დაინახო ვიღაცაში ადამიანი და ღირსება. შესაბამისად, ნუ მოკლავ ამ შესაძლებლობას, რომ თავად იყო ადამიანი. ამიტომ, ეს საკმაოდ ოპტიმისტური რომანია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დრამატულია, სადაც, ფაქტობრივად, ერთი კაცი უპირისპირდება მთელ საზოგადოებას, სადაც გამჯდარია ეს კლიშეები, სადაც გარკვეული პარალელები აუცილებლად გაჩნდება, როდესაც ხედავ როგორ მოქმედებს დაუწერელი კანონები დაწერილის წინააღმდეგ“.

არჩილ ჯინჭარაძის ამ სიტყვების მერე აუცილებლად უნდა დავიმოწმო რომანის ერთ-ერთი ცენტრალური სიტყვებიც, რომელიც ატიკუსმა უთხრა თავის ვაჟს, ჯემს, „ნურასდროს ნუ მოკლავ ჯაფარას. ეს ცოდვაა“, და რომელსაც მის მოდიმ შემდეგნაირი ინტერპრეტაცია მისცა ჭყიტასთან საუბრისას: „ერთადერთი, რასაც ჯაფარა შვრება, ისაა, რომ მღერის და გვართობს. ის არც ბაღ–ბოსტნებს გვიჩანაგებს, არც კალოსთან იბუდებს, ცუდს არაფერს სჩადის და ადამიანს არაფერს უშავებს, მხოლოდ გალობს და გალობს და გალობით გვატკბობს. აი, რატომაა ცოდვა ჯაფარას მოკვლა“.

სხვათა შორის, ჯაფარა რომანის ბოლოსაც გალობს, ბოლო, უმნიშვნელოვანესი სცენის წინ, რომელიც ნამდვილი დიდოსტატის დაწერილია. გაუცნაურების ხერხებით აგებული ეს უბრწყინვალესი სცენა (თავდასხმის სცენა) ერთ-ერთი გამორჩეულია ამერიკული პროზის ისტორიაში. ასევე შეუძლებელია დაივიწყო რომანის ბოლოს ხელიხელჩაკიდებული ჭყიტა და რედლი ბუა და მთხრობელის ეს სიტყვები:

„როცა ოჯახში ვინმე კვდება, მეზობლებს საჭმელი მოაქვთ, როცა ვინმე ავად ხდება – ყვავილები ან წვრილმანი საჩუქრები. ბუა ჩვენი მეზობელი იყო, მან ორი საპნის თოჯინა, ძეწკვზე დაკიდებული მწყობრიდან გამოსული საათი, ორი ჯადოსნური პენიანი და... სიცოცხლე გვაჩუქა. ოღონდ მეზობლები საჩუქარს საჩუქრით უპასუხებენ ხოლმე, ჩვენ კი სანაცვლოდ არაფერი ჩაგვიდია ფუღუროში. ბუასთვის სიკეთე არ გადაგვიხდია და გული ნაღველით ამევსო...“.
XS
SM
MD
LG