„Old Ideas“ („ძველი იდეები“) - ასე ერქვა კანადელი პოეტის, მწერლის, მომღერლისა და სიმღერების ავტორის ლეონარდ კოენის ბოლო ალბომს, რომელიც 2012 წლის 31 იანვარს გამოიცა. მაშინ არტისტმა რვაწლიანი დუმილი დაარღვია, ბუდისტური ნირვანიდან გამოერკვა და მსმენელს ამ ხნის მანძილზე დაგროვილი განცდები გაუზიარა. არავის ეგონა, რომ ეს პროექტი ყურადღებას მიიქცევდა, რადგან, თანამედროვე შოუ-ბიზნესის კანონების წყალობით, მცირე პაუზაც კი სამუდამო მივიწყებისა და თვითმკვლელობის დიდ რისკს შეიცავს. ისიც სათქმელია, რომ დღეს მისი თაობის მრავალი არტისტი ახალგაზრდული პერიოდის დიდების ხარჯზე ცდილობს თავი გადაირჩინოს, ხოლო კანადელმა სწორედ სიცოცხლის ბოლოს მოიპოვა არნახული წარმატება. ალბომმა „ძველი იდეები“ „ბილბორდის“ ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა, რაც პირველად მოხდა მუსიკოსის 47-წლიანი კარიერის მანძილზე. ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ კოენის მიერ შემუშავებული მუსიკალური ხელწერა საოცრად სიცოცხლისუნარიანი და აქტუალური გამოდგა.
და აი, 1 სექტემბერს ლეონარდ კოენს 80 წელი შეუსრულდა, ხოლო სამი კვირის თავზე მსმენელს ახალი ალბომი „Popular Problems“ („პოპულარული პრობლემები“) შესთავაზა - 47-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე რიგით მეცამეტე სტუდიური ნამუშევარი.
მოგეხსენებათ, კანადელი დიდებულ კომპოზიტორთა რიგებში არ მოიაზრება და მიიჩნევა, რომ მისი სიმღერების მთავარი ხიბლი მხოლოდ პოეზიასა და თხრობის მანერაშია. თავადაც არასოდეს გაურბოდა პროფესიონალებთან თანამშრომლობას, რომლებიც, არანჟირებისა თუ პროდიუსინგის გარდა, მუსიკალური ქსოვილის შექმნაშიც დიდ მონაწილეობას იღებდნენ. ამ მხრივ, კოენის უცვლელი პარტნიორი შერონ რობინსონი გახლდათ, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ბექვოკალისტობას სიმღერების თანაავტორობასაც უთავსებდა, რასაც ჩინებულად ართმევდა თავს. ნათქვამის საილუსტრაციოდ, 2 ისეთი ნაწარმოების გახსენებაც საკმარისია, როგორებიცაა: "Everybody Knows" და "Waiting for the Miracle". 2001 წლის ალბომში „Ten New Songs“ კი ათივე სიმღერის კომპოზიტორად მოიხსენიება. რაც შეეხება „პოპულარული პრობლემებს“, ალბომის მუსიკალურ ნაწილზე ზრუნვა კოენმა ამერიკელი მომღერლის, მადონას, არაერთი ალბომის პროდიუსერს, პატრიკ ლეონარდს ანდო. თუმცა ამ უცნაურმა არჩევანმა არანაირი გავლენა არ იქონია კოენისეულ ხელწერაზე: კანადელი ჩვეულებისამებრ მშვიდია, მელანქოლიური, თვითირონიითა და ქარიზმით სავსე.
დიახ, დისკზე წარმოდგენილი სიმღერების მუსიკალურ ქსოვილსა და სტილისტიკაში ნოვაციური არაფერია - კოენის „ოქროს“ ტემბრი, ხრინწშეპარული მეტყველება, მარტივი ბლუზური ფორმები, ნელი, ჩატეხილი რიტმი, სასმენად საამო ქალთა გუნდის გალობა, მინიმალისტური არანჟირება და, რა თქმა უნდა, ლირიკაზე გაკეთებული აქცენტი - მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ლეონარდ კოენის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს და რის გამოც უყვართ კიდეც.
მოკლედ, „Popular Problems“ სასმენად საამო მელოდიებისა და ლექსების კრებულია, დიდებული საჩუქარი ლეონარდ კოენის სასიმღერო შემოქმედების თაყვანისმცელებისთვის, რომელთაც კანადელი კიდევ ერთ სიურპიზს ჰპირდება - კიდევ ერთ ახალ ალბომს, სახელწოდებით „Unpopular Solutions“.