”არ ვფიქრობ, რომ ახლო მომავალში საქართველოში გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა დაივიწყონ, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ რუსეთში არ გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ არ ვიყავით მართალნი”, - განაცხადა ტელეკომპანია RTVI-სთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სერგეი ლავროვმა ორი ქვეყნის ურთიერთობის დაძაბვასა და საქართველოში ანტირუსული განწყობის გაღვივებაში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა. ლავროვის მტკიცებით, 2008 წლის აგვისტოში მოსკოვი არც კი ფიქრობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რადგან მისი მიზანი მხოლოდ სისხლისღვრის შეჩერება იყო და აღიარება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა რევანშისტული პოზიცია აირჩია და უარი თქვა რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების წინადადებაზე, დაწყებულიყო საერთაშორისო დისკუსია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე. რაც შეეხება საქართველოს ახალ მთავრობას, ლავროვის განცხადებით, რუსეთი კმაყოფილია თბილისის ამჟამინდელი პრაგმატული მიდგომით და მზად არის საქართველოსთან განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეუძლებელი უწოდა იმას, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ვითარება ომამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. ”როდესაც ამერიკელები გვთავაზობენ, რომ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის კონტექსტში ჩავწეროთ 2008 წლის აგვისტომდე არსებული საზღვრების პატივისცემის აუცილებლობა, ჩვენი პასუხია, რომ შეუძლიათ არ დაგვეთანხმონ, მაგრამ ეს რუსეთის პრეზიდენტის და ხელისუფლების გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1