ამ დღეებში მთელი მსოფლიო აღნიშნავს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავს. როგორც ცნობილია, ეს იყო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელი ომი - კატასტროფა, რომელმაც ათობით მილიონი ადამიანი შეიწირა. მათ შორის არის ათიათასობით ქართველი. მონაცემები სხვადასხვაგვარია, 79 500-დან 300 000-მდე მერყეობს. რამდენიც უნდა დაღუპულიყო, ეს ადამიანები, მათი ხსოვნა, ბუნებრივია, პატივისცემას იმსახურებს. ეს ერთი ამბავია. მაგრამ მეორეა - რა ვიცით ამ ომზე. და რა ვიცით კაცზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სადავო ისტორიული ფიგურაა: რა ვიცით სტალინზე? ამ საკითხებზე საუბარი ვთხოვე საფრანგეთში მოღვაწე ჟურნალისტს, ლაშა ოთხმეზურს, რომელიც არის თანაავტორი წიგნისა: „ჟუკოვი. კაცი, რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა“. ბატონ ლაშასთან საუბარი დავიწყე თხოვნით, როგორც სამხედრო ისტორიაზე სტატიებისა და წიგნის ავტორს, შეეფასებინა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე.