Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონობით მაწყევარი


ეს სიტყვები ადრეც ამკვიატებია, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ხურვალეთამდე გამოჭიმა „სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკა“, თავში სულ ნოდარ დუმბაძის გმირის რიტორიკული ფრაზა მიტრიალებს: „რაც მე ჰიტლერს ვწყევლი, კიდევ როგორ არის ცოცხალი?!“

ჩასვით „ჰიტლერის“ მაგივრად „პუტინი“ და დარჩენილი საქართველოს მასშტაბით სამ მილიონ მწყევლელს, ხოლო უკრაინის და სხვების ჩათვლით, სულ ცოტა, მის ორმოცდაათ მილიონამდე მაწყევარს მიიღებთ. დავუმატოთ ამას თავად ანტი-პუტინისტური რუსეთის თოთხმეტი პროცენტიც და მივხვდებით, რომ შთამბეჭდავ ძალასთან გვქონია საქმე.

დარწმუნებული ვარ, მას ისეთი „ირიბი პუტინისტებიც“ წყევლიან, როგორიც სულ ახლახან მოსკოვში წასული (ოღონდ კაცმა არ იცის, ვისი სახელით მოლაპარაკე), ქართული პოლიტიკის ხუთპროცენტიანი დედოფალი და მთელი ეს ქსენოფობიურ-ფაშისტოიდური შპანა, „ასავალ-დასავლები“ და მისთანებია… პირველი, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ საკმარის ფულს და გარანტიებს ვერ იღებს კრემლის „შაჰ-აბასისგან“, ხოლო მეორენი იმის გამო, რომ კრემლმა როგორღაც ჯერაც ბოლომდე ვერ მოსპო მათი უიღბლობისა და უბედურების მთავარი მიზეზი – დამოუკიდებელი საქართველო.

საზღვრები „მარტო“ ქართლში არაა გადმოწეული. კრემლის „ბანერები“ შუაგულ თბილისში, ამათ ოფისებში, ტელევიზიებში და გაზეთებშიც მყარად არის ჩაბეტონებული.

თუმცა ასეთებს რამდენი ფულიც უნდა მისცე და რამდენჯერაც უნდა დაუბომბო ქვეყანა, მაინც მეტი და მეტი უნდებათ: „კიდევ გადმოწიე საზღვარი, კიდევ დაგვბომბე, კიდევ უფრო მეტი დაგვარჭე, უფრო მოგვაწექი…“

ვუსმენ ჩემი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებებს და ისეთი განცდა მაქვს, რომ მტრების წყევლის გარდა აღარც არაფერი დაგვრჩენია: შერიგების მინისტრის განცხადებები, ზოგჯერ, საწყალი ნოე ჟორდანიას სიტყვებს მაგონებს: აჰ, ლენინი როგორ მომატყუებდაო… ხოლო მილის გადმოწევის ბრძნული გამოსავალი მხოლოდ დიდი ტაქტიკოსის თავში თუ დაიბადებოდა… ერთი ესაა, BP კი გადმოწევს მილს, მაგრამ ჩვენ სადღა ჩავიჩოჩოთ?!

განა ბრძოლას და ომობანას ვითხოვ (ან რა აზრი აქვს! ჯერ ერთი, ფიზიკური ძალით ყოველთვის დაგვჯაბნიან და, მეორეც, ოთხჯერ რომ ვიომეთ, მოვიგეთ რამე?), მაგრამ ეს კი მაინც მაოგნებს, რატომ ვერ ვხედავ ჩვენი უნიჭო მთავრობის აქტიურობას? რატომ არ ჩადის ეს ხალხი ყოველდღიურად (!) ე.წ. „საზღვრისპირა რეგიონებში“? რატომ არ გაჰყვირიან ყველგან „საზღვრების“ შესახებ? ან ეს მუდმივ ნირვანაში მყოფი ქართული საელჩოები რით არიან დაკავებული? თითს არ გაანძრევენ, ოღონდ კი „დასჯადი“ და „შენიშვნადი“ ინიციატივა არ გამოუვიდეთ რამენაირად.

ოკუპაციასთან ბრძოლა ყოველდღიური საქმიანობაა.

ყოველდღიური, ორმოცწლიანი საქმიანობის შედეგი იყო გაყოფილი გერმანიის გაერთიანება და შუა ბერლინში აშენებული კედლის დაშლა: საბჭოთა რუსეთს, ფაქტობრივად, თავად მოუხდა მთელ ბერლინზე გადაჭიმული კედლის დანგრევა.

ოდესღაც იქაც მავთულხლართები ჰქონდათ გაბმული, მაგრამ დღეს ჩვეულებრივი და ლამაზი ბერლინური ქუჩებია: აქ აღარც საბჭოთა კავშირია ახლა და აღარც არავის ეშინია, რომ მოულოდნელად ვიღაცას „საბჭოთა ბლოკში“ გადაიტაცებენ (როგორც ქართლის სოფლებში შვრებიან ახლა).

თუმცა ეს დაუღალავი, მშვიდი და თანმიმდევრული შრომის შედეგად მოხდა.

ჩვენც ასე გვმართებს, რადგან სხვა გზა არა გვაქვს.

იმპერიები დაქცეულან, ხოლო საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება.

მახსოვს, ერთმა მხცოვანმა პოეტმა მითხრა ოდესღაც: „კარგი, რა... სტალინიც არ ყოფილა სულ“.

„ც“ და „სულ“ ამ წინადადებაში ძალიან მნიშვნელოვანია...

  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG